შავი ფეხი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ხშირად ნერგების კვდომას იწვევს. ის ფესვების ყელის გაშავებით ან ლპობით, აღმონაცენების ჩაწოლით ვლინდება.
შაავი ფეხი აღმონაცენებს თესლის გაღვივების დაწყებიდან 2-3 ნამდვილი ფოთლის გაჩენამდე აინფიცირებს. მცენარის ფესვების ყელი მუქდება, ღეროს ქვედა ნაწილი შავდება. მაღალი ტენიანობის პირობებში უკვე 4-6 დღეში დაავადებული ღეროს გაშავებული ნაწილი რბილდება და ტყდება. სწორედ ამიტომ დაავადებამ ასეთი სახელი მიიღო.
დაავადების პათოგენებია სოკოები (ხშირად Olpidium და Pythium), რომლებიც ნიადაგის ზედაპირულ ფენებში არსებობენ. ისინი მცენარის მკვდარი ქსოვილებით იკვებებიან, მაგრამ მაღალი ტენიანობის პირობებში ფესვებთან და ფესვების ყელთან შეხებისას ცოცხალ მცენარეებზე გადადიან.
როგორც წესი, პრობლემის წყარო მიწაში იმალება. გარდა ამისა, შავი ფეხის განვითარებას ხელს უწყობს მჭიდროდ დარგვა, ჭარბი მორწყვა, ცუდი ვენტილაცია, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები და ნიადაგის ტენიანობა.
დაავადების განვითარება მაღალი ტემპერატურის და ნათესარის არასაკმარისად განიავების პირობებში ჩქარდება. შავი ფეხი სუსტ ნათესარზე ჩნდება, ამიტომ მორწყვის რეჟიმის დაცვა და რეგულარულად განივავება აუცილებელია. ძლიერი სახეობის, ხარისხიანი თესლის შეძენა დაგეხმარებათ.
როგორ დავიცვათ ნერგები შავი ფეხისგან
ჯანსაღი და ძლიერი ნერგი რომ მიიღოთ, თესლი ძალიან ადრე არ დათესოთ, რადგან ცივ ფანჯარასთან, არასაკმარისი განათების პირობებში კვირტები სწრაფად ჭკნება, სუსტდება და სხვადასხვა დაავადებისთვის ადვილი ლუკმა გახდება.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ტორფის ტაბლეტებში ნათესარები შავი ფეხით პრაქტიკულად არ ავადდება. ტაბლეტები სტერილურია და ფუნგიციდებით გაჟღენთილია. ამ მეთოდის დარგვისას ნათესარებს არ ამაგრებენ, არამედ ტაბლეტებთან ერთად ქოთანში რგავენ.
ბაღში ყვავილებისა და ბოსტნეულის ნერგებისთვის მიწა კარგად უნდა დაორთქლოთ. მოსახერხებელი მეთოდი – ნიადაგი საწურში ჩაყარეთ და ¼ წყლით სავსე დიდ ქვაბზე დადეთ. ცეცხლზე დადგით და 10-15 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ დაახლოებით 2 კვირა ნიადაგი დაასვენეთ. ამ დროში მასში სასარგებლო მიკროელემენტები გაიღვიძებს. თუ ამის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ნებისმიერი ემ-პრეპარატის ხსნარით მორწყათ.
ნერგებისთვის ნაყიდ მიწას დაორთქვლა არ სჭირდება: ტორფი, რომლისგანაც ის მზადდება, სტერილურია. მართალია, ნელა მზარდი ნერგები (მაგალითად, სალბი, ბეგონია, ლობელია) შეიძლება დააზიანოს სოკოვანი კოღოების ლარვებმა, რომლებიც ტორფის სუბსტრატების პაკეტებში ხშირად ხვდებიან. სწორედ ამიტომ, სჯობს ნაყიდი მიწაც მინიმუმ 5 წუთით დაორთქლოთ, რომ მწერები გაანადგუროთ.
შავი ფეხის პროფილაქტიკა
დაავადების განვითარება შეგიძლიათ გარკვეული ზომების მიხედვით თავიდან აიცილოთ:
- ნიადაგი დარგვის წინ დაორთქლეთ.
- ნერგებისთვის განკუთვნილი მიწა კალიუმის პერმანგანატის ხსნარით დაამუშავეთ (3 გრ 10 ლ წყალზე).
დიდი რაოდენობით დათესვის შემთხვევაში ნიადაგს დაუმატეთ ტრიქოდერმინი (მწარმოებლის ინსტრუქციით). ტრიქოდერმინი – ბიოლოგიური საშუალება ოთახის და დეკორატიული მცენარეების ფესვების ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ნიადაგში შეყვანისას და შემდგომი განვითარებისას 60-მდე სახეობის ნიადაგის პათოგენს ანადგურებს, რომლებიც ნიადაგს აინფიცირებენ და ფესვების ლპობას იწვევენ.
- დარგვის წინ თესლები დაამუშავეთ. მარლის ტომარაში მოათავსეთ და ნებისმიერი ფუნგიციდის (მაქსიმი, ფიტოსპორტინი-მ, ვიტაროსი) ხსნარში ინსტრუქციის მიხედვით ჩაალბეთ. შეგიძლიათ კალიუმის პერმანგანატის მუქ ვარდისფერ ხსნარში 20-30 წუთით ჩაალბოთ. ამის შემდეგ თესლი პირდაპირ ტომარაში კარგად გარეცხეთ.
წიწაკის და პომიდვრის დარგვის დროს კარგ შედეგს იძლევა თესლის 12 საათით ჩალბობა „ეპინეში“ (1-2 წვეთი 100 მლ წყალზე). „ფიტოსპორინით“ ნერგების დამუშავება სასარგებლოა, სანამ მუდმივ ადგილზე დარგავთ.
- თესლი დაამუშავეთ იმუნური სისტემის მასტიმულირებელი პრეპარატებით: „ეპინი-ექსტრა“, „იმუნოციტოფიტი“, „აგატა-25კ“, ნატრიუმის ჰუმატი.
- დარგვის და პიკირების შემდეგ ნიადაგს ზედაპირზე მსხვილი მდინარის ქვიშა მოაყარეთ.
- ნიადაგის ჭარბად დატენიანებას მოერიდეთ. მორწყვის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ სითხე სადგამზე ან სათბურის სახურავზე არ დაგროვდეს.
- პარკებით დაფარული ნერგები გაანიავეთ.
- პირველივე დაავადებაზე დაზიანებული მცენარეები მოაშორეთ. გადარჩენილი ნათესარები 1%-იანი ბორდოს სითხით ან კალიუმის პერმანგანატის ხსნარით (3 გრ 10 ლ წყალზე) დაამუშავეთ.
აქტიური ზომები შავი ფეხის საწინააღმდეგოდ
დაავადების დიდი კერის შემთხვევაში ჯანსაღი ნათესარები დაუყონებლივ სხვა ჭურჭელში გადარგეთ, ნათესარებს, რომლებიც უკვე დაინფიცირდნენ, ვერ უშველით. პიკირებული მცენარეების ჭურჭელი თბილ ადგილას დადეთ, მზის სხივებისგან დაჩრდილეთ. 5-6 დღეში, ნათესარების გაფესვიანების შემდეგ შეგიძლიათ უფრო გრილ ადგილას გადაიტანოთ. პირველი მორწყვისას წყალს ინსტრუქციის მიხედვით ფუნგიციტი (მაგალითად, მაქსიმი, ფიტოსპორინი, ბაკტოფიტი 0,5-1%) დაუმატეთ.
თუ შავი ფეხი სათბურის აღმონაცენებზე გაჩნდა, ნიადაგი მორწყეთ ბიოპრეპარატებით (ალირინი-ბ + გამაირი 4 აბი 10 ლ წყალზე).