ზოგადად, ბაღის მარწყვი უპრეტენზიო კულტურაა. იგი იზრდება როგორც სამხრეთში, ისე ჩრდილოეთში, იტანს სიცხესა და სიცივეს, გვალვასა და ჭარბტენიანობას. მართალია, იზრდება, თუმცა ყოველთვის როდი ყვავის. paparazzi-ს რედაქცია გიამბობთ 5 მთავარი მიზეზის შესახებ, რომლის გამოც მარწყვმა შესაძლოა არ იყვავილოს.
1. მარწყვის დარგვა დააგვიანეთ
ამ მცენარის დასარგავად ოპტიმალური დროა აგვისტოს დასაწყისი. თუ მას გვიან დარგავთ – ზაფხულის ბოლოს ან სექტემბერში, იგი ვერ მოასწრებს ნორმალურად დაფესვიანებას მომავალ ზაფხულამდეც კი, მოსავლის მიღების ნაცვლად, მხოლოდ ფესვებსა და ფოთლებს მიიღებთ.
2. ზედმეტად ღრმად ან, პირიქით, ზედაპირულად ჩარგეთ
ორივე შემთხვევაში, ბაღის მარწყვის ბუჩქი დაიტანჯება გადარჩენის მცდელობაში. აყვავებისთვის იგი ვერასდროს მოიცლის. ამიტომ, დარგვისას დარწმუნდით, რომ გული (კვირტი მოკლე მორჩის ბოლოს) ნიადაგის დონეზე აღმოჩნდეს.
3. ბაღის მარწყვის ბუჩქები ზედმეტად შეასუქეთ
გულმოდგინე მებაღეებს მუდმივად სურთ, რომ მცენარეებს ასიამოვნონ, ამიტომ ბუჩქქვეშ მინერალურ სასუქებს ტყუილად ყრიან. ამის გაკეთება არ შეიძლება – ზედმეტად შესუქებული მარწყვი “გასუქდება” – დაიწყებს ფოთლების გამოღებას და სიცოცხლით ტკბობას. რატომ უნდა აყვავდეს და დატოვოს შთამომავლობა? ისედაც კარგად გრძნობს თავს. ივნისის მეორე ნახევარში, მარწყვის ნერგქვეშ დაყარეთ კომპლექსური სასუქი, აგვისტოში კი – ფოსფორითა და კალიუმით სავსე სასუქი.
4. მარწყვს სასუქი მიაკელით
მშიერი მარწყვი სიამოვნებით აყვავდებოდა, თუმცა ამისთვის ძალა არ ჰყოფნის – მისთვის მთავარი გადარჩენაა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დროული სასუქი. არსებობს მინერალური სასუქების სხვადასხვა სქემა, ჩვეულებრივ, ასეთი სულ სამია, თუმცა პროცესი დამღლელი და ძვირია, თანაც “ქიმიის” გამოყენებას მოითხოვს. გაცილებით მარტივია ერთი შესუქება ქათმის სკორეთი. იგი მოსავლის აღებიდან ორი კვირის შემდეგ უნდა გამოიყენოთ.
მას ასე ამზადებენ: ნედლ სკორეს ასხამენ წყალს (1:1), მჭიდროდ ახურავენ და აყენებენ 7 დღით თბილ ადგილას. მიღებულ ხსნარს აზავებენ წყალთან (1:20) და რწყავენ ნერგებს. ბუჩქზე ხარჯი 1 ლიტრია.
ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ მარწყვი შესუქებამდე კარგად უნდა რწყათ. ბუჩქების შესუქების შემდეგ, კარგად გადაავლეთ წყალი, რათა ფოთლებს მოაშოროთ შემთხვევით მოხვედრილი ხსნარის წვეთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარწყვის ფოთლები შეიძლება დაიწვას.
5. გამყიდველმა, მარწყვის შეძენისას, მოგატყუათ
თუ მარწყვის ნერგები შემოწმებულ მაღაზიაში კი არა, სადმე გზის პირას იყიდეთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ე.წ. სარეველა სახეობა მოგყიდეს. იგი ან საერთოდ არ ყვავის, ან უბრალო ბუჩქებს ქმნის და არ იძლევა მოსავალს.