ბუგრი ბაღის და ბოსტნის ერთ–ერთ ყველაზე ბოროტ მავნებლად ითვლება. მასთან ბრძოლა მარტივი არაა, რადგან წარმოუდგენელი სიჩქარით მრავლდება. მხოლოდ ერთი დედალი ერთ თვეში სამი თაობა რამდენიმე ასობით ათას ბუგრს ამრავლებს.
ბუგრი ახალგაზრდა მცენარეს სწრაფად ასუსტებს, მის უჯრედულ წვენს იწოვს. ამავდროულად, შხამს გამოყოფს, რის გამოც ფოთლები იხვევა, დეფორმაციას განიცდის და კვდება. ბუგრს მცენარის მავნე ვირუსით დაინფიცირება შეუძლია, რამაც შეიძლება საერთო დაზიანება და კვდომა გამოიწვიოს.
სხვადასხვა სახეობის ბუგრით ზიანდება ბოსტნეულის, ხილის, კენკრის და ყვავილის კულტურები. ხშირად მებაღეებმა არ იციან, თუ როგორ განკურნონ უკვე დაავადებული მცენარე და ამასთან მოსავალი არ მოწამლონ.
ბუგრთან ბრძოლა ხალხური საშუალებებით
თქვენთვის „პაპარაცმა“ ბუგრთან ბრძოლის ხალხური მეთოდების ფართო ნაკრები მოამზადა. მცენარე დამფრთხობი, ბუნებრივი მტერი, ნაყენი, ნახარში და დასანამი: მოსავალთან ბრძოლაში ყველა მეთოდი კარგია.
არყის კუპრი
არყის კუპრს ძლიერი სპეციფიკური სუნი აქვს. ის შესანიშნავი საშუალებაა ბაღის და ბოსტნის სხვადასხვა მავნებლის საწინააღმდეგოდ: ბუგრი, კომბოსტოს ბუზი, ვაშლის ნაყოფჭამია, ჭიანჭველები.
საშუალება მავნებლებს ვერ კლავს, მოქმედებს რეპელანტის პრინციპით. კონცენტრირებული არომატი მწერებს აფრთხობს და საკვებიდან მათ კვალს აქრობს. შედეგად, ისინი ნაკვეთის დატოვებას ცდილობენ.
ამ მეთოდის ნაკლი ხანმოკლე ეფექტია, რომელიც შეიძლება საპნის ხსნარის ან ნაცრის დამატებით გახანგრძლივდეს. ბუგრის საწინააღმდეგოდ არყის კუპრის გამოყენება ძალიან მარტივია, მხოლოდ ხსნარის სწორად მომზადება უნდა იცოდეთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 10-15 გრ არყის კუპრი
- 50 გრ დიასახლისის საპონი (ან არყის საპონი)
- 10 ლ წყალი
მომზადება:
- საპონი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
- არყის კუპრი და საპონი 10 ლ წყალში გახსენით.
- ხსნარს კარგად აურიეთ და ბუგრებით დაზიანებული მცენარეები სპრეი ბოთლით დანამეთ. პროცედურა სჯობს საღამოს საათებში ჩაატაროთ.
კარგი გამოხმაურება გვხვდება არყის კუპრის გამოყენების კიდევ ერთ მეთოდზე – დამაფრთხობელი სარტყელი. ხილის ხეებს კუპრში ამოვლებულ ფართო ბინტს ახვევენ. ეს ჭიანჭველებს ბუგრების გადატანის საშუალებას არ აძლევს იმ ხეებზე, რომლებიც ჯერ დაინფიცირებულნი არ არიან.
ნაცარი–საპნით დანამვა
საპნიანი გარეცხვა და დანამვა ყველაზე მარტივი მეთოდია ბუგრების საწინააღმდეგოდ. ის განსაკუთრებულ ხარჯს არ მოითხოვს, რადგან დიასახლისის საპნის პოვნა ნებისმიერ სახლში შეიძლება.
რეცეპტები:
1. 300 გრ დიასახლისის საპონი 10 ლ წყალში გახსენით. შეგიძლიათ მყარი საპონი თხევადით ჩაანაცვლოთ. ამ შემთხვევაში 10 ლ წყალზე 125 მლ თხევადი საპონი დაგჭირდებათ.
2. 100 გრ ნახშირის საპონი 10 ლ წყალში გახსენით.
3. 250 გრ ნაცარი 10 ლ წყალში გახსენით. ხსნარი 30 წუთით აადუღეთ. დანამვამდე 40 გრ დიასახლისის საპონი დაუმატეთ.
მცენარეულ ნაყენები
მცენარე რომ არ დაწვათ, პირველად ხსნარი მხოლოდ მცირე ნაკვეთზე გამოიყენეთ და როგორც კი საშუალების ეფექტურობაში დარწმუნდებით მთელი ნაკვეთი დაამუშავეთ.
რეცეპტები
1. ხახვის
30 გრ ხახვი წვრილად დაჭერით. 1 ლ წყალში 5 საათით დააყენეთ. შეგიძლიათ ხახვის ფურცლები დაუმატოთ.
2. ნივრის
200 გრ დაქუცმაცებული ნიორი 1 ლ წყალში დააყენეთ. გამოყენების წინ 25 მლ ნაყენი 10 ლ წყალში გააზავეთ.
3. გვირილას
100 გრ სააფთიაქო გვირილა 1 ლ წყალში დააყენეთ. მცენარე დანამეთ ასეთი ხსნარით: 1 ნაწილი ნაყენი, 3 ნაწილი წყალი და 4 გრ საპონი თითოეულ ლიტრზე.
4. ბაბუაწვერას
400 გრ ბაბუაწვერას ფოთლები და 200 გრ აყვავებული ბაბუაწვერას ფესვები 10 ლ წყალში 3-4 საათით დააყენეთ.
5. ხავერდას
ნახევარი ვედრო დაქუცმაცებულ მცენარეს ყვავილებიანად ბოლომდე წყალი დაასხით და 2 დღე დააყენეთ: გადაწურეთ და 40 გრ საპონი დაუმატეთ.
6. წიწაკის
1 კგ ახალი ან 300 გრ ხმელი წიწაკა 10 ლ წყალში დააყენეთ. გამოყენების წინ 1 ნაწილი ნაყენი 10 ნაწილ წყალში გააზავეთ.
დამხმარე საშუალებები დასანამად
1. არაყი
ყველაზე იაფი არყის ბოთლს საფრქვეველი ჩამოაცვით და საშუალება მზადაა! ამბობენ, რომ ყოველთვის მოქმედებს, მაგრამ სჯობს თავდაპირველად პატარა ნაკვეთზე მოსინჯოთ!
2. რძე და იოდი
მათი დახმარებით ბუგრების გარდა სოკოვან დაავადებებს (ფიტოფთორი, ნაცროვანი სოკო) მოიშორებთ.
მოკავშირე მცენარეები
არსებობენ მცენარეები, რომლებიც საკუთარი ფიტონციდებით ბუგრებს აფრთხობენ. ნაკვეთზე მათი დარგვით მავნებლების რაოდენობას შეამცირებთ. რეჰანის მკვეთრი სუნი ბუგრის ყნოსვის რეცეპტორებზე გავლენას ახდენს, ამიტომ ბუნებრივ რეპელანტს წარმოადგენს.
ბუგრი ვერ იტანს ნივრის, ხახვის, ლავანდის, პიტნის, მდოგვის, ხავერდას სუნს. რიგი მცენარეები, პირიქით, ბუგრს იზიდავენ და ხილის კულტურებიდან ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ. ესაა დედოფლის ყვავილი, პეტუნია, კოსმეი, კლეომა, ყაყაჩო და ლობიო.
მწერები
ბუგრის ბუნებრივი დაუძინებელი მტერია ჭიამაია. ბუგრით ასევე იკვებება ბზუალა ხოჭოები, კრაზანა, ბაღლინჯო.
ბუგრის მტრებია ყურბელა, ოქროსთვალება, რომელთა მოზიდვას შეძლებთ მდოგვის, კამის, კვლიავის, ზიზილას და იის დარგვით.
ჩიტები
ბუგრი ბევრი პატარა ჩიტის საკვებია. მავნებელს ჭამს ბეღურა, ყარანა, წივწივა, ნარჩიტა, გულწითელა, ჭვინტა. დამხმარეების მოსაზიდად შეგიძლიათ ნაკვეთზე ჩიტის სახლები და საკვებური ჩამოკიდოთ.
ეს ხალხური საშუალებების სრული სია არაა, რომელთა გამოყენებას ბუგრების საწინააღმდეგოდ შეძლებთ. ყველაზე მეტად მოწონებული რეცეპტი გამოიყენეთ და შედეგი კომენტარებში გაგვიზიარეთ. წარმატებას და უხვ მოსავალს გისურვებთ!