როგორ მოვიშოროთ სამუდამოდ ბუგრები ბაღიდან: 25 საშუალება

608

ბუგრი, ალბათ, ბაღის ყველაზე აუტანელი მავნებელია. მას აქვს შენიღბვისა და სწრაფად მოქმედების უნარი. ხანდახან, მწერების მოშორება უბრალოდ შეუძლებელი ხდება. იგი მცენარიდან მცენარეზე გადადის და თავის სამფლობელოს დაუჯერებელი სისწრაფით აფართოებს. სანამ ხელები ჩაგიქნევიათ, გამოსცადეთ რაღაც ახალი.

წარმოგიდგენთ 25 საშუალებას ბუგრების მოსაშორებლად. გპირდებით, მიიღებთ სწორ და ერთფეროვან ფოთლებს, ჯანმრთელ ყვავილებსა და მსხვილ ნაყოფს. უბრალოდ შეიარაღდით მარტივი საშუალებებით. ზოგიერთი მათგანი ახლა თქვენს სამზარეულოშია.

  • არაყი. ჩაასხით სითხე პულვერიზატორში და შეაშხეფეთ დაინფიცირებულ მცენარეებს. დასამუშავებლად ყველაზე იაფფასიანი სასმელი დაგჭირდებათ. ამგვარად შეიძლება კოკა-კოლას გამოყენებაც.
  • გამოცდილ დიასახლისებს შორის პოპულარულია საყოფაცხოვრებო საპონი (200 გ 10 ლ წყალზე). ხსნარს დაინფიცირებულ მცენარეებს აშხეფებენ. მებაღეები გვირჩევენ ნიშადურის სპირტის ან კალცინირებული სოდის ხსნარის გამოყენებას. ეს უკანასკნელი მზადდება ასეთი პროპორციით: 1 ს.კ. სოდა 1 ლ წყალზე.
  • ბუგრების მოშორებაში დაგეხმარებათ ხის ფერფლიც. 200-300 გ მასას დაასხით 5 ლ ახალადუღებული წყალი, მოურიეთ და გააგრილეთ. გადაწურეთ, დაუმატეთ 20 გ საყოფაცხოვრებო საპონი და მოასხით ხსნარი მცენარეებს.
  • ცხარე წიწაკაც ეფექტური საშუალებაა მავნებლების წინააღმდეგ. 0.5 კგ წიწაკა დააქუცმაცეთ, დაასხით 5 ლ წყალი, აადუღეთ და დააყენეთ 2 დღით. გადაწურეთ და გადაანაწილეთ ჭურჭელში. გამოყენებამდე, გააზავეთ წყალთან (1 ჭიქა 10 ლ წყალზე). შეგიძლიათ, ამ ნაყენსაც დაუმატოთ საპონი.
  • მავნებელთან ბრძოლაში დაგეხმარებათ პირშუშხას ნაყენიც. დააქუცმაცეთ მისი ფოთლები და ფესვები, გაავსეთ სათლის ნახევარი და დაასხით წყალი. დააყენეთ 3 საათით. ამგვარადვე მზადდება ქრისტესისხლას ნაყენი, თუმცა 2 დღით უნდა დააყენოთ. ორივე ხსნარს დაუმატეთ საპონი.
  • ფიჭვის მორჩებით ბუგრების მოსაშორებლად, დაასხით 2 კგ მთავარ ინგრედიენტს 5 ლ წყალი. დააყენეთ 1 კვირით, ურიეთ დროდადრო. გააზავეთ ნაყენი წყალთან 1:10 თანაფარდობით. ხოლო ჭინჭარს (100-200 გ) დაასხით 1 ლ წყალი და დააყენეთ 1 დღით.
  • ბაბუაწვერების ნაყენი ასე მზადდება: 500 გ ფოთლებს დაასხით 10 ლ წყალი. დააყენეთ 3 საათით.
  • ხახვისა და ნივრის ნაყენის მოსამზადებლად, დაასხით 0.5 ჭიქა ნიორსა და ამდენივე ხახვის კანს 3 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათით, მოხმარებამდე გააზავეთ 10 ლ წყალთან.
  • კარტოფილის ღეროებიც დაგეხმარებათ მწერებთან ბრძოლაში. მწვანე ღეროებს (300 გ) დაასხით 5 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 1 დღით, შეურიეთ 20 გ საყოფაცხოვრებო საპონი.
  • ასევე, შეგიძლიათ 250 გ დაჭრილ პომიდორს დაასხათ 5 ლ მდუღარე წყალი. ესეც 1 დღით დააყენეთ. კარგი იქნება საპნის დამატებაც.
  • ბუგრების საწინააღმდეგოდ, 200 გ მდოგვის ფხვნილს ასხამენ 5 ლ წყალს და კარგად ურევენ.
  • 1 კგ თამბაქოს მტვერს კი 10 ლ მდუღარეს ასხამენ. ორივე ხსნარი უნდა დაყენდეს 1 დღით, შემდეგ გადაიწუროს. გამოყენებამდე გააზავეთ წყალთან 1:3 პროპორციით.
  • ბუგრებს თავიდან მოგაშორებთ ფორთოხლის ცედრაც. 1 კგ კანს დაასხით 10 ლ თბილი წყალი და დააყენეთ 3 დღით.
  • 300 გ ცხენის მჟაუნა დააქუცმაცეთ და დაასხით 10 ლ წყალი. დააყენეთ 3 საათით და მიიღებთ შესანიშნავ ეფექტს.
  • ფარსმანდუკის ნაყენი ასე მზადდება: 2.5 კგ ნედლ ბალახს დაასხით 10 ლ წყალი და ადუღეთ 30 წუთით.
  • ამდენივე წყალი დაასხით 1 კგ ხმელ გვირილას. დააყენეთ 1 დღით და გააზავეთ წყალთან.
  • ბუგრების განდევნაში დაგეხმარებათ მურყნის ფოთლებიც. 2 კგ ნედლეულს დაასხით 10 ლ თბილი წყალი. ჯერ დააყენეთ 1 დღით, შემდეგ აადუღეთ და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ 40 წუთით. გამოყენებამდე გააგრილეთ.
  • დააქუცმაცეთ ოროვანდის ფოთლები, დაასხით თბილი წყალი და დააყენეთ 1 დღით. ადუღება არ სჭირდება.
  • გამოცდილი დიასახლისები ხშირად იყენებენ ლემასა და ნარგიზელასაც. ერთად ან ცალ-ცალკე, დააქუცმაცეთ ნედლეული, დაასხით სათლში თბილი წყალი, დააყენეთ არანაკლებ 1 დღით, გადაწურეთ და შეაშხეფეთ დაინფიცირებულ მცენარეებს.
  • ბუგრები ერთხელ და სამუდამოდ რომ მოიშოროთ თავიდან, პირველ რიგში, გაუმკლავდით ჭიანჭველებს. საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელნი ბუგრების ტკბილი ექსკრემენტებით იკვებებიან. ისინი ავრცელებენ მავნე მწერებს მთელ ტერიტორიაზე და ასე უზრუნველყოფენ თავიანთ საკვებს. მოიშორეთ ჭიანჭველები ბაღიდან და აღარც ბუგრები შეგაწუხებთ.

ახლა უკვე იცით, რა უნდა გამოიყენოთ ბუგრების მოსაშორებლად. დავამატებთ, რომ მსგავსი პროცედურები მაშინვე უნდა ჩატარდეს, როგორც კი პირველ მავნებლებს შენიშნავთ. პატარა კოლონიების მოშორება უფრო მარტივია. თქვენ რა საშუალებებს იყენებთ პრობლემის გადასაჭრელად? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს