როგორც კი ზაფხულის მცხუნვარე მზე განათებას იწყებს, ქალაქის ყველა მკვიდრი ბუნებაში გასვლას ცდილობს – სუფთა ჰაერის სუნთქვა, მწვადების მომზადება, თევზის დაჭერა.
ამ იდილიის გაფუჭება შეუძლია კოღოებს, რომელთან მეზობლობა ნაკლებად ვინმეს მოეწონოს. პატარა ბავშვებისთვის კი ნამდვილ წამებად შეიძლება გადაიზარდოს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რეპელენტი გამოიყენოთ, მაგრამ ის ხშირად მხოლოდ კოღოებს არ აზიანებს.
რეპელენტების უმეტესობა შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას – დიეთილთოლუამიდი (DETA), კარბოქსიდი, ოქსამატი, რებემიდი. ყველა ამ კომპონენტის გამოყენება ორსულ ქალებსა და ბავშვებში არასასურველია.
კანზე მაღაზიის ქიმია რომ არ წაისვათ, „პაპარაცის“ რჩევები გამოიყენეთ. კოღოების საწინააღმდეგო ნატურალური საშუალებების გამოყენებით ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებთ და საკუთარ თავს და ახლობლებს მომაბეზრებელი მწერებისგან დაიცავთ.
კოღოებისგან დაცვა
1. ეთერზეთები
კოღოებს მიხაკის, ანისულის და ევკალიპტის სუნი არ უყვართ. ამ მცენარეების ზეთებში ბამბის დისკი დაასველეთ და ფანჯრის რაფაზე ან საწოლის გვერდით დაიდეთ. ასევე შეგიძლიათ ზეთი სხეულის შიშველ ნაწილებზე წაისვათ.
რა თქმა უნდა, გარკვეული დეტალი არსებობს. მაგალითად, მიხაკის ზეთს სასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ გახეხილ კანს და ლორწოვან გარსს წვავს. ძალიან ცოტა ხნით გამოიყენეთ: 10-15 წუთით. სამაგიეროდ ტოქსიკური არაა და სასარგებლოა.
თქვენ შეგიძლიათ ხმელი მიხაკი გამოიყენოთ: 5 გრ მიხაკი 1 ჭიქა წყალში გააზავეთ და 15 წუთით ადუღეთ. 10 წვეთ ნახარშს 1 ს/კ სპირტი აურიეთ და სხეულის შიშველ ნაწილებზე წაისვით. ასეთი დაცვა უკვე 2 საათი გახანგრძლივდება.
2. ანწლი
სააგარაკო სახლის მახლობლად ანწლი დარგეთ. სარგებელი მრავალმხრივია: მისი ყვავილების ჩაი სურდოს და ხველის დროს დაგეხმარებათ, კენკრიდან გემრიელი მურაბა კეთდება, ხოლო ტოტების (თუნდაც არა აყვავილებული) თაიგული ოთახში კოღოებისთვის აუტანელ გარემოს შექმნის.
3. გვირილა
ძველი ხალხური საშუალება კოღოების საწინააღმდეგოდ – წითელი, დალმაციური თუ კავკასიური გვირილა. ასეთი გვირილის ხმელი, დაქუცმაცებული ყვავილი, ღერო და ფოთოლი მწერების ნერვულ უჯრედებს აზიანებს. საკმარისია, ბინაში გვირილების რამდენიმე თაიგული მოათავსოთ.
4. აბზინდას ნახარში
არც ერთი მწერი თქვენს სახეს არ შეეხება, თუ აბზინდას ფესვების ნახარშით დაიბანთ. ნახარშის მოსამზადებლად 1 მუჭა დაქუცმაცებულ ფესვებს 1,5 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 20-30 წუთით დააყენეთ.
5. ჭანგას ნახარში
ძველად კოღოების და სხვა სისხლისმსმელი მწერების თავიდან მოსაშორებლად ჭანგას (ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სარეველა) ფესვების ნახარშს იყენებდნენ. 1 მუჭა დაქუცმაცებულ ჭანგას ფესვებს 1,5 ლ წყალი დაასხით და 3-ჯერ აადუღეთ, რომ ნახარში ღია მოყვითალო გახდეს. ამ ნახარშით სახე და ხელები დაიბანეთ და არც ერთი კოღო არ მოგეკარებათ.
6. ვანილი
ვანილი საბავშვო კრემს 1:10 პროპორციით აურიეთ და სხეულის შიშველი ნაწილები დაიმუშავეთ. ასევე შეგიძლიათ ვანილი წყალში გახსნათ და მიღებული ხსნარით სხეულის შიშველი ნაწილები და ტანსაცმელი დაიმუშაოთ.
7. ღვია
თუ კოცონის მახლობლად დაჯდომა გადაწყვიტეთ, ცეცხლში ოდნავ ხმელი ღვიის წიწვები ჩაყარეთ.
8. პომიდვრის ფოთლები
კოღოებს ამ ფოთლების სუნის ატანა არ აქვთ. მფრინავი მავნებლები გარანტირებულად რომ მოიშოროთ, უბრალოდ პომიდორი ყვავილების ქოთანში ფანჯრის რაფაზე გაზარდეთ.
ასევე შეგიძლიათ ფოთლები მოკრიფოთ და თქვენს ირგვლივ გარკვეულ ადგილებში დადოთ. სანამ ფოთლები არ დაჭკნება და სუნის გამოყოფას არ შეწყვეტს, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ – კოღოები არ გამოჩნდება.
9. კედრის ზეთი
კედრის ზეთის სუნი არა მხოლოდ კოღოებს, არამედ ბუზებს და ტარაკნებს აფრთხობს.
10. ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“
ძველი, კეთილი ბალზამი „ვარსკვლავი“ არ დაგავიწყდეთ. ცოტა ბალზამი კანზე წაისვით, რომ რეპელენტის ეფექტი მიიღოთ. ბუზები და კოღოები სახლიდან რომ განდევნოთ, ოთახში ბალზამის გახსნილი ბოთლი დატოვეთ.
11. კარბოლმჟავა
მომაბეზრებელი მწერების მოშორებაში კარბოლმჟავა დაგეხმარებათ: საკმარისია ღამით საწოლის მახლობლად კედელს წაუსვათ, ამ წყალში ხელები დაისველოთ, რომ შემდეგ მშვიდად დაიძინოთ და კოღოების თავდასხმის არ შეგეშინდეთ.
ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ნადირობის და თევზაობის დროს ლიმანებში, ჭაობებსა და ტბებში, სადაც მილიონობით კოღო საყვარელი საქმიანობით სიამოვნების მიღებაში ხელს ხშირად გიშლით