ნაკვეთზე დაუპატიჟებელი სტუმრები ახალი ნერგებით პირის ჩატკბარუნებაზე უარს არასდროს ამბობენ. ერთ-ერთი ასეთ მავნებელთაგანია მუხლუხო. ამ მწერებს ერთ სეზონზე ჭუპრების სამი თაობის გამრავლება შეუძლიათ, ისინი კი მთელ ბაღს ედებიან და კომბოსტოს მთელ მოსავალს ანადგურებენ. როგორც კი ამ მსუნაგ მოქეიფეებს აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები, მოსავლის გადარჩენა რომ შეძლოთ.
გამოცდილი მიწათმოქმედები მუხლუხოებთან ბრძოლას მოსავლისთვის უსაფრთხო საშუალებებით ამჯობინებენ. ამიტომ, ყველაზე ეკოლოგიურ საშუალებად ხალხური მეთოდები ითვლება. ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ კომბოსტოს მუხლუხოები ნაკვეთიდან, 9 ეფექტური ხალხური საშუალებით.
როგორ მოვიშოროთ მუხლუხოები ნაკვეთიდან
1. ხის ფერფლს თუ კომბოსტოების გარშემო დაყრით ან 100 გ ფერფლს 1 ლ წყალში გააზავებთ და ისე მოასხამთ კომბოსტოს ფოთლებს, მუხლუხოები ბოსტნეულს ახლოსაც აღარ გაეკარებიან. საშუალება დამუშავებამდე 2 დღით უნდა დააყენოთ, შემდეგ გადაწუროთ და მცენარეს ისე შეაშხეფოთ.
2. ასევე, შეგიძლიათ სოდის ხსნარის გამოყენებაც: 120 გ სოდა გახსენით 5 ლ თბილ წყალში. ასეთი ხსნარი მაშინვე შეაშხეფეთ კომბოსტოს ნაყოფებს.
3. ხახვის კანიც აშინებს მავნებლებს, თავისი უსიამოვნო სუნით. მუხლუხოებს ამაში ვერ შეედავებით – ვის მოსწონს ხახვის სუნი? ხსნარისთვის შეაგროვეთ 2 ლ მშრალი ხახვის კანი და დააყენეთ 5 ლ თბილ წყალში 12 საათით. ამის შემდეგ, გადაწურეთ ნაყენი და შეაშხეფეთ კომბოსტოს.
4. თუ პომიდორი მოგყავთ, მისი ღეროები კომბოსტოს დაცვაში დაგეხმარებათ. დაასხით 4 კგ ნედლ ან ხმელ ღერობს 10 ლ წყალი და ადუღეთ 30 წუთით. ამის შემდეგ, ნახარში გახსენით წყალში 1:3 პროპორციით.
5. მსუნაგ მუხლუხოებს კარტოფილის ღეროებიც აფრთხობს. ამისთვის დაასხით 1.5 კგ ნედლ ღეროებს 10 ლ წყალი და დააყენეთ 4 დღით, თავდახურული.
6. ძმარი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც ბოსტნეულ კულტურად არ ვნებს. გააზავეთ 1 ს.კ. ძმარი 50 მლ ნიშადურის სპირტში. დაასხით მასას 10 ლ წყალი და დაამუშავეთ კომბოსტო, სასურველია, კვირაში რამდენჯერმე, თითოდღიანი შესვენებით.
7. ცხარე წიწაკის ცეცხლოვანი ნაყენი არც ერთ მუხლუხოს არ გაახარებს. ხორცსაკეპში ან ბლენდერში დააქუცმაცეთ 1 კგ წიწაკა და დაასხით ფაფას 10 ლ თბილი წყალი. შემდეგ დააყენეთ ნაყენი 2 დღით და გადაწურეთ. მიიღებთ კონცენტრირებულ ხსნარს, რომელიც დამუშავებამდე უნდა გააზავოთ (150 მლ ნარევი 10 წყალში) და დაუმატოთ 2 ს.კ. საყოფაცხოვრებო საპონი.
8. მოსავალს არ ავნებს, მძაფრი სუნით კი აფრთხობს მუხლუხოებს დაფნის ფოთლის ნახარში. ამ სითხით მორწყეთ ნიადაგი ყველა კომბოსტოს გარშემო.
9. მუხლუხოების დასაფრთხობად, ერთ სეზონზე საკმარისია ნიშადურის ნაყენის ერთი გამოყენება. მას აფთიაქში შეიძენთ. ასეთი საშუალება 1:6 თანაფარდობით უნდა გააზავოთ წყალთან, შემდეგ შეაშხეფოთ კომბოსტოს ფოთლებს სათითაოდ.
კომბოსტოს დამუშავებამდე, ხელით უნდა აკრიფოთ ზრდასრული მუხლუხოები კომბოსტოდან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში მზა საშუალებები შეიძინოთ. მაგალითად, ლეპიდოციდი, ენტობაქტერინი, ბუტიზანი და ბევრი სხვა ბიოლოგიური საშუალება. თქვენ როგორ იცავთ მოსავალს მუხლუხოებისგან?