რატომ ამბობენ, რომ ჯიჯლაყა სლავების ნამდვილი პურია

875

ჯიჯლაყა (ამარანტი) – ამ მცენარის ფერადი თანაყვავილედი არაფერში აგერევათ. მეცნიერები ჯიჯლაყას 60–მდე სახეობას ითვლიან, ზოგიერთი მათგანი ცნობილია, როგორც სარეველა. ჯიჯლაყას თესლი, ფოთოლი და ზეთი ფარული სიურპრიზებით სავსეა.

მცენარის მარცვალი 18%–მდე ცილას შეიცავს – ეს უფრო მეტია, ვიდრე ბევრ სხვა მცენარეულ კულტურაში. გარდა ამისა, ამარანტის ცილას ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ის მთელი რიგი უცვლელი ამინომჟავებით მდიდარია. სწორედ ამიტომ, ამ სუპერ საკვების ახლოს გაცნობას აზრი აქვს.

ჯიჯლაყის ზეთი

ისტორია

ჯიჯლაყის სახელი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „უჭკნობი“. მცენარის სამშობლოდ ცენტრალური ამერიკა ითვლება, სადაც მისი მოხმარება ზუსტად 8 ათასი წლის წინ დაიწყეს. ამერიკელი აბორიგენებისთვის, რომლებმაც ხორბლის შესახებ არ იცოდნენ, ამარანტი ფქვილი და პური გახდა.

უცნობია, იყო თუ არა ამარანტი „სლავების ნამდვილი პური“ და პეტრე I მის მოყვანას კრძალავდა თუ არა, როგორც ამას კონსპირაციის მოყვარულები ირწმუნებიან, მაგრამ ევროპაში „ინკების პური“ მხოლოდ მე-16 საუკუნის შუა პერიოდში გამოჩნდა ესპანელი დამპყრობლების გალეონებზე. თავიდან მას დეკორატიულ მცენარედ იყენებდნენ.

რუსეთში საკვებ კულტურად 30-50-იან წლებში შეისწავლეს, თუმცა საქმე ამაზე წინ არ წასულა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მისი კვებითი ღირებულებით მეცნიერები კვლავ დაინტერესდნენ. ჯიჯლაყმა იმდენად მაღალი თვისებები აჩვენა, რომ გაეროს სურსათის ექსპერტულმა კომისიამ ის 21-ე საუკუნის მთავარ საკვებ კულტურათა სიაში შეიყვანა.

კვებითი ღირებულება

საკვებად გამოიყენება მცენარის თესლი, ფოთოლი და ღერო, ასევე თანაყვავილედი. ფოთლების გემო ისპანახს ჰგავს, მდიდარია C ვიტამინით, კაროტინით, ფლავონოიდებით და მინერალებით. ის შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, წვნიანებს, ომლეტებს და მობრაწულებს. ხმელი და დაფქული ფხვნილი გამოიყენება როგორც სანელებელი ხორციანი და თევზიანი კერძებისთვის.

სალათებში ჯიჯლაყის ფოთლები და მარცვლები კარგად ეთავსება მწვანე ხახვს, ოხრახუშს, კამას. მოთუშული ჯიჯლაყი ძალიან გემრიელია. ამისთვის ჯიჯლაყის დაქუცმაცებულ ფოთლებს მარილი და წიწაკა მოაყარეთ, მცენარეული ზეთი და პომიდვრის სოუსი მოასხით, შემდეგ სუსტ ცეცხლზე  20 წუთით თუშეთ.

ამარანტის ჩაი A, C, E ვიტამინების და მნიშვნელოვანი მიკროელემენტების (მაგნიუმი, რკინა და კალციუმი) ბუნებრივი წყაროა. სასარგებლო ნაყენის მოსამზადებლად, მცენარის ფოთლები დაგჭირდებათ.

ფოთლები შეაგროვეთ, გაახმეთ და სასმელი თერმოსში მოამზადეთ. სასმელს მოტკბო, ოდნავ მწკლარტე გემო ექნება. ასეთი ჩაის რეგულარული მიღება დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე და კარგია მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.

ჯიჯლაყის თესლის ქიმიური შემადგენლობა წიწიბურას თესლის ქიმიურ შემადგენლობას ძალიან ჰგავს, თუმცა მასში ცილების შემცველობა 6-7%–ით უფრო მაღალია.

ჯიჯლაყის ფქვილის შემადგენლობა უფრო დაბალანსებულია, ვიდრე ხორბლის. ამიტომ, პურში მის დამატებას აზრი აქვს. მეცნიერების გათვლით, ასე უცვლელი ამინომჟავების დეფიციტს 1,5-2-ჯერ შეამცირებთ.

გარდა ამისა, ამარანტი არ შეიცავს გლუტენს. სწორედ ამიტომ, ფქვილი, პური და მასზე დაფუძნებული სხვა კერძი უსაფრთხო ალტერნატივა იქნება მათთვის, ვისაც გლუტენის აუტანლობა აქვს.

კოსმეტოლოგიაში გამოყენება

ამარანტის ზეთი სკვალენის, ძლიერი ანტიოქსიდანტის წყაროა. მასზეა დაფუძნებული კანის ზედაპირის აღდგენა და ჭრილობების შეხორცება. ბუნებაში უფრო მეტ სკვალენს ზვიგენის კანქვეშა ცხიმი შეიცავს.

სკვალენით, E ვიტამინით და ტოკოფეროლით მდიდარი ამარანტის ზეთი მედიცინასა და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება. იდეალური სფერო გამოსაყენებლად – ჩამოწელილი, ელასტიკურობა და სიმკვრივე დაკარგული კანი.

გამოყენების მარტივი მეთოდი: წვეთი ამარანტის ზეთი სუფთა და დატენიანებულ კანზე წაისვით და ნაზად გადაინაწილეთ. რამდენიმე წუთში კანი სალფეთქით გაიმშრალეთ. ამარანტის ზეთი ღამის კრემის ნაცვლად  კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ.

ამარანტის წვენი და გახეხლი მწვანილი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლოსიონი, სახის ნიღაბი ან ბალზამ–სავლები თმისთვის. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კანის ზედაპირზე დადებითად მოქმედებს, თმას ბზინვარებას და ელასტიკურობას მატებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს