გასული ზაფხული ჩემს დასთან ხარკოვში გავატარე. ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ სახლში ტელევიზორის წინ ვისვენებდით. ძირითადად, კულინარიულ პროგრამებს ვუყურებდით და გემრიელი კერძების გამეორებას ვცდილობდით. მაშინ უბრალოდ შემიყვარდა კულინარიული ოსტატობის ერთ–ერთი ექსპერტი – მიქაელ აროიანი. როგორ ოსტატურად ურევს ინგრედიენტებს, როგორ მარტივად ამზადებს და შემდეგ როგორ გემრიელად ჭამს. სახლში ახალი იდეების მთელი არსენალით დავბრუნდი, მაგრამ მთავარი აჯიკის რეცეპტი იყო. სინამდვილეში, სულ 3 რეცეპტია, ამიტომ საუკეთესოს არჩევა საკმაოდ რთულია.
ახლა ეს პასტის მსგავსი სუნელი ჩემი სუფრის ხშირი სტუმარია. მეგობრები გაოცებულნი არიან: მე ხომ უკრაინაში წავედი და კავკასიური სამზარეულოს კერძების მომზადება დავიწყე! ცდუნებას ვერ გაუძლებთ. გიზიარებთ ჩემს აღმოჩენას, რომ თქვენც სათანადოდ დააფასოთ. აჯიკის სამივე სახეობა ხარშვის გარეშეა, ამიტომ მომზადებაზე დიდი დრო არ დაგეხარჯებათ.
აჯიკა ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 200 გრ წითელი ცხარე წიწაკა
- 500 გრ ბულგარული წიწაკა
- 300 გრ ნიორი
- 50 გრ ხმელი სუნელი
- 80 გრ მარილი
- 50 გრ ქინძი
- 50 გრ მცენარეული ზეთი
- 200 გრ ნიგოზი
მომზადება:
- ცხარე და ბულგარული წიწაკა ყუნწებისგან და მარცვლებისგან გაწმინდეთ. ბოსტნეული ნიორთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
- ხმელი სუნელი დაუმატეთ და მთელი ნარევი კიდევ ერთხელ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
- მარილი, მცენარეული ზეთი, დაქუცმაცებული ნიგოზი და ქინძი დაუმატეთ და აურიეთ.
- აჯიკა ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.
მწვანე აჯიკა
ინგრედიენტები:
- 5 მწვანე ცხარე წიწაკა
- 5 ბულგარული წიწაკა
- 2 თავი ნიორი
- 100 გრ ქინძი
- 100 გრ ოხრახუში
- 1 ს/კ კამა
- 2 ს/კ მარილი
- 50 გრ პიტნა
- 1 ს/კ ქინძი
- 2 ს/კ შაქარი
- 4 ს/კ ძმარი
- 1 ს/კ თავშავა
- 0,5 ჭიქა მზესუმზირას ზეთი
- 1 ს/კ მაიორანი
- 50 გრ მწვანილი ტარხუნა
მომზადება:
- ბულგარული და მწვანე, ცხარე წიწაკა ყუნწებისა და თესლისგან გაწმინდეთ.
- ნიორი გაასუფთავეთ და მწვანილი კარგად გარეცხეთ.
- მწვანილი, ნიორი და ორივე სახეობის წიწაკა ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
- თავშავა, ქინძი, კამა და მაიორანი, მარილი, შაქარი, ძმარი და მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- აჯიკა ქილებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ.
მშრალი აჯიკა
ინგრედიენტები:
- 600 გრ ცხარე წითელი წიწაკა
- 4 ს/კ ხმელი ქინძი
- 7 კბილი ნიორი
- 2 ს/კ ხმელი სუნელი
- 0,5 ჩ/კ კამის თესლი
- მარილი გემოვნებით
- შაქარი გემოვნებით
მომზადება:
- კამის თესლი და ქინძი ტაფაზე გამოაშრეთ.
- ნიორი და წიწაკა ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, სანელებლები დაუმატეთ.
- ნარევი ტაფაზე მოათავსეთ და გააცხელეთ, მუდმივად აურიეთ. ხმელი სუნელი დაუმატეთ.
- მას შემდეგ, რაც მასა გაგრილდება, მარილი დაუმატეთ და აურიეთ.
- აჯიკა ქილებში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.
როგორც აღმოჩნდა, წიწაკის აჯიკა პრაქტიკულად ჩვენთვის საყვარელ ნებისმიერ კერძს უხდება. ინგრედიენტების რაოდენობაში თქვენი გემოვნებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ. თუ პიკანტური სანელებელი გიყვართ, უფრო მეტი ნიორი და წიწაკა დაუმატეთ. თუ რაღაც უფრო მსუბუქი გსურთ, ამ ბოსტნეულის რაოდენობა შეამცირეთ.