დღეს ბევრი სვამს კითხვას: როგორ მოვიყვანოთ ჯანჯაფილი სახლის პირობებში. ჯანჯაფილის სამკურნალო თვისებების გამო, იგი საყოველთაოდაა ცნობილი. შედეგად, სასარგებლო ფესვის ფასები საკმაოდ მაღალია.
საბედნიეროდ,”ოქროს” ჯანჯაფილში დიდი ფულის გადახდა საჭირო აღარაა. სურნელოვანი, დიეტური, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე შეგიძლიათ თქვენი ფანჯრის რაფაზე დაასახლოთ.
ამისთვის დაგჭირდებათ ნიადაგით სავსე ქოთანი, რეგულარული რწყვა და რამდენიმე თვე. ჯანჯაფილის სახლისა თუ ბაღის პირობებში მოყვანას კი ახლა ამ სტატიაში გასწავლით.
როგორ მოვიყვანოთ ჯანჯაფილი სახლის პირობებში
სამკურნალო ჯანჯაფილი (Zingiber officinale) – ესაა ტროპიკული მცენარე, რომელიც უპირატესობას ანიჭებს თბილ და ტენიან კლიმატს. ხშირად, მისი ფესვები ერევათ სახეცვლილ მიწისქვეშა რტოებში – ფესურებში, რომელთაგანაც იზრდება მწვანე მიწისზედა მორჩები და საკვები ფესვები.
მიწისზედა რტოები ერთ მეტრამდე სიმაღლის იზრდება და გარეგანად ისლს ჰგავს.
ჯანჯაფილის ყვავილობა იწყება დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს, თუმცა, როგორც წესი, ჩვენთან იგი ერთწლიან მცენარედ მოჰყავთ, მისი სურნელოვანი ფესვებისთვის.
მომზადე ბა დარგვისთვის
ჯანჯაფილის მოსავალი შემოდგომაზე რომ მიიღოთ, მცენარის მორჩები უნდა მიიღოთ ზამთრის ბოლოს, რაც საკმაოდ მარტივია ფანჯრის რაფაზე. დასარგავ მასალად გამოგადგებათ ბაზარზე ნაყიდი ბოლქვები, თუმცა, ისინი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
- ბოლქვი უნდა იყოს მკვრივი.
- არ უნდა ჰქონდეს დაზიანებისა და დაავადების კვალი.
- ოპტიმალური ზომის უნდა იყოს (5-8 სმ სიგრძეში, 3-4 – სიგანეში).
- უნდა ჰქონდეს ზრდის რამდენიმე წერტილი ანუ “თვალი”, როგორც დასარგავ კარტოფილს.
მოათავსეთ შერჩეული ბოლქვი 1 ჭიქა თბილი წყლისა და მარგანცოვკის რამდენიმე წვეთის ხსნარში. შემდეგ დაყავით ბოლქვი ნაწილებად, თითოეულ მათგანზე თითო წერტილი უნდა იყოს. ლპობის თავიდან ასაცილებლად, დაამუშავეთ ახალი ჭრილობები ხის ნახშირით.
ჯანჯაფილის ფესვი სიგანეში ძლიერად იზრდება, ანუ, დასარგავად განიერი, პლასტმასის ჭურჭელი უნდა აიღოთ. ამასთან, ჯანჯაფილის ნამდვილი ფესვები საკმაოდ ღრმადაც იზრდება, ამიტომ დიდ ჭურჭელში მოსავლის მიღების მეტი შანსი გექნებათ.
მცენარეს არ უყვარს ზედმეტი სითხე. მისი ბოლქვები რომ არ დალპეს, საჭიროა ხარისხიანი დრენაჟი. ამისთვის სადრენაჟო ხვრელის მქონე ქოთნები არსებობს. ნიადაგი მსუბუქი და ნესტგამტარი უნდა იყოს, შეგიძლიათ 2 წილი ნებისმიერი ბოსნტეულის მიწანარევი, 2 წილი ნაყოფიერი მიწა, 1 წილი მდინარის ქვიშა და 1 წილი კომპოსტი გამოიყენოთ.
დაყარეთ ფსკერზე 2-3 სმ სადრენაჟო ფენა კერამზიტით. გაავსეთ ქოთანი მომზადებული მასით, დაასველეთ თბილი წყლით. მოათავსეთ დასარგავი ბოლქვის ნაჭერი ჰორიზონტალურად, კვირტები ზემოთ უნდა იყურებოდეს. მოაყარეთ მიწა, კვირტი 2-3 სმ-თი მიწით რომ დაიფაროს. ამოსაცენებლად, ქოთანი თბილ, ნათელ ოთახში უნდა დადგათ.
ჯანჯაფილის პირველი მორჩი დარგვიდან 4 კვირაში ჩნდება. მის ნაზ ფოთლებს უყვარს გაფანტული შუქი, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა, ზომიერ რწყვასთან ერთად. თუ ფანჯარა სამხრეთისაა, მოგიწევთ მისი რეგულარული დატენიანება.
გაზაფხულზე, ჯანჯაფილისთვის ოპტიმალურია 18-20 გრადუსი, ხოლო ზაფხულში – 30. სამხრეთის მცენარისთვის დღის სინათლის ნორმალური ხანგრძლივობა 12-16 საათია.
მაღალი ტენიანობის შენარჩუნებას შეძლებთ, თუ მცენარეებსა და ღეროებს შეასხამთ წყალს ხშირად. მორწყეთ იგი დაყენებული ან გაფილტრული წყლით, ოთახის ტემპერატურაზე. დასველების შემდეგ, ნიადაგი უნდა გააფხვიეროთ.
თუ უხვი მოსავლის მიღებას აპირებთ, შეასუქეთ მწვანე მეგობარი ორგანული ხსნარებით.
ბაღში გადარგვა
ნიადაგში ჯანჯაფილის უფრო უხვი მოსავლის მიღება შეიძლება. ამიტომ, გაზაფხულის ბოლოს, ჩარგეთ ახალგაზრდა მცენარე ნაკვეთში. თუ ყინვებია მოსალოდნელი, დააბრუნეთ იგი სახლში.
თუ ჯანჯაფილი თებერვალში დარგეთ, ოქტომბერში პირველ მოსავალს მიიღებთ. როცა მცენარის ღეროები და ფოთლები ჭკნობას დაიწყებს, ჯანჯაფილი ფრთხილად ამოთხარეთ, გააცალეთ მიწა და შემდეგ გამოაშრეთ თბილ, განიავებად ოთახში.
შესაძლოა, თავიდან ბევრი ბოლქვი არ მიიღოთ, თუმცა, მის გემოს ვერც კი შეადარებთ ნაყიდ პროდუქტს, რაოდენობა საკმარისი იქნება საოჯახო სუფრისა და კერძების შეზავებისთვის.
თქვენ მოგიყვანიათ ჯანჯაფილი სახლში? გაამართლა მოსავალმა იმედები?