რატომ ამზადებენ გამჭრიახი დიასახლისები აჯიკას ყაბაყიდან

1093

როგორც ხალხში ამბობენ, ვინც ზაფხულსა და შემოდგომაზე არ ზარმაცობს, ის მომავალ მოსავლის აღებამდე დანაყრებული იქნება! გამოცდილმა მეაგარაკეებმა იციან, რომ ახლა ზამთრისთვის კიტრის, წიწაკის, პომიდვრის და ყაბაყის მოსამზადებლად საუკეთესო დროა. სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გთავაზობთ აჯიკის უჩვეულო რეცეპტს ყაბაყით.

აჯიკა ყაბაყით

დიახ, კლასიკური აჯიკის შემადგენლობაში ყაბაყი არაა, მაგრამ რაღაც განსხვავებული და საინტერესო რატომ არ ვცადოთ? დარწმუნებული იყავით ამ რეცეპტით მომზადებული სოუსი ხორცს, ფრინველს, მოხარშულ კარტოფილს შესანიშნავად მოუხდება. პურთან ერთადაც გემრიელია. ინგრედიენტების მითითებული რაოდენობით 3 ლ გემრიელ და ცხარე აჯიკას მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ყაბაყი
  • 300 გრ ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ პომიდორი
  • 300 გრ სტაფილო
  • 1 ცხარე წითელი წიწაკა
  • 50 გრ ნიორი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ მარილი
  • 100 მლ ძმარი
  • 2 ს/კ შაქარი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ბოსტნეული მოამზადეთ. გარეცხეთ, გააშრეთ, გაასუფთავეთ და ისე დაჭერით, რომ ხორცსაკეპ მანქანაში გატარება შეძლოთ. ბულგარულ წიწაკას თესლი მოაშორეთ, ცხარე წიწაკის თესლი შეგიძლიათ დატოვოთ.

2. ყველა ბოსტნეული ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მსხვილი პირი გამოიყენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტის დაქუცმაცება გაგიჭირდებათ. ჯერ ბულგარული წიწაკა და ნიორი გაატარეთ. უპირატესობა წითელ ბულგარულ წიწაკას მიანიჭეთ, რადგან ასე აჯიკას ლამაზი ფერი ექნება. ბოსტნეული მონაცვლეობით გაატარეთ, რომ ხორცსაკეპი მანქანა არ გაიჭედოს. აჯიკის ინგრედიენტები იმწამსვე აურიეთ.

3. ამის შემდეგ ბოსტნეულით სავსე ქვაბი ცეცხლზე დადგით. ძლიერ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად აურიეთ. შემდეგ ცეცხლს საშუალომდე დაუწიეთ და აჯიკა 30 წუთით ხარშეთ.

4. 30 წუთის შემდეგ აჯიკას შაქარი და მსხვილი მარილი დაუმატეთ. შემდეგ ძმარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და კიდევ 10 წუთით ხარშეთ. ამ ეტაპზე აჯიკის გემო გასინჯეთ და აუცილებლობის შემთხვევაში მარილიანობა და სიცხარე დააკორექტირეთ. თუ რაიმეს დამატებას გადაწყვეტთ, ნარევი კიდევ 5 წუთით ადუღეთ.

5. მზა აჯიკა სუფთა, მშრალ ქილებში ჩაასხით. ქილები შეგიძლიათ წინასწარ სოდით გარეცხოთ და ღუმელში 5-10 წუთით გამოაშროთ. სტერილიზება აუცილებელი არაა. ცხელი ქილები მოხუფეთ და თავსახურით ქვემოთ გადააბრუნეთ. ქილები გადასაფარებელში თბილად შეფუთეთ და 12-24 საათით გააჩერეთ. მზადაა!

ეს რეცეპტი შეინახეთ და მომენტი დაიჭირეთ, სანამ დახლებსა და ბოსტნებში წითელი, წვნიანი ბოსტნეული თავს იწონებს. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს