პომიდორი ერთ–ერთი ბოსტნეულის კულტურაა, რომელიც მეაგარაკებს დიდი ხანია შეუყვარდათ. მათ პრაქტიკულად ნებისმიერ ბოსტანში, ღია ნაკვეთსა და სათბურში ზრდიან. თითოეულ გამოცდილ მებოსტნეს თავისი ხრიკი აქვს, რაც უხვი მოსავლის მიღებაში ეხმარება.
ზოგჯერ წვნიანი და სასარგებლო ნაყოფის გაზრდა უპრობლემოდ არ გამოგვდის. იმ მომენტში, როცა ერთი შეხედვით, მხოლოდ მოკრეფა გვაკლია, მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ ბუჩქებმა ჭკნობა დაიწყო, ხოლო ჯერ კიდევ მოუმწიფებელი პომიდვრები გაშავდნენ.
რატომ ხდება ასე? სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მიზეზი, როგორც წესი, არასწორი მოვლა ან მავნებლებია. პრობლემა თავიდან რომ აიცილოთ, ნაყოფის გაშავების მიზეზი უნდა იპოვოთ.
რატომ შავდება პომიდორი
დაზიანებული ნაყოფის დათვალიერება საშუალებას მოგცემთ შავი ლაქების გაჩენის ზუსტი მიზეზი დაადგინოთ. დალაქავებული პომიდვრები გაშავებულ ადგილზე შუაზე გაჭერით. თუ მასში წვენი თითქმის არაა, ხოლო რბილობი საკმაოდ გამაგრებულია, საქმე მშრალი ტიპის ლპობასთან გვაქვს.
ეს დაავადება ნიადაგის ზედმეტი მარილიანობის გამო ვითარდება. მიზეზი შეიძლება იყოს სასუქის ხშირი გამოყენება ან ზედმეტი კონცენტრაცია. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია რაიმე სასუქის და საკვების მიწოდებაზე დროებით უარი თქვათ, რომ მიწას აღდგენის საშუალება მისცეთ ან პომიდორი ახალ ადგილას დარგოთ და სასუქის მიწოდების დოზა შეცვალოთ.
ლპობის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი მორწყვა. აქტიური განვითარების პერიოდში და ნაყოფის ფორმირების დასაწყისში ტენის დეფიციტის დროს მცენარე წყლის სტრესს განიცდის. შედეგად, ფოთლები ტენს თავისკენ იწოვენ, მათ შორის წყალს ნაყოფიდან იღებენ. ეს კი ლპობის გაჩენას იწვევს.
წლების განმავლობაში ლპობის მიმართ გამძლე კულტურები გამოიყვანეს. მათ შეიძლება მივაკუთვნოთ სახეობა „ასტრახანსკი“, „მორიანა“, „ლიანა“, „გრიბოვსკი 1180“, „ლია“, „მთვარიანი“, „რიჩანსკი“ და „ახტანაკი“.
პომიდვრის ნებისმიერი სახეობა მოვლის ყველა წესის დაცვას მოითხოვს. ნერგის დარგვის დროსაც ორმო გარკვეულ სიღრმეზე უნდა ამოთხაროთ, რომელიც სახეობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, თუ ორმო პატარა იქნება, მცენარის ფესვები შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს, რამაც შეიძლება მომწიფებამდე ნაყოფის გამუქება გამოიწვიოს.
დაავადებები, რომლებიც ნაყოფის გაშავებას იწვევენ
პომიდორი ისე ავადმყოფობს, როგორც ხალხი. ის შეიძლება ახლომდებარე მცენარიდან დაინფიცირდეს. პათოგენები ნაყოფზე შეიძლება მოხვდეს ქარით, კომპოსტით ან შეიძლება მიწაში იყოს.
1. ფიტოფთოროზი
Phytophthora infestans – უმარტივესი სოკო, რომელსაც გამრავლების ფენომენალური უნარი აქვს. ამ „მოსავლის გამანადგურებელს“ მოსავლის 10-დან 50%–მდე შემცირება, ზოგჯერ მთელი მოსავლის განადგურება შეუძლია.
ფიტოფთოროზი განსაკუთრებით სწრაფად მრავლდება წვიმიან, ნესტიან ამინდში. დაავადება თავიდან პომიდვრის ფოთლებზე ჩნდება: მათი ზედა ნაწილი ყავისფერი ლაქებით იფარება, ხოლო ქვედა ნაწილი – ნაცრისფერი ნადებით. თანდათანობით ფოთლები შავდება, შემდეგ ლაქები ნაყოფზეც ჩნდება.
ფიტოფთოროზი განსაკუთრებით სახიფათოა ივლისი–აგვისტოს პერიოდში. ამ დროში შეიმჩნევა ტემპერატურის დიდი ცვლილება და უხვი ნალექი. ფიტოფთორი შეიძლება გამოიწვიოს ძალიან უხვმა მორწყვამ. ამ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ ზედმეტ მორწყვაზე და მცენარეს ბორდოს ნარევით უნდა უმკურნალოთ.
2. ფომოზი
ეს დაავადება მხოლოდ ნაყოფს აზიანებს. პომიდორი ყუნწამდე შავდება. მისგან დაავადება ბოსტნეულის შიგნით ვრცელდება. შედეგად, პომიდორი ცვივა ისე, რომ ბოლომდე არ მწიფდება.
3. მაკროსპორიოზი
პომიდვრის კიდევ ერთი გავრცელებული სოკოვანი დაავადება. საწყის სტადიაზე დაზიანების ნიშნები შეიმჩნევა ქვედა ფოთლებზე: ჩნდება მრგვალი მშრალი ყავისფერი ლაქები დამახასიათებელი კონცენტრირებული ზოლებით.
თანდათანობით სოკო ღეროსა და ზედა ფოთლებზე ვრცელდება. დაზიანებულ ღეროს ყავისფერი, ამობურცული ფორმის ლაქა აქვს. შემდეგი ლაქა ნაყოფზეც ჩნდება.
ძალიან მალე დაავადება მთელ ბუჩქს იპყრობს, ფოთლები იხვევა და კვდება. სოკოს განვითარებით სპორების გამრავლება იწყება. სპორები ნიადაგში და მცენარის ნარჩენებზე იზამთრებენ და სიცოცხლისუნარიანობას 3 წელზე მეტხანს ინარჩუნებენ.
პროფილაქტიკის მეთოდები
გამოცდილი მებოსტნეები პროფილაქტიკის მიზნით ერთსა და იმავე ადგილს პომიდვრის დარგვას რამდენიმე წელი გაურბიან. პომიდვრის ნაკვეთი რეგულარულად უნდა მორწყათ, ასე ნიადაგის გამოფიტვას გამორიცხავთ.
პომიდვრის დარგვა რეკომენდებული არაა იმ ადგილას, სადაც მანამდე კარტოფილი იზრდებოდა. ეს მცენარეები მიწიდან ერთი და იმავე ნივთიერებას მოიხმარენ, ასევე ერთი და იმავე დაავადებისგან იტანჯებიან. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა ფიტოფთორი.
აუცილებელია კვალში ადგილი სწორად გაყოთ, მათ შორის საკმარისი სივრცე უნდა უზრუნველყოთ. იდეალური ინტერვალი 30 სმ–ს შეადგენს. რიგებს შორის მონაცვლეობით 30 და 70 სმ დაშორება გააკეთეთ, ასე მცენარეს სასარგებლო ნივთიერებები ეყოფა.
ზუსტი დოზირებით უნდა გამოკვებოთ, რადგან ზოგიერთი მინერალის ზედმეტად მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის, ფოთლების და პომიდვრის ღეროების გაშავება. აუცილებელია საკმარისი განათება უზრუნველყოთ. სასურველია, რომ კვლებს ნიავი ხვდებოდეს. მორწყეთ არა ცივი, არამედ თბილი წყლით ფესვებ ქვეშ და არა ფოთლებზე. ყლორტები უნდა შეკრათ, დაზიანებული და ძველი ფოთლები დროულად უნდა მოაშოროთ.
რა უნდა გააკეთოთ, თუ პომიდორი უკვე გაშავებულია?
თუ პროფილაქტიკის ზომების მიუხედავად პომიდორი მაინც გაშავებას იწყებს, მოსავალი სასწრაფოდ უნდა გადაარჩინოთ. ერთ–ერთი ღრუბლიანი დღე აირჩიეთ და პომიდვრის ბუჩქები დანამეთ. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა შემადგენლობა – ნივრის, კეფირი–წყლის, ქლორიდის. ასეთი ხსნარები მცენარეს სოკოს სპორებისგან იცავს.
მცენარის მორწყვა უნდა შეწყვიტოთ. თუ ნაყოფი ძლიერ დაზიანებული არაა, მოკრიფეთ, 70 გრადუს ტემპერატურაზე ცხელი წყლით დაამუშავეთ და მომწიფებამდე გააჩერეთ. დაავადებული ბუჩქები და ფოთლები კოცონში უნდა დაწვათ.
ამრიგად, პომიდვრის გაშავება შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა მოვლამ, ასევე დაავადებამ. თუ სასუქს დროულად მიაწოდებთ და მცენარეზე სწორად იზრუნებთ, რისკს მინიმუმამდე შეამცირებთ და წვნიანი და მწიფე პომიდვრის უხვ მოსავალს მიიღებთ. თუ პომიდორი დაავადებულია, დაუყონებლივ უნდა იმოქმედოთ.