კალიუმის სასუქი მთავარი დამხმარეა მებაღისა, რომელიც ოცნებობს უხვი მოსავლის მიღებაზე. იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ნაყოფის განვითარებისა და ფორმირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, გამოყოფენ კალიუმის მარილებს, კალიუმის კონცენტრირებულ და კომპლექსურ სასუქებს. ამ ბოლო სახეობას მიეკუთვნება კალიუმის მონოფოსფატიც.
როგორ გამოვიყენოთ კალიუმის მონოფოსფატი
მცენარეზე იყენებენ პრეპარატის ჩვეულებრივ ხსნარს. მცენარეებს ამ ხსნარით რწყავენ, ხანდახან ახეფებენ ან წვეთოვანი მორწყვის სისტემით უშვებენ. ფოთლების საგანგებო შესუქება რეკომენდებულია ხანგრძლივი წვიმების შემდეგ, კალიუმის მარაგის შესავსებად, რომელიც მცენარის მიწისზედა ნაწილებიდან ჩაირეცხა.
პომიდვრის სასუქი
კალიუმის მონოფოსფატს იყენებენ ცუდად მზარდი პომიდვრისთვის, განსაკუთრებით, განუვითარებელი ფესვთა სისტემის მქონე სახეობებისთვის. თუ შენიშნეთ, რომ ფოთლებს კიდეები ხმება და იხვევა, ფერი მუქდება, ნაყოფზე კი ჩნდება მომწვანო ფერის ლაქები, ესე იგი, სასუქის გარეშე ვერაფერს გახდებით: კალიუმისა და ფოსფორის ნაერთი უფრო მძლავრ ეფექტსაც იძლევა, ვიდრე ცალ-ცალკე, რითაც აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს. მოსავლის წლებში, სასუქის დამატებებს შორის, სასურველია 3 კვირამდე პაუზა.
კიტრის სასუქი
ჩვეულებრივ, გამოიყენება იმისთვის, რომ კიტრის ნაყოფი თანაბრად გაიზარდოს, ლამაზად გამოიყურებოდეს და არ ჰქონდეს მსხლისებრი, მრუდე ფორმები. კიტრი უნდა შეასუქოთ ძალიან ფრთხილად: კალიუმის სიჭარბე ამ კულტურისთვის მავნებელია და შემადგენლობაში მაგნიუმის რაოდენობის შემცირება შეუძლია. ამიტომ, დასაწყისისთვის, გამოსცადეთ ხსნარი მხოლოდ რამდენიმე მცენარეზე და შეამოწმეთ მათი მდგომარეობა რამდნეიმე დღეში. თუ შენიშნეთ, რომ უკეთ გაიზარდნენ, გააგრძელეთ იმავე შემართებით; ხოლო თუ ფოთლებზე მომწვანო-მოყვითალო მოზაიკური ლაქები გაჩნდა, შეამცირეთ კონცენტრაცია.
ყურძნის სასუქი
ჩვეულებრივ, ყურძენს, ზაფხულის მეორე ნახევარში და ზამთრისკენ ასუქებენ კალიმაგნიუმით. თუმცა, თუ ზაფხული გრილი და ტენიანი იყო, ვაზი ვერ ასწრებს კალიუმის ათვისებას, მძიმედ იტანს ზამთრის პერიოდს და შემდეგი წლის მოსავალი არასახარბიელო იქნება. ამ შემთხვევაში, გამართლებულია ყურძნის ინტენსიური წინასაზამთრო მომზადება კალიუმის მონოფოსფატის გამოყენებით. შესუქება შეიძლება როგორც ერთად, მორწყვით, ისე ფესვგარე სასუქის სახითაც(ამ შემთხვევაში რეკომენდებულია არაუმეტეს 1-2 გ/ლ წყალზე).
კარტოფილის სასუქი
კარტოფილი ძალიან კარგად პასუხობს კომპლექსურ სასუქს, ამიტომ კალიუმის მონოფოსფატი მისთვის შესაფერისი საკვებია. ჩვეულებრივ, მხოლოდ ფოთლების სასუქად გამოიყენება (კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 2-5 გ/ლ წყალზე), სეზონში ორჯერ. მორწყვისას, ფესვთა სისტემა უზომოდ იზრდება რაც ავნებს ბოლქვების ხარისხსა და რაოდენობას.
მცენარეებში კალიუმის უკმარისობის ნიშნები
როგორც წესი, კალიუმის უკმარისობა არა მაშინვე, არამედ ზაფხულის შუა პერიოდში ვლინდება:
- მცენარის ფერი მკრთალდება, ჩერდება ზრდა;
- რტოები თხელდება;
- ფოთლები ყვითლდება, შემდეგ მურიანდება, ყუნწებიანად ჭკნება;
- ფოთლები ნაოჭდება, იხვევა მილებად;
- ხანდახან, მცენარე უჩვეულოდ უხვად ყვავის, შემდეგ კი წვრილ ნაყოფს ისხამს.
3 მთავარი რჩევა კალიუმის სასუქთან დაკავშირებით
- კალიუმის სასუქი შემოდგომამდელ დაბარვამდე უნდა გამოიყენოთ;
- თუ ნიადაგი მსუბუქია, კალიუმის შემცველი სასუქი უნდა გამოიყენოთ გაზაფხულზე, რამდენადაც ასეთი ნიადაგიდან ნივთიერებები სწრაფად ირეცხება;
- კალიუმის სასუქი გამოიყენება კალციუმის შემცველ პრეპარატებთან ან კირთან ერთად, რამდენადაც მას მაღალი მჟავიანობა ახასიათებს.