როგორ გამოვიყენოთ გლიცერინი საყოფაცხოვრებო საქმეებში

1219

ცოტა ხნის წინ მეგობარს სტუმრად ვეწვიე და გავოცდი: თაროზე გლიცერინის უამრავი ბოთლი დავინახე. ვფიქრობ, ნებისმიერი გაოცდებოდა. ჩემს კითხვაზე მეგობარმა გაიცინა და ამიხსნა, თუ რაში სჭირდებოდა ამდენი გლიცერინი. აღმოჩნდა, რომ ის გლიცერინს სახლის დალაგების დროს იყენებს. და არა მხოლოდ იატაკის მოსაწმენდად, არამედ ტანსაცმლის და ფანჯრების გასაწმენდად, მცენარეების გამოსაკვებად და კიდევ ბევრი სხვა მიზნით.

მას შემდეგ სახლის დასალაგებლად გლიცერინის გამოყენება მეც დავიწყე. შედეგი გაგაოცებთ! ვერ ვხვდები, ეს საშუალება ასე კარგად როგორ მუშაობს. თითქოსდა ამ მიზნით არის შექმნილი. დღეს „პაპარაცი“ საყოფაცხოვრებო პრობლემების მარტივად გადაჭრის გზებს გიზიარებთ, რომელშიც გლიცერინი დაგეხმარებათ.

როგორ გამოვიყენოთ გლიცერინი სახლის დასალაგებლად

იატაკის გაპრიალება

იატაკის მოწმენდის შემდეგ სასურველ ბზინვარებას რომ მიაღწიოთ, გლიცერინი გამოიყენეთ. უბრალოდ 1 ვედრო წყალს ცოტა გლიცერინი დაუმატეთ და იატაკი ჩვეულებრივ მოწმინდეთ. შედეგი შეგიყვარდებათ და იატაკის სხვაგვარად მოწმენდას ვეღარ შეძლებთ.

არანაირი მტვერი

აღმოჩნდა, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა გლიცერინის გამოყენების შესახებ უკვე დიდი ხანია იციან. თუ ამ საშუალებით ზედაპირს გაწმენდთ, უფრო ნაკლები მტვერი დაჯდება. უბრალოდ გლიცერინი წყალს აურიეთ, სითხეში ჩვეულებრივი ჩვარი დაასველეთ და სველ წმენდას შეუდექით.

ლაქების ამოყვანა

აქაც ჩვეულებრივი გლიცერინი დაგეხმარებათ. ახლა, გახურებულ ზაფხულში ტანსაცმელზე კენკრის ლაქების პრობლემას ბევრი აწყდება. პრობლემურ ნაწილს გლიცერინი წაუსვით და 1,5 საათით გააჩერეთ. შემდეგ ქსოვილი წყალში გაავლეთ. წყალს წინასწარ მარილი აურიეთ.

ჩაის, ყავის ან შოკოლადის ლაქების ამოსაყვანად მარილი და გლიცერინი აურიეთ ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. ცხიმიანი ლაქების ამოსაყვანად გლიცერინი პრობლემურ ადგილს წაუსვით. ნახევარ საათში ლაქა მარლით გახეხეთ.

ყვავილებმა დიდხანს რომ გაძლოს

გადაჭრილი ყვავილები თვალს დიდხანს რომ გიხარებდეთ, წყლით სავსე ლარნაკს ცოტა გლიცერინი დაუმატეთ. 0,5 ლ წყალზე 1 ს/კ საშუალება საკმარისი იქნება. ასეთი ხრიკი რამდენჯერმე გამოიყენეთ, წყალი გამოცვალეთ და ღეროები გადაჭერით.

ტყავის ავეჯი

ტყავის ავეჯის მფლობელებმა იციან, რომ დროთა განმავლობაში დივნის ტყავი შეიძლება გაცვდეს და დალაქავდეს. ზედაპირის გადასარჩენად ბამბის ქსოვილი გლიცერინში ჩაალბეთ. შემდეგ ავეჯი კარგად გაწმინდეთ. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ შედეგი დაინახოთ.

რბილი თეთრეული

შეამჩნიეთ, რომ პირსახოცი, თეთრეული და ზოგიერთი სხვა ნივთი რეცხვის შემდეგ უხეშდება? თქვენ გლიცერინი გიშველით. როცა ნივთებს სარეცხი მანქანიდან გამოიღებთ, ჯერ გლიცერინის ხსნარში მოათავსეთ. ამისთვის 3 ლ წყალი და 1 ჩ/კ საშუალება აურიეთ. ნივთები ნახევარი საათით ამ ხსნარში გააჩერეთ, შემდეგ წყლის და ნიშადურის სპირტის ხსნარში გადაიტანეთ. მისი მომზადება მარტივია: 1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი 1 ლ წყალს დაუმატეთ. ნივთები ამ ხსნარში გაავლეთ და გასაშრობად გაიტანეთ.

სუფთა ფანჯრები

სამწუხაროდ, მტვერი ფანჯრებზეც ილექება. ამ პრობლემის გადასაჭრელად გლიცერინი და ეთილის სპირტი 1:10 პროპორციით აურიეთ. შეგიძლიათ ნიშადურის სპირტი დაუმატოთ. ფანჯრების საწმენდ შესანიშნავ საშუალებას მიიღებთ. სხვათა შორის, თუ სათვალის მინებს გლიცერინით გაწმენდთ, ისინი არ დაიორთქლება.

მცენარეების გამოკვება

გლიცერინი შეუცვლელი დამხმარეა ოთახის მცენარეების მოყვარულებისთვის. 10 ლ წყალი 100 მლ საშუალებას აურიეთ და ქოთნები ყოველი მეორე დღეს ან ყოველდღე მორწყეთ. ფოთლების გასაწმენდი ხსნარის მოსამზადებლად 100 მლ გლიცერინი 1 ლ წყალს დაუმატეთ.

ახლა უკვე იცით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ გლიცერინი საყოფაცხოვრებო საქმეებში. აღმოჩნდა, რომ ეს საშუალება არა მხოლოდ მრეწველობასა და კოსმეტოლოგიაში გამოიყენება. გამოცდილი დიასახლისები მისგან სარგებლის მიღებას შეძლებენ! იცით, კიდევ როგორ შეიძლება გლიცერინის გამოყენება? მოგვწერეთ კომენტარებში და საინტერესო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს