დაკონსერვებული საზამთროს რეცეპტი მონასტრის მსახურებისგან

1435

ოდესმე გქონიათ ზამთარში საზამთროს მირთმევის სურვილი? აი, დღეს სწორედ ამ სურვილის განხორციელებაში დაგეხმარებით. ზოგადად, უკვე მოდის საზამთროს სეზონის დასასრული, ამიტომ ახლა საუკეთესო დროა, მოამზადოთ საზამთრო ქილებში. ჩვენ დღეს ამ კერძის მონასტრულ რეცეპტს გთავაზობთ. აბა, რა გეგონათ, იქ წყალზე და პურზე ცხოვრობდნენ?

ჩვენი რედაქცია გიჟდება მონასტრულ რეცეპტებზე – ისინი ყოველთვის უბრალო, გასაგები და გემრიელია. რაღა თქმა უნდა, ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ საზამთროს კულინარიული შესაძლებლობები არ აქვს, რადგან გემრიელი რამის მომზადება ნებისმიერი რამით შეიძლება, მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ. ახლა კი აიღეთ საზამთრო და შეუდექით საქმეს.

დაკონსერვებული საზამთრო

ინგრედიენტები:

*ინგრედიენტების ეს რაოდენობა 4 სამლიტრიან ქილაზეა გათვლილი.

  • 1 დიდი საზამთრო
  • 5 ლ წყალი
  • 300 გ შაქარი
  • 150 გ მარილი
  • 200 მლ ძმარი

როგორ მოვამზადოთ საზამთროს კონსერვი

ჩვენ ასეთი გათვლა გვაქვს: ერთ ქილაში ორ კილომდე საზამთრო ჩაეტევა, წყალი კი იმის მიხედვით უნდა გათვალოთ, თუ რამდენად სავსეა ქილა – დაახლოებით 1 ლ-ზე ცოტათი მეტი უნდა იყოს. ჩვეულებრივ, დიდი საზამთრო 7-9 კგ-ს იწონის, ამიტომ მას 4 ქილაზე ვანაწილებთ. რა მოვუხერხოთ საზამთროს კანს? თუ მას სქელი ქერქი აქვს, შეგიძლიათ, რბილობს ცოტაოდენი თეთრი ნაწილი დაუტოვოთ, ნაჭრები რომ არ ჩაიშალოს. მე კონსერვი კანიანად გავაკეთე.

  1. საზამთრო კარგად გარეცხეთ და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად (დაახლ. 5-5 სმ). შეძლებისდაგვარად, გააცალეთ თესლი. თუ არ გამოგდით, არაუშავს, დატოვეთ (ითვლება, რომ ისინი გემოზეც ახდენს გავლენას, თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს).
  2.  ჩაალაგეთ ნაჭრები ქილაში და ეცადეთ, ძალიან არ ჩატკეპნოთ. ამ დროისთვის, მზად უნდა გქონდეთ მარინადი. გახსენით წყალში ყველაფერი, ძმრის გარდა, დაუმატეთ იგი სულ ბოლოს, როცა ქილები პირთამდე იქნება სავსე. თითოეულ მათგანში 50 მლ ძმარი ჩაასხით.
  3. დაახურეთ ქილებს თავსახური და დადგით გასასტერილებლად – ამისთვის 15 წუთი დაგჭირდებათ. შემდეგ მოხუფეთ ქილები, გადააბრუნეთ, შეფუთეთ და დაელოდეთ, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. ახლა შეგიძლიათ, თამამად შეალაგოთ საწყობში. მზადაა!

ჩვენ ვიცით სანელებლებიანი რეცეპტებიც (ნიორსაც ყრიან და შავ პილპილსაც), თუმცა, სპეციალურად ვთქვით მათზე უარი, რათა მონასტრის რეცეპტის ავთენტურობა სრულად შეგვენარჩუნებინა. მოგვწერეთ, გიცდიათ თუ არა ეს რეცეპტი, ან თქვენ როგორ ამზადებთ საზამთროს კონსერვს.

გემრიელი საზამთრო ქილებში მთელი წლის დანაზოგია. თუ ზაფხულის გემო მოგენატრებათ, გახსნით ქილას და მიიღებთ კიდევაც მას. ვფიქრობ, 4-5 საზამთროს დამუშავება მთელ ზამთარს გაგატანინებთ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს