დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ პეროგს „3 ჭიქა ვაშლით“. ეს საკმაოდ ტკბილი დესერტია, ამიტომ თუ უფრო თავშეკავებული გემო მოგწონთ, ნაკლები შაქარი დაუმატეთ.
ახლა ვაშლი მაღაზიებსა თუ ბაზარში ძვირი არ ღირს, ამიტომ რეცეპტი შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ, რადგან ჩაიზე რაღაც ტკბილის მიყოლება ყველას უყვარს.
პეროგი „3 ჭიქა ვაშლით“
ინგრედიენტები:
- 7 მჟავე ვაშლი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა მანანის ბურღული
- 150 გრ კარაქი ან 1 ჭიქა რძე
- ვანილი
- მარილი
- ატამი ან მსხალი
- დარიჩინი
მომზადება:
1. ყველა მშრალი ინგრედიენტი შესაფერის ჭურჭელში აურიეთ.
2. ვაშლი გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ახლა დარიჩინი დაუმატეთ.
3. საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ, როგორც ძირში, ასევე გვერდებზე.
4. მშრალი ინგრედიენტების ნარევი 4 ნაწილად გაყავით, გახეხილი ვაშლის ნარევი კი 3 ნაწილად.
5. ფენებად დააწყვეთ: მშრალი ნარევი, ვაშლის ფენა, მშრალი ნარევი და კვლავ ვაშლის ფენა. თითოეული ფენა გაასწორეთ, რომ ლამაზი ფორმა ჰქონდეს. ვაშლის შუა ფენას ნაჭრებად დაჭრილი ატამი ან მსხალი დაუმატეთ.
6. ყველაზე ზედა ფენა ჩანგლით დასერეთ და 1 ჭიქა რძე დაასხით. მთელ რძეს ტორტი შეიწოვს, ამიტომ ფრთხილად და ნელ–ნელა ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ. თუ კარაქს იყენებთ, ასე მოიქეცით: გაგრილებული ზედა ფენას დაახეხეთ და პეროგი ცხელ ღუმელში რამდენიმე წუთით შედეთ, რომ კარაქი გადნეს.
ამ პეროგს არაჟანი და ჩაი ძალიან უხდება. გარდა ამისა, ვაშლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად, მსხალი, თუ ის უფრო მეტად გიყვართ. პეროგის ზედა ფენა შეგიძლიათ კაკლით მორთოთ და ეს არა მხოლოდ ლამაზი იქნება, არამედ დესერტის ტექსტურას შეცვლის.
ზოგიერთი ტკბილეულის მოყვარული პეროგს შესქელებულ რძეს უმატებს, მაგრამ ჩვენი აზრით ასე ზედმეტად ტკბილი გამოდის და გემოები ერთმანეთში ირევა. თუმცა თუ უკვე მომზადებას იწყებთ, შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ!