ბებიაჩემს თავისი ნაკვეთი ყველაფერს ერჩივნა და სულ ამბობდა: “პომიდორი კარგია, მწვანე პომიდორი – უკეთესი”. მახსოვს, ზამთარში ყოველთვის გვქონდა დაკონსერვებული სხვადასხვა სიმწიფის პომიდვრები. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გავიგე, რომ მწვანე პომიდვრებისგან არამხოლოდ მწნილის ან მარილიანი დასაყოლებლის, არამედ უფრო მეტი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება.
როგორც აღმოჩნდა, ასეთი პომიდვრის თერმულად დამუშავება შესაძლებელია. შედეგმა ყველა ჩემი მოლოდინი გაამართლა! სხვათა შორის, მწვანე პომიდვრებმა თავიანთი კვალი მსოფლიო კულტურასაც დაატყვეს. რეჟისორმა ჯონ ევნეტმა ფილმიც კი გადაიღო, სახელად “შემწვარი მწვანე პომიდვრები”, ამერიკელი მწერლის, ფენი ფლეგის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ახლა ამ და სხვა რეცეპტებს გაგიზიარებთ.
საფანელში შემწვარი მწვანე პომიდორი
ლეგენდარული რეცეპტი, რომელიც ჩვენთან ამერიკიდან მოვიდა. ასე მომზადებული პომიდორი მადისაღმძვრელად ხრაშუნობს გარედან, შიგნით კი ნაზი რჩება.
ინგრედიენტები:
- 4 პომიდორი
- 1 კვერცხი
- 50 გ ხორბლის ფქვილი
- 50 გ სიმინდის ფქვილი
- ზეთი გემოვნებით
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- ფქვილის ორი სახეობა სხვადასხვა თასში ჩაყარეთ. გარე ფენისთვის სიმინდის ფქვილი გამოიყენეთ! ასე პომიდორი მადისაღმძვრელად დაბრაწული და ხრაშუნა გამოვა.
- დაჭერით პომიდორი 1 სმ სისქის რგოლებად. ამოავლით ხორბლის ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ სიმინდის ფქვილში. შეწვით გაცხელებულ ზეთზე ორივე მხრიდან, ოქროსფერ ქერქამდე.
გატენილი მწვანე პომიდორი
ინგრედიენტები:
- 4 კგ პომიდორი
- 3 კონა ნიახური
- ოხრახუში გემოვნებით
- 3 სტაფილო
- 1 თავი ხახვი
- 1 ცხარე წიწაკა ჩილი
- 1 თავი ნიორი
- 1 ჩ.კ. პილპილის მარცვლები
- 1 ჩ.კ. მდოგვის თესლი
- 6 ს.კ. მარილი
- 3 ლ წყალი
მომზადება
- წვრილად დაჭერით ნიახურის ფოთლები, ხახვი, ნიორი, წიწაკა და ოხრახუში. შეურიეთ დახეხილ სტაფილოს. მიღებული მასით გატენეთ პომიდვრები, რომლებშიც სათითაოდ უნდა გააკეთოთ ერთი ღრმა ჭრილი.
- ახლა მოამზადეთ მარინადი: აადუღეთ წყალი მარილით, მდოგვითა და პილპილის მარცვლებით. დაასხით იგი პომიდვრებს და დაახურეთ თეფში. გააჩერეთ ბოსტნეული ასე 3 დღით, ოთახის ტემპერატურაზე.
მწვანე პომიდვრის სალსა
ინგრედიენტები
- 4 მწვანე პომიდორი
- 0.5 თავი ხახვი
- 1 ცხარე მწვანე წიწაკა
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 1 კონა ქინძი
- 1 ს.კ. ლაიმის წვენი
მომზადება
- დაჭერით პომიდვრები შუაზე და გააცალეთ თეთრი მყარი გული. მოათავსეთ ბლენდერის ფინჯანში ქინძთან, წიწაკასთან, მარილთან, ლიმონის წვენთან ერთად და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ხახვი ძალიან მწარე რომ არ გამოვიდეს, ჩაალბეთ წინასწარ წყალში 20 წუთით (დაქუცმაცებული).
მწვანე პომიდვრის ხიზილალა
ინგრედიენტები:
- 1 კგ მწვანე პომიდორი
- 900 გ მწვანე ბულგარული წიწაკა
- 600 გ ხახვი
- 75 გ ნიახურის მწვანილი
- 2 ს.კ. შაქარი
- 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 0.5 ჩ.კ. შავი დაფქული პილპილი
- 6 კბილი ნიორი
- 0.5 ჩ.კ. წითელი წიწაკა
- 3 ს.კ. ზეთი
მომზადება
- ბოსტნეული დაჭერით, რათა ხორცსაკეპში მოხერხებულად გაატაროთ. მოამზადეთ ბოსტნეულის ფარში, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და სუნელები.
- ხარშეთ მასა 2 საათით ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ ძმარი და ხარშეთ 20 წუთით. მზა ხიზილალა უბრალოდ ჩაასხით ქილებში, მოხუფეთ და გააგრილეთ პირსახოცში გახვეული.
ადრეულ შემოდგომაზე, როცა პომიდვრის ბოლო ნაკადი მწიფდება, დახლებზე მწვანე ბოსტნეულსაც იპოვით. სწორედ მაშინაა ზამთრისთვის მათი მომზადების დრო.