დამეთანხმეთ, რთულია დაიწყოთ დღე ფინჯანი ჩაის ან ყავის გარეშე. ადამიანების უმეტესობისთვის ეს ერთგვარი რიტუალი, აზრების მოკრეფის და სამუშაო განწყობის შექმნის მეთოდია. პირადად, მე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება გემრიელი, ძლიერი ყავის გარეშე. ყოველ დილით ყავას ძველი იტალიური რეცეპტით ვადუღებ. დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ ოსტატობას, როგორ უნდა მოხარშოთ ყავა გეიზერის ყავის მადუღარაში.
როგორ მოვხარშოთ ყავა გეიზერის ყავის მადუღარაში
1933 წელს იტალიელმა მეწარმემ ალფონსო ბიალეტმა გეიზერის ყავის მადუღარა დააპატენტა და მისი წარმოება დაიწყო. მას შემდეგ მადუღარას იტალიურს უწოდებენ. ყავის ხარშვის თავისებური მეთოდის გამო მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. ამ აპარატთან ჩემი ნაცნობობა სხვენში მოხდა, როცა ძველ ნივთებს ვარჩევდი. ძველი, ბებიის ნაქონი ყავის აპარატი ვიპოვე და დღემდე ყავას მხოლოდ მასში ვხარშავ.
სხვათა შორის, იტალიურ ყავის მადუღარას „მოკასაც“ უწოდებენ. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ასე ეწოდება ალფონსოს სავაჭრო ნიშანს – „მოკა ექსპრესი“. მოკა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასმელი, რომელიც რაღაცით ჰგავს თურქული ყავის და ფრენშ–პრესის ყავის მიქსს.
მომზადების პროცესი
მოწყობილობის კონსტრუქცია ძალიან მარტივია: წყლის განყოფილება, ყავის ფილტრი და ზედა რეზერვუარი მზა სასმელისთვის. თითოეული მოკა კონკრეტული რაოდენობის ფინჯანზეა გათვლილი. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მოცულობის წყალი უნდა დაუმატოთ, ხოლო ფილტრი ყავით ბოლომდე გაავსოთ.
1. ყავის მადუღარას ქვედა ნაწილი ცხელი წყლით უსაფრთხოების ზოლამდე გაავსეთ. თუ ცივ წყალს დაასხამთ, ყავა რამდენიმე წუთით უფრო დიდხანს მოიხარშება.
2. თქვენ საშუალოდ დაფქული ყავა დაგჭირდებათ. ის ოდნავ მსხვილი უნდა იყოს, ვიდრე ესპრესო, თუმცა უფრო წვრილი, ვიდრე ფრანგული პრესი. აქ უკვე ყავის მადუღარით შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ – დროთა განმავლობაში ინდივიდუალურად შეარჩევთ.
3. ყავის ფილტრი კიდემდე გაავსეთ და მოკაზე მოათავსეთ. შემდეგ ყავის მადუღარის ქვედა და ზედა ნაწილი შეაერთეთ და გაზქურაზე დადეთ. თავსახური დაახურეთ.
4. რამდენიმე წუთში ზედა რეზერვუარში მზა ყავის დაგროვება დაიწყება. ამ მომენტში თავსახური უნდა გადახადოთ და სასმელს ყურადღებით დააკვირდეთ. როგორც კი მოკა „თუხთუხს“ დაიწყებს, ცეცხლიდან გადმოდგით. როცა ყავა ადუღდება, ფილტრიდან ორთქლი გამოვა. სწორედ ამიტომ, ფრთხილად იყავით, რომ არ დაიწვათ.
5. ყავის მადუღარა აიღეთ და ცივ, გამდინარე წყალში მოათავსეთ, რომ ამოქაჩვის პროცესი შეაჩეროთ. ახლა გემრიელი ყავა მზადაა და შეგიძლიათ ფინჯნებში ჩაასხათ.
სხვათა შორის, სანამ მოკას გამოიყენებთ, სჯობს მდუღარე წყალში ჩადებით გაათბოთ. ერთ ფინჯანზე 5 ჩ/კ ყავა, ზუსტად 24 გრ დაგჭირდებათ. ასეთი პორციისთვის 10-ჯერ უფრო მეტი წყალი უნდა აიღოთ, ანუ 240 მლ. გამოგივათ ზუსტად 1 ფინჯანი. არომატულ ყავას გისურვებთ!