რის გამო ჩნდება კანალიზაციის სუნი სააბაზანოში

2860

სააბაზანო ოთახში კანალიზაციის უსიამოვნო სუნი შეიძლება რამდენიმე მიზეზმა გამოიწვიოს. ამ პრობლემას ეჯახება როგორც მრავალსართულიანი კორპუსის, ასევე კერძო სახლის ბინადრები. დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, რა იწვევს უსიამოვნო სუნს და როგორ მოვაგვაროთ პრობლემა.

უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად არსებობს ჰიდროსაკეტი. უნიტაზში ეს ჩაშენებული კონსტრუქციაა, ნიჟარაში ამ როლს ასრულებს სიფონი, ხოლო საშხაპეში – ტრაპი. საკანალიზაციო სუნის შესაკავებლად სწორედ ჰიდროსაკეტი გვჭირდება. უსიამოვნო სუნი ხშირად გაუმართავი კონსტრუქციის გამო ჩნდება, მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც.

კანალიზაციის სუნი სააბაზანო ოთახში

არასწორად დაყენებული საკანალიზაციო სისტემა

სუნი შეიძლება მილების არასწორი მონტაჟის გამო გაჩნდეს. სუნის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად შეამოწმეთ, ყველა მილი სწორად შეერთებული და ყველა შემაერთებელი კარგად მოჭერილი თუა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მილები დიდი ხნის წინ დაამონტაჟეთ, სჯობს შუასადებები გამოცვალოთ და მილებისთვის შემავსებელი საყელო შეარჩიოთ. პროფილაქტიკისთვის მილები ხშირად გარეცხეთ.

სარეცხი მანქანა

სუნი შეიძლება არასწორად დაყენებული სარეცხი მანქანის გამო გაჩნდეს. თუ სადრენაჟო შლანგს არასწორად დააყენებთ, ის კანალიზაციის უსიამოვნო სუნის წყარო გახდება. მდგომარეობის გამოსასწორებლად სჯობს სადრენაჟო შლანგი არა კანალიზაციას, არამედ უნიტაზს ან ნიჟარას შეუერთოთ. ასევე სუნი შეიძლება სარეცხი მანქანის სანიაღვრე ტუმბოს ფილტრის ჩაკეტვამ გამოიწვიოს. ფხვნილის ჩასაყრელ განყოფილებას ჩახედეთ.

თუ სარეცხი მანქანის წმენდას სათანადო ყურადღებას არ დაუთმობთ, დროთა განმავლობაში სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელ უჯრაში ნადები და ობი გაჩნდება, რაც მიკრობების და უსიამოვნო სუნის განვითარებას ხელს უწყობს. საკმარისია, პერიოდულად სარეცხი მანქანა სპეციალური ან თვითნაკეთი საშუალებით გაწმინდოთ და მაღალი ტემპერატურის რეჟიმი ჩართოთ, რომ სოკო მოიშოროთ.

მილის დაზიანება

ბინაში მილი შეიძლება დაზიანდეს იმ პირაპირების გამო, რომლებიც ჰერმენტულად დალუქული არაა. ეს ცენტრალურ მილში გაზის და ტენიანობის გაჟონვას გამოიწვევს. ძველ სახლებში კანალიზაციის უსიამოვნო სუნის პრობლემები უფრო ძლიერ შეიმჩნევა, განსაკუთრებით შენობის ქვედა სართულებზე.

თუ მილების პრობლემა სარდაფში არსებობს, დაუყონებლივ შესაბამისი ორგანოები უნდა გამოიძახოთ, რადგან სიტუაცია ავარიულად ითვლება, ხოლო მილები დიდი ხანია უკვე უნდა შეიცვალოს. დაუყონებლივ უნდა იმოქმედოთ, რადგან გაჟონვა ჰაერს წამლავს და მიკრობების გამრავლებას ხელს უწყობს. ჩვეულებრივი, ბინაში მილის დაზიანება შესამჩნევია, განსაკუთრებით, თუ ეს ძველი ბინაა ძველი გაყვანილობით. თუჯის მილებზე ბზარები და ნახვრეტები ჩნდება.

ვენტილაციის პრობლემები

ვენტილაციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ ის გაუმართავად მუშაობს, უსიამოვნო სუნი გარდაუვალია. შეგიძლიათ შეამოწმოთ, მუშაობს თუ არა ვენტილაცია თქვენს სახლში. ამისთვის სავენტილაციო ხვრელს ქაღალდი მიადეთ. თუ ქაღალდი არ მიეკვრება, გამოდის ვენტილაცია გაუმართავია. ჰაერის მოძრაობის გასაუმჯობესებლად სავენტილაციო ხვრელში დამატებითი ვენტილატორი დააყენეთ. თუ ასეთი ვენტილატორი არ გაქვთ, სჯობს სპეციალისტი გამოიძახოთ, რომელიც სავენტილაციო არხს გაწმენდს.

უხარისხო სანტექნიკა

სანტექნიკის იაფი ელემენტი არც თუ ისე ხარისხიანი მასალისგან მზადდება, ამიტომ საკმაოდ სწრაფად ცვდება. თუ სამზარეულოში ან სააბაზანოში წყლის წვეთას დიდხანს უგულებელყოფთ, დროთა განმავლობაში ის დალპება. სწორედ ამიტომ, შუასადებები ხშირად გამოცვალეთ, რომ ონკანი სუფთა იყოს. უსიამოვნო სუნი შეიძლება უნიტაზის ავზში დაგუბებულმა წყალმა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია სანტექნიკა სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდოთ, რათა სუნიანი ნადები თავიდან აიცილოთ.

გაუმართავი სიფონი

სიფონი წყლის დონიდან 23 სმ–ს ქვემოთ ჰიდროსაკეტში უნდა მდებარეობდეს. სიფონის გაჭედვამ შეიძლება უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს. სუნის თავიდან ასაცილებლად სიფონი სწორად დააყენეთ და მის სისუფთავეს ყურადღება მიაქციეთ. დრო და დრო სიფონი და გოფრა სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეთ.

გამოშრობა და ჰიდროსაკეტის მოშლა

ჰიდროსაკეტში წყლის დონე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ წყალი არასაკმარისია, სუნი გარეთ გამოდის და ჰიდროსაკეტი მის განეიტრალებას ვერ ახერხებს. ასეთი სიტუაცია მაშინ იქმნება, როცა კანალიზაციაში წნევა მკვეთრად იზრდება. მაგალითად, თუ იატაკის გაწმენდის შემდეგ 1 ვედრო წყალს უნიტაზში ჩაასხამთ. სითხის დიდი მოცულობა ჰიდროსაკეტის მოშლას და გაზის გათავისუფლებას გამოიწვევს.

ზემოთ მცხოვრები მეზობელი

ზედა სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა რემონტის დროს შეიძლება სავენტილაციო ფართო მილი გადაჭრას და ის უფრო თხელით ჩაანაცვლოს. ეს მთელ კორპუსში სავენტილაციო სისტემას ხელს შეუშლის. თუ მეზობელთან შეთანხმებას ვერ მოახერხებთ, შესაბამისი ორგანოების გამოძახება მოგიწევთ. მილის სიფართე მარეგულირებელი დოკუმენტით განისაზღვრება და მისი შეცვლა შეუძლებელია იმის გამო, რომ ვიღაცას ფართო მილი თვალში არ მოეწონა.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვენტილაცია გარეთ გადის და, თუ სხვენში ან სახურავზე ის შემთხვევით გაიჭედა ან ყინვაში გაიყინა, ეს ბინაში უსიამოვნო სუნს გამოიწვევს. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება, მაგრამ ამისთვის დროულად უნდა გაარკვიოთ, თუ რა არის უსიამოვნების გაჩენის მიზეზი. თქვენ ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს