გიყვართ პიცა? მე ძალიან! სწორედ ამიტომ, რეცეპტი, რომელიც ნეაპოლში მცხოვრებმა მეგობარმა გამიზიარა, ნამდვილად ძალიან გამომადგა. ამასთან ეს არა თავად პიცის, არამედ მისი ცომის რეცეპტია.
იცით თუ არა, რომ გემრიელი პიცის საიდუმლო არა მხოლოდ შიგთავსში, არამედ წარმატებულ საფუძველშია? ის ბრილიანტის ბუდესავითაა. ამ რეცეპტით ფქვილის საფუძველი თხელი და ძალიან რბილი გამოვა, თავად მომზადების პროცესი დიდ დროს არ წაგართმევთ, რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა ან კულინარიული ოსტატობა არ სჭირდება.
როგორ მოვამზადოთ პიცის ცომი
დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ პიცის თხელი, გემრიელი და რბილი ცომი სახლის პირობებში. ახლა ჩემი სახლში გამომცხვარი პიცა იტალიაში გასინჯულს არაფრით ჩამოუვარდება!
ინგრედიენტები:
- 400 გრ ხორბლის ფქვილი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 8 გრ მშრალი საფუარი
- 1 ს/კ შაქარი
- 2,5 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 220 მლ წყალი
- ცოტა ფქვილი და ზეთი ცომთან სამუშაოდ
მომზადება:
1. ფქვილი მარილს აურიეთ, შემდეგ საცერით მაგიდაზე ან თასში გაცერით. ცენტრში პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ.
2. მოსახერხებელ ჭურჭელში საფუარი და შაქარი თბილ წყალში გახსენით და ფქვილს ჩაღრმავებაში ჩაასხით.
3. ცენტრიდან დაიწყეთ და ცომი ხელებით ან კოვზით მოზილეთ, ნელ–ნელა ფქვილი კიდეებიდან აიღეთ. პროცესში 2 ს/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.
4. 5 წუთის განმავლობაში ცომი ხელით ისე მოზილეთ, რომ ის მოქნილი და ელასტიკური გახდეს.
5. ცომი დაამრგვალეთ.
6. თასის კედლებს და ძირს ზეითუნის ზეთი თხლად წაუსვით, შემდეგ ცომი ჩადეთ, სამზარეულოს პირსახოცი ან საკვები პარკი დააფარეთ.
ცომი ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით გააჩერეთ. ცომი მოცულობაში 2–ჯერ უნდა გაიზარდოს.
7. ცომი 2 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული გააბრტყელეთ, ზემოდან შიგთავსი მოათავსეთ.
8. შიგთავსი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. ცომზე წასასმელი სოუსის სახით პომიდვრის პასტა ან მაიონეზი გამოიყენეთ. ძეხვი ძალიან თხელ ფირფიტებად ან კუბებად დაჭერით.
ხმელი ყველი გახეხეთ. საყვარელი სანელებლები და ახალი მწვანილი: კამა, ოხრახუში ან რეჰანი დაუმატეთ.
ეს რეცეპტი ნამდვილად გიშველით, როცა ცხელი პიცით პირის ჩატკბარუნებას დააპირებთ, ხოლო პიცერიაში ან სუპერმარკეტში წასვლა გეზარებათ. სწორი პროპორციების და პროდუქტების რაოდენობის დაცვის შემთხვევაში რბილ, თხელ და ელასტიკურ ცომს მიიღებთ. ნებისმიერი შიგთავსით შეავსეთ და სუფრაზე გემრიელი და არომატული პიცა გაჩნდება.