„უკვე 2 დღეა სახლი სტუმრებით სავსეა და დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გავშალე მეუღლის დაბადების დღისთვის სუფრა.“ – ნაცნობი პრობლემაა? ყველას, ვინც ამ კითხვას დადებითად უპასუხა, „პაპარაცი“ შესანიშნავ გადაწყვეტილებას სთავაზობს – სალათი „ჩინგიზ–ყაენი“. დარწმუნებული ვართ, ფერადი, ფენებიანი სალათი შავქლიავით და კაკლით საუკეთესო გამოსავალი გახდება თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე!
ბევრი დარწმუნებულია, რომ ორიგინალური სართავი ნებისმიერ სალათს უფრო გემრიელს ხდის. თუმცა დღეს დავამტკიცებთ, რომ ჩვეულებრივი მაიონეზით ნამდვილი კულინარიული შედევრის შექმნა შეიძლება.
სალათი შავქლიავით და კაკლით
ინგრედიენტები:
- 2 ჭარხალი
- 1 სტაფილო
- 70 გრ შავქლიავი
- 100 გრ ხმელი ყველი
- 2 კბილი ნიორი
- 250 გრ ქათმის ფილე
- 80 გრ ნიგოზი
- მარილი გემოვნებით
- მაიონეზი გემოვნებით
მომზადება:
1. პირველ რიგში, ჭარხალი და სტაფილო მიწისგან კარგად გაასუფთავეთ, შემდეგ ქვაბში მოათავსეთ და მოხარშეთ. სანამ ბოსტნეული იხარშება, ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. როცა ბოსტნეული მზად იქნება – გააგრილეთ, გათალეთ და ასევე მსხვილ ზოლებად გახეხეთ.
2. შემდეგ შავქლიავი პატარა თასში ჩაყარეთ, მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ ქაღალდის პირსახოცზე გაამშრალეთ, შემდეგ დააქუცმაცეთ.
სანამ შავქლიავი შრება, ნიორი თხელ ზოლებად დაჭერით, კაკალი დააქუცმაცეთ.
3. ახლა ქათმის ფილე მცირე ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. სიტყვაზე, ხორცის დამარილება არ დაგავიწყდეთ.
4. ახლა ისღა დაგრჩენიათ, სალათი ააწყოთ. პირველ ფენად ნახევარი ჭარხალი მოათავსეთ, შემდეგ ქათმის ხორცი, ზემოდან დაქუცმაცებული კაკალი მოაყარეთ. შემდეგ მაიონეზი, სტაფილო და ყველი დაუმატეთ, შემდეგ კვლავ მაიონეზი მოასხით.
5. ბოლო ფენად შავქლიავი, დარჩენილი ჭარხალი და ნიორი, შემდეგ მაიონეზის კიდევ ერთი ფენა დაუმატეთ და ახალი მწვანილით მორთეთ.
სუფრაზე გატანის წინ მაცივარში შეინახეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ.
უბრალოდ ნახეთ, ბოლოს როგორი გემრიელობა გამოდის! ცდუნებას როგორ უნდა გაუძლოთ ისე, რომ ეს გემრიელობა სტუმრების მოსვლამდე არ გასინჯოთ?
მოკლედ, სიამოვნებაზე უარი რატომ უნდა თქვათ?
გემრიელად მიირთვით!