სახლში მარტო ყოფნისას წარმოუდგენელ შთაგონებას ვგრძნობ. რაღაცის შექმნა მსურს, ოღონდ კონკრეტულად რა გავაკეთო, არ ვიცი! თუ ეს გრძნობა თქვენთვისაც ნაცნობია, შესანიშნავ გადაწყვეტილებას გთავაზობთ.
თქვენს შთაგონებას კულინარიული ნიჭის განვითარებისკენ ხომ არ მიმართავდით? მაგალითად, რას იტყვით შოკოლადის ფხვიერი ნამცხვრის გაკეთებაზე? ასე სარგებელს და სიამოვნებას ერთად მიიღებთ.
„პაპარაცმა“ უკვე მოგიმზადათ წარმოუდგენლად გემრიელი შოკოლადის ბურთების რეცეპტი და მზადაა დესერტის მომზადების თითოეული ეტაპი დეტალურად აღგიწეროთ. ასე ფხვიერი ნამცხვრის მომზადება გაგიმარტივდებათ!
ამბობენ, რომ თუ მზა დესერტს გასინჯვამდე მთელი ღამე გააჩერებთ, დილით კიდევ უფრო გემრიელი იქნება. წარმოდგენა არ მაქვს, ამისთვის რა მოთმინებას უნდა ფლობდეთ! თქვენ შეძლებდით?
როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი
ინგრედიენტები:
- 250 გრ კარაქი
- 100 გრ შაქრის ფხვნილი
- 250 გრ კარტოფილის სახამებელი
- 1 კვერცხი
- 250 გრ ფქვილი
- 1 გრ ვანილი
- 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- 100 გრ რძიანი შოკოლადი
მომზადება:
1. პირველ რიგში, თასი აიღეთ და ოდნავ დარბილებული კარაქი, კვერცხი და შაქრის ფხვნილი აურიეთ. ამის შემდეგ ინგრედიენტები ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
2. ამის შემდეგ დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, ვანილი, სახამებელი და ფქვილი. ცომი მოზილეთ.
3. ღუმელი 200 გრადუსამდე ჩართეთ და გახურებამდე ფხვიერ ნამცხვრებს ფორმა მიეცით.
ფორმირება დიდ დროს არ წაგართმევთ. უბრალოდ ცომის პატარა ნაჭრით ერთნაირი ზომის ბურთები გააკეთეთ. ფხვიერი ნამცხვარი ძალიან რბილი არ უნდა იყოს, რადგან შეიძლება ზედმეტად მშრალი გამოვიდეს.
ფხვიერი ნამცხვარი რომ არ დაიწვას, საცხობ ფორმაზე სილიკონის ხალიჩა ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ.
4. ამის შემდეგ ფხვიერი ნამცხვრები 15 წუთით აცხვეთ. მზა ტკბილეული ღუმელიდან გამოიღეთ, კარგად გააგრილეთ და კაკაოს ფხვნილში ამოავლეთ.
5. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შოკოლადის ჭიქურით მორთოთ. ამისთვის რძიანი შოკოლადი დატეხეთ, ღრმა თეფშზე მოათავსეთ და გასადნობად მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წუთით შედეთ. ამის შემდეგ ნამცხვარს ზემოდან თხელ ხაზებად მოასხით და ჭიქურის გამაგრებას დაელოდეთ.
ესეც ასე, გასაოცარი შოკოლადის დესერტი ჩაიზე მისაყოლებლად მზადაა. მარტივად გაუმკლავდით თუ რაიმე დამატებითი კითხვა გაქვთ? კომენტარებში აუცილებლად მოგვწერეთ და ვეცდებით სწრაფად გიპასუხოთ. გემრიელად მიირთვით!