როგორ შევინახოთ ახალი და ხრაშუნა სტაფილო გაზაფხულამდე

0
1334

ამბობენ, რომ ფულის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მოგების სიხარული. თუ ფულთან ერთად მძიმე შრომის შედეგს კარგავთ, ამ ტკივილის სიტყვებით აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. ასეთი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ნახეთ, როგორ შეინახოთ სტაფილო მომავალ ზაფხულამდე სახლის პირობებში.

როგორ შევინახოთ სტაფილო სახლის პირობებში

სტაფილო ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია. ის ჩემპიონია კაროტინის შემცველობით, რომელიც ორგანიზმში თვალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ A ვიტამინად გარდაიქმნება. ამ ბოსტნეულისგან იმდენი კერძის მომზადება შეიძლება, რომ ჩამოთვლა შეუძლებელია.

კერძო სახლში

სტაფილო გადაარჩიეთ. დიდხანს შესანახად მხოლოდ მთელი, დაუზიანებელი და დაუმჭკნარი საშუალო ზომის ძირნაყოფი შეარჩიეთ. ასევე არ ინახება მწვანე თავიანი ნაყოფი.

დანარჩენი შეგიძლიათ იმწამსვე გამოიყენოთ ან გახეხოთ და გაყინოთ.

1. თუ დიდი ემალის ქვაბი გაქვთ, მშრალი და სუფთა სტაფილო ვერტიკალურად ჩააწყვეთ, ქსოვილი დააფარეთ და თავსახური დაახურეთ. ასეთ პირობებში სტაფილო შეგიძლიათ თებერვლამდე შეინახოთ.

2. შენახვის ვადის გაზრდას ხმელი წიწვოვანი ნახერხით ან ხის ნაცრით შეძლებთ. სტაფილო შაქრის ტომრებში ან ყუთებში ჩააწყვეთ, ნახერხი (ნაცარი) დააყარეთ. ბნელ ადგილას, თავსახურის გარეშე შეინახეთ. ასე წვნიან ძირნაყოფს შუა გაზაფხულამდე შეინახავთ.

3. გთავაზობთ ძველ რეცეპტს: თიხა, კირი და წყალი აურიეთ. თითოეული სტაფილო მასში ამოავლეთ და გააშრეთ. თიხა ქმნის გარსს და სტაფილო არ გახმება, კირი კი დეზინფექციას უკეთებს და ლპობისგან იცავს.

4. გამოცდილი მებოსტნეების აზრით, სტაფილოს ქვიშაში შენახვა საუკეთესო მეთოდია.

ამასთან ნაყოფს თანაბარ ფენად აწყობენ და ქვიშას აყრიან. სტაფილოს ფენა, შემდეგ ქვიშის ფენა.

ქვიშის ოპტიმალური ტენიანობის პირობებში (ქვიშა არ უნდა იყოს სველი, მაგრამ არც ძალიან მშრალი) ზაფხულის დასაწყისამდე ახალ და გემრიელ სტაფილოს შეინახავთ.

ბინაში

1. ქალაქის ბინაში, სადაც არ არის ბეღელი ან სარდაფი, შეგიძლიათ სტაფილო შემინულ აივანზე შეინახოთ. იდეალურ შემთხვევაში, ამისთვის დაგჭირდებათ იზოლირებული ყუთი სავენტილაციო ხვრელებით.

ბოსტნეულზე მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს და ტემპერატურა ნულის ქვემოთ არ უნდა დაეცეს. სტაფილო ვაშლის და კარტოფილის გვერდით არ შეინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გემო შეიძლება დაკარგოს.

2. ძირნაყოფები პატარა ყუთებში გადაანაწილეთ. ოდნავ სველი ქვიშით, ნახერხით, მშრალი ხახვის ფურცლებით ან ქვიშის და გაცრილი ხის ნაცრით აავსეთ.

თუ ბოსტნეულის მარაგი ცოტაა, შეგიძლიათ თითოეული ნაყოფი მშრალ გაზეთში გაახვიოთ. ასე მოსავალს აივანზე შუა ზამთრამდე შეინახავთ.

3.შეგიძლიათ ქვაბში პარაფინი გაადნოთ და სუფთა ძირნაყოფები სრულად დაფაროთ. ასე სტაფილოს შენახვის ვადას 4 თვე გაზრდით.

სტაფილოს სახლის პირობებში შენახვა საკმაოდ მარტივია. მთავარია, ყველა აუცილებელი ზომა დაიცვათ და თქვენთვის შესაფერისი შენახვის მეთოდი გამოიყენოთ.