რატომ არ სცემენ თანამედროვე ბავშვები უფროსებს პატივს, ძველი ეპოქისგან განსხვავებით

562

ალბათ, ჩვენს სტატიებში უკვე წაგიკითხავთ დიმიტრი კარპაჩოვის სახელი. ესაა ცნობილი რუსი ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იყო დაკავებული ოჯახშიდა ურთიერთობების შესწავლით. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ ბავშვებთან ურთიერთობის რომელი წესები უნდა დაიცვას თანამედროვე მშობელმა.

ბავშვთან საუბრის წესები

თუ ბავშვი შეუპოვრად უგულებელყოფს თქვენს სიტყვებს, ეცადეთ, გამოასწოროთ ეს სიტუაცია. ქვემოთ მოცემულია სია, რომელიც მოიცავს იმ 8 მიზეზს, რომელთა გამო შვილები მშობლებს არ უსმენენ.

1. საუბარი მხედველობითი კონტაქტის გარეშე 

ბავშვებს ახასიათებთ ყურადღების გაფანტვა. ამასთან, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მცირეა მასში ყურადღების მოცულობა. ამიტომ, თუ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემას მაშინ აპირებთ, როცა იგი რამითაა დაკავებული, უბრალოდ არ მოგისმენთ. თუმცა, არ იჩქაროთ მისი დატუქსვა ან დასჯა. სცადეთ მასთან მხედველობითი კონტაქტის დამყარება. მიდით მასთან ახლოს, დაადეთ მხარზე ხელი და მაშინ, როცა თვალებში შემოგხედავთ, მშვიდად გაიმეორეთ თქვენი თხოვნა.

2. ორი ერთში

“სწრაფად გამოიცვალე, ხელები დაიბანე და სუფრას მოუჯექი.” – რა არის არასწორი ამ ფრაზაში? დავალებათა ასეთი ჯაჭვი, დიდი ალბათობით, ბავშვის ყურადღებას მაშინვე გაფანტავს. თუ გინდათ, რომ ბავშვმა რაღაც გააკეთოს, ნუ დააყოლებთ ერთ თხოვნას მეორე რეკომენდაციას. უმჯობესია, ყველაფერი თანმიმდევრობით, სათითაოდ გააჟღეროთ.

სთხოვეთ ბავშვს სახლის ტანსაცმლის ჩაცმა. როცა ამას შეასრულებს, გაუშვით ხელების დასაბანად და მხოლოდ ამის შემდეგ მიიწვიეთ სუფრასთან. ამრიგად, თქვენ პატარას საშუალებას აძლევთ, თქვენს საუბარში გამოარჩიოს, რის გაკეთებას სთხოვთ. გახსოვდეთ: ერთი თხოვნა – ერთი მოქმედება.

3. ბევრი ასო-ბგერა

ბავშვის შეუფერებელი ქცევის შემჩნევისას, მშობლები ხშირად დგამენ ტრაგედიებს: “ლუკა, რამდენჯერ გითხარი, ნუ დახტუნავ დივნიდან სავარძელზე-მეთქი? დაგავიწყდა, წინაზე რომ გადმოვარდი და ტუჩი გაიხეთქე?” უნდა გესმოდეთ, რომ ბავშვები ამ მომენტით ცხოვრობენ. ამიტომ, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ გართობის დროს გაახსენდება გასული გამოცდილება და შეწყვეტს ისე მოქცევას, როგორც თქვენ არ მოგწონთ.

თუ გსურთ, რომ ბავშვმა რაღაცის კეთება შეწყვიტოს, ნუ შეახსენებთ გასულ დღეებს და ნუ მიაყრით სიტყვების კორიანტელს. უთხარით მოკლედ და კონკრეტულად: “არ იხტუნო დივნიდან სავარძელზე. შეიძლება ჩამოვარდე!” ამის შემდეგ, როგორც კი დაინახავთ, რომ გაიგონა, შეახსენეთ, რა მოხდა მსგავს წინა შემთხვევაში. აი, საუბარი მაშინ, როცა ბავშვი რაღაცით ერთობა, უბრალოდ უაზრობა იქნება.

4. არათვალსაჩინო თხოვნა

ხშირად, იმის ნაცვლად, რომ ბავშვს პირდაპირ სთხოვონ რაღაც, მშობლები აყრიან კითხვებს, რომელთაგან ბავშვმა თითქოს დასკვნა უნდა გამოიტანოს: “კიდევ რამდენ ხანს ივლი ასე? მოგწონს ჭუჭყიანი ხელებით სიარული?” რა თქმა უნდა, ზრდასრულები მიხვდებიან, რასაც მოიაზრებს მშობელი ამ კითხვებს მიღმა. თუმცა, ბავშვს არ შეუძლია ამ თავსატეხის ამოხსნა. უმჯობესია, მაქსიმალურად გამჭვირვალედ ისაუბროთ: “წადი, ხელები დაიბანე”. მიხვდებით, რომ პირდაპირი მითითებები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შეფარული კითხვები.

5. ამკრძალავი ბრძანებები

ხანდახან, მშობლები უნებურად კარნახობენ შვილს იმას, რაც არ უნდა გააკეთოს. მაგალითად, ფრაზა: “არ აძვრე ხეზე” – ბავშვს აიძულებს, ყურადღება მიაქციოს ხეს, რომელზე აძვრომაც არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ ჩვენი ფსიქიკა მიჩვეულია იმის ვიზუალიზებას, რაც გვესმის. ამიტომ, უმჯობესია, გამოიყენოთ პირდაპირი მითითებები: “ითამაშე მინდორზე” (არ ახსენოთ ხე).

6. რადიო “თავისუფლება”

ხშირად, ბავშვები უგულებელყოფენ მშობლებს, რამდენადაც ისინი, რადიოს მსგავსად, რაღაცაზე ფონურად საუბრობენ. ისინი მხოლოდ იმეორებენ თხოვნებსა და აკრძალვებს ასჯერ მაინც. თუმცა, ბავშვმა ყურადღება მშობლებს რომ მიაქციოს, უნდა ესმოდეს, მათი თხოვნები რაღაცისთვისაა საჭირო.

სცადეთ თქვენი მოთხოვნების გამეორება მაქსიმუმ სამჯერ. პირველ ჯერზე დარწმუნდით, რომ ბავშვმა გაგიგოთ. მეორეზე გააფრთხილეთ, რა მოხდება, თუ თქვენს თხოვნას არ შეასრულებს. მესამეზე კი შემოიღეთ სანქციები, რომლებზეც აქამდე უკვე ესაუბრეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვაც, რამდენადაც, ასე თუ ისე, ბავშვი არაა ვალდებული, თქვენს თითოეულ სიტყვას უსმინოს.

7. ყვირილი

ხანდახან იმისათვის, რომ ბავშვის ყურადღება და მოსმენა დაიმსახურონ, მშობლები ყვირილს მიმართავენ. თუმცა, ამ მეთოდს უამრავი უარყოფითი მხარეც აქვს. პირვე რიგში, მაშინაც კი, თუ ყვირილის შემდეგ ბავშვი თხოვნას შეასრულებს, არამგონია გაიგოს, რატომ გააკეთა ეს. ყვირილის დროს ბავშვები იბნევიან ხოლმე და გაუაზრებლად აკეთებენ იმას, რაც უთხრეს. მეორეც, ბავშვი დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ მშობლებს სერიოზულად მხოლოდ მაშინ უნდა მიუდგეს, როცა ყვირიან. მესამეც, ბავშვთან ასე მოქცევის დროს, მას აჩვენებთ, როგორ უნდა მოგექცნენ თქვენ.

რა თქმა უნდა, ცალკეულ შემთხვევებში ყვირილი საჭიროც კია. მაგალითად, როცა თქვენი ხმა სხვა ხმაურში გამორჩევას საჭიროებს. ყველა სხვა შემთხვევაში, ისწავლეთ ბავშვთან ურთიერთობა მშვიდი ხმით, აგუმენტებისა და ახსნის გამოყენებით.

8. ცხოვრება “რკინიგზასთან ახლოს”

იმ ადამიანებთან სახლში სტუმრობისას, რომლებიც რკინიგზასთან ახლოს ცხოვრობენ, ყოველ ჯერზე შეგარყევთ მომავალი მატარებლის ხმა. ამასთან, დავად სახლის მფლობელები, დიდი ალბათობით, ამ ხმას საერთოდ არ იმჩნევენ. სწორედ ასე ადაპტირდება ბავშვი მმშობლების მუდმივ შენიშვნებსა და აკრძალვებზე. თუ მას ძალიან ხშირად, დიდხანს და ყოველ წვრილმანზე შეაწუხებთ, იგი უბრალოდ შეწყვეტს მოსმენილზე რეაგირებას. ეს შენაცვლების სავსებით ნორმალური, კანონზომიერი მექანიზმია.

ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ რამდენად ხშირად ცდილობთ ბავშვის საქციელის რეგლამენტირებას. თუ მიხვდებით, რომ ეს ძალიან ხშირად ხდება, შეამცირეთ აკრძალვები. სთხოვეთ მხოლოდ ის, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია.

იმედია, ეს სტატია დაგეხმარებათ ბავშვთან ურთიერთობის დალაგებაში. გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები, რათა გაგიმარტივდეთ ურთიერთობა მომავალ თაობასთან. წარმატებები!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს