თუ ოდესმე ნაღების ყველის სოუსი გიყიდიათ, შეამჩნევდით, რომ მასში თითქმის ყოველთვის იგრძნობა ქიმიური გემო და რამდენიმე დღეში რაღაც ერთგვაროვანი მასა ხდება. უგემური მასა, რომლის კერძში დამატება საერთოდ არ გვსურს.
სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გთავაზობთ ყველის სოუსის ვარიანტს, რომელიც მარტივად მზადდება და შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩიფსებთან მისაყოლებლად, ჩვეულებრივ წასახემსებლად, მაკარონებთან ან რაიმე სხვა კერძთან.
ნაღები–ყველის სოუსი
ინგრედიენტები:
- 50 გრ კარაქი
- 150 მლ რძე
- 150 მლ ქათმის ბულიონი
- 1 ს/კ ფქვილი
- 150 გრ ყველი ჩედერი
მომზადება:
1. ყველი გახეხეთ. სჯობს ყველი ჩედერი გამოიყენოთ, რადგან მას მკვეთრად გამოხატული ყველის გემო აქვს. თუმცა შეგიძლიათ ყველის სხვა სახეობა გამოიყენოთ, რომელიც თქვენ მოგწონთ. მთავარია, რომ ხარისხიანი ხმელი ყველი ფერადი ნოტებით გამოიყენოთ.
2. სუფთა ქვაბში საშუალო ცეცხლზე კარაქი გაადნეთ. შემდეგ თხევად მასას ფქვილი ფრთხილად დაუმატეთ და დაახლოებით 30 წამით ცეცხლზე გააჩერეთ. აქტიურად მოურიეთ.
3. ცეცხლიდან გადმოდგით და ნელ–ნელა თბილი რძე დაუმატეთ. ამ დროს მასის მორევა არ დაგავიწყდეთ.
4. შემდეგ ქათმის ბულიონი ჩაასხით და სოუსს კვლავ მოურიეთ.
5. მორევა არ შეწყვიტოთ, ქვაბი კვლავ ცეცხლზე დადგით და მასა აადუღეთ. დუღილი 2-3 წუთი უნდა გაგრძელდეს.
6. როცა მასა გაცხელდება, გახეხილი ყველი დაუმატეთ და აურიეთ, სანამ ყველი სრულად არ გადნება და მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დაელოდეთ, სანამ სოუსი ცოტა გაგრილდება და სუფრაზე გაიტანეთ.
ინგრედიენტების მითითებული რაოდენობა ერთი პორცია კერძისთვის გამოგადგებათ. შეგიძლიათ უფრო მეტი გააკეთოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველი და კარაქი კალორიულია: ზედმეტი რაოდენობით მათი მიღება წელის გარშემოწერილობაზე აისახება. თუმცა ზამთრისთვის საჭმელი ნოყიერი უნდა იყოს.
გრილი სოუსი უფრო სქელი გახდება. არ შეგეშინდეთ, რადგან თავად სოუსის გემო არ დაზიანდება. გემრიელად მიირთვით!