კოსმეტიკის ჩანთაში მხოლოდ ერთი პროდუქტის დატოვება რომ მოგიწიოთ, რომელს აირჩევდით? ქალების უმეტესობა ერთხმად აღიარებს, რომ ტონალური კრემის გარეშე ცხოვრება გაუჭირდებოდათ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ტონალური კრემი სახის ფერს წამებში აუმჯობესებს და ნაკლოვანებებს ფარავს. თუმცა, ეფექტურად რომ იმოქმედოს, თავიდანვე თქვენთვის შესაფერისი საშუალება უნდა შეიძინოთ. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ შეარჩიოთ ტონალური კრემის სწორი ფერი და რომელი ნივთიერებები არ უნდა შედიოდეს მასში.
როგორ შევარჩიოთ ტონალური კრემი სახისთვის
ტონალური კრემის შეძენა საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ქალები მას ხშირად იყენებენ და მთელი დღე სახეზე მისი ტარება უწევთ. ამ მიზეზით ტონალური საშუალების შეძენას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. მოდით გავარკვიოთ, თუ ტონალური კრემის შემადგენლობა რომელი ნივთიერება იძლევა ცუდი ხარისხის სიგნალს:
- ვაზელინი
- იზოპარაფინი
- ჰექსილენგლიკოლი
- არომატიზატორები
- ცხიმიანი ზეთები
ამ დანამატებს თქვენი კანის მდგომარეობის გაუარესება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ტონალური კრემის შეძენისას ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების არსებობა შეამოწმეთ. ახლა კი ნახეთ, როგორ შეარჩიოთ ტონალური კრემის სწორი ფერი.
1. მთავარი ტონი განსაზღვრეთ
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ თუ 4 ტიპიდან რომელს მიეკუთვნება თქვენი კანის ფერი. პირველი ტიპი – ძალიან ღია, თითქმის გამჭვირვალე კანი, რომელიც მზეზე ცუდად ირუჯება. მეორე ტიპი – ღია. ასეთი კანის გოგოებისთვის ტონალური საფუძვლის შერჩევა ძალიან მარტივია. მათ ნებისმიერ ხაზში ყველაზე ღია შეფერილობა უხდებათ. მესამე ტიპი – საშუალო ტონის კანი. მას შეიძლება ოქროსფერი ან ზეთისხილის ფერი ვუწოდოთ, კარგად ირუჯება და თითქმის არასდროს იწვება. მეოთხე ტიპი – მუქი ან ბნელი. შოკოლადის ან კარამელის ფერით გამოირჩევა. ასეთი კანის მფლობელები კარგად ირუჯებიან და არასდროს იწვებიან.
თქვენი კანის ტიპის ცოდნა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რომელი ნიშნის ტონალური კრემი გჭირდებათ. ძალიან ღია კანისთვის განკუთვნილ ტონალურ კრემს აწერია „Fair”, ღია კანისთვის – “Light”, საშუალო ტონისთვის – „Medium”, მუქი კანისთვის – „Dark”.
2. კანის ქვეტონი განსაზღვრეთ
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ტონალური საშუალების ფერის სწორად შესარჩევად. მარტივი მეთოდი – სახეზე თეთრი ქაღალდი დაიდეთ და სარკეში ჩაიხედეთ. ყურადღება მიაქციეთ: თუ ქაღალდთან შედარებით თქვენი კანი მოყვითალო ან ატმისფერია, თქვენი კანის ქვეტონი თბილია. თუ კანი უფრო ვარდისფერი ან ცისფერია, გამოდის ქვეტონი ცივია. ქვეტონის განსაზღვრით არა მხოლოდ ტონალური კრემის, არამედ სხვა დეკორატიული კოსმეტიკის და ტანსაცმლის სწორად შერჩევას შეძლებთ.
3. ფერები აურიეთ
თქვენი ფერის შექმნის არ შეგეშინდეთ, თუ მაღაზიებში იდეალური ფერი ვერ იპოვეთ. რამდენიმე ფერი აურიეთ, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღოთ.
კიდევ რამდენიმე ხრიკი
ახალი ტონალური კრემის შეძენისას კანის ფერის გარდა სხვა პირობებიც გაითვალისწინეთ. მაგალითად, ასაკოვანი და მშრალი კანისთვის დამატენიანებელი კრემი გამოდგება. ცხიმიანი კანისთვის კი ტონალური საშუალება მატირების ეფექტით. გახსოვდეთ, რომ კრემში SPF ფილტრების არსებობა აუცილებელია. ასე მზის სხივებისგან წლის ნებისმიერ დროს დაცული იქნებით და კანის დაბერებას თავიდან აიცილებთ.
ტონალური კრემის შერჩევისას ამ დეტალების შესახებ იცოდით? კომენტარები თამამად გაგვიზიარეთ. ვიმედოვნებთ რომ ეს რჩევები ტონალური კრემის შეძენისას დაგეხმარებათ. გისურვებთ, ყოველთვის ლამაზი და მიმზიდველი იყოთ იმის მიუხედავად, კოსმეტიკურ საშუალებას ატარებთ თუ არა!