ბავშვის სოციალური განათლება ოჯახში იწყება. ზოგი ბავშვის ყოლისთვის წინასწარ ემზადება, სპეციალურ კურსებს ესწრება, ზოგი კი ინტუიციას ეყრდნობა. ჩვენ, პირველ რიგში, მშობლების გამოცდილებას ვეყრდნობით. როცა შვილის აღზრდის დრო მოდის, ვიხსენებთ, ამას ჩვენი დედები და მამები როგორ აკეთებდნენ. გასაგებია, რომ ისინი აღზრდის დროს შეცდომებს უშვებდნენ. „პაპარაცი“ შეეცადა გაეგო, თუ რომელი ფრაზების თქმა არ ღირს შვილისთვის, თუ წესიერი ადამიანის აღზრდა გსურთ.
ბავშვის სოციალური აღზრდა
სიტყვას ბავშვის აღზრდის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ ბავშვები მშობლების ჟესტებს, მიმიკას, ქცევას ბაძავენ, ასევე სწავლობენ იმის თქმას, რასაც ისინი ამბობენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რას იგებს ბავშვი მშობლის სიტყვიდან. ზოგჯერ უწესო ქცევის ასაკრძალად მშობლები პატარასთან ისე ლაპარაკობენ, როგორც ზრდასრულ ადამიანთან. ეს ფრაზები დაიმახსოვრეთ და თქვენს შვილებს არასდროს უთხრათ.
მოდი, მე გავაკეთებ
როცა ბავშვს რაღაც არ გამოსდის, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ და ამოცანის შესრულებაში დაეხმაროთ. ხმის აწევა და მის ნაცვლად ყველაფრის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი ქცევა ბავშვს წარუმატებლობაზე აპროგრამებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მოზარდობის პერიოდში ბავშვი ნაკლებ ინიციატივას გამოიჩენს და თავდაუჯერებელი გახდება, რადგან მაინც არაფერი გამოუვა, სჯობს არც დაიწყოს.
წუწუნს მორჩი
ბავშვი შეიძლება ყველაზე შეუფერებელ ადგილას ჭირვეული გახდეს ან ასეთი ქცევით მშობლები სახლში გააღიზიანოს. ყვირილი გამოსავალი არაა. ბავშვი შეწყვეტის ნაცვლად კიდევ უფრო მეტს „იწუწუნებს“. მოზარდები კი საკუთარ თავში ჩაიკეტებიან. ბავშვი რომ დაამშვიდოთ, თავად უნდა იყოთ მშვიდი და გაარკვიოთ, თუ რატომ ნერვიულობს ბავშვი.
ამ ფრაზის ნაცვლად სჯობს ბავშვს ემოციების სიტყვით გამოხატვა ასწავლოთ. ასე თქვენს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აეწყობა და ბავშვს ეცოდინება, რომ შეუძლია საკუთარი გრძნობები გაგიზიაროთ.
ბიჭი (გოგო) ასე არ იქცევა
ფრაზა, რომელიც ადრეული ასაკიდან სტერეოტიპებს ნერგავს. მომავალ ბავშვს ასეთი ჩარჩოებით ცხოვრება გაუჭირდება. ამან საყვარელი პროფესიის არჩევაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. ბავშვს საკუთარი თავის წარმოჩენა, ცხოვრების პროფესიის პოვნა გაუჭირდება, რადგან ეს დანერგილ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება.
კიდევ ერთხელ ვნახავ და მოგხვდება
ხშირად ხმამაღალ სიტყვა „მოგხვდებამდე“ საქმე არ მიდის. ცარიელი მუქარა ბავშვს მხოლოდ აშინებს და დეზორიენტირებულს ხდის. თუ ბავშვი ცუდად იქცევა, მან ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა სასჯელი ელოდება. სტიქიური აფეთქება არც მშობელს და არც ბავშვს არ წაადგება.
ბოდიში მოიხადე
ბავშვები ყოველთვის ვერ ხვდებიან, რომ ცუდად იქცევიან. მშობლები გააზრების საშუალებას არ აძლევენ და ბოდიშის მოხდას აიძულებენ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ასე მშობლები თანამგრძნობი ადამიანის გაზრდას ვერ შეძლებენ. სჯობს ბავშვს იმ ადამიანის დახმარება ასწავლოთ, ვისაც აწყენინა. მაგალითად, იმ ქვიშის კოშკის აგებაში დახმარება, რომელიც მან დაანგრია. ასე ბავშვები საკუთარი ქცევის შედეგს ხედავენ, რომ შეცდომის გამოსასწორებლად ძალისხმევა უნდა გაიღონ და არა უბრალოდ „ბოდიში“ მოიხადონ.
რამდენჯერ გაგიმეორო?
თუ ბავშვი თხოვნაზე პირველივე ჯერზე არ რეაგირებს, მან ან ვერ გაიგონა ან ყურადღებას არ გაქცევთ. თქვენი მოქმედება სიტუაციაზეა დამოკიდებულია, მაგრამ ასეთი ფრაზა პრობლემას ნამდვილად ვერ მოგიგვარებთ. ბავშვი მიხვდება, რომ თქვენ შეგიძლიათ უსასრულოდ რაღაც ითხოვოთ და თქვენს უგულებელყოფას გააგრძელებს. ასე მშობლები ბავშვის თვალში ავტორიტეტს კარგავენ.
აიღე, ოღონდ დამშვიდდი
ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ფრაზა, რომელსაც მშობლები მაშინ ამბობენ, როცა ბავშვი ტირის. ასე ბავშვი დაიმახსოვრებს, რომ ტირილით ნებისმიერი რამის მიღებას შეძლებს. გარდა ამისა, მშობლების უარს სერიოზულად აღარ მიიღებენ. უბრალოდ ტირილი უნდა გააგრძელოს და თავისას მიიღებს.
წვრილმანებზე ნუ დარდობ
ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ეს ძალიან ძნელია. ის, რასაც თქვენ წვრილმანს უწოდებთ, ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყოს. ამ სიტყვებით ბავშვის პრობლემებს უგულებელყოფთ. მომავალში ასე შეიძლება მისი ნდობა დაკარგოთ და მისი ცხოვრებიდან დიდი პრობლემები გამოგრჩეთ.
ბავშვის აღზრდისას მშობლებიც სამყაროს სხვანაირად აღქმას სწავლობენ. ბავშვების იდეალურად აღზრდა არავის შეუძლია, შეცდომას ყველა უშვებს. ოღონდ ეს შეცდომები უნდა გამოასწოროთ, სანამ გვიანი არაა. რას არ ეტყოდით საკუთარ შვილს არასდროს?