გამოცდილმა მშობლებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ღამის ძილი. თუმცა, ყველა ვერ ახერხებს ბავშვისთვის რეგულარული ძილის სწავლებას, რათა მან სწორად დააბალანსოს სიფხიზლისა და ძილის პერიოდები. საბედნიეროდ, ეს თემა ყოველმხრივაა შესწავლილი. ამიტომ, უკვე დიდი ხანია არსებობს სხვადასხვა ტექნიკა და ხრიკი, რომლებიც ბავშვის საწოლში დაწვენაში დაგეხმარებათ.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი სწრაფად ჩაძინებასა და უწყვეტ ძილს. ეს ხომ, პირველ რიგში, ბავშვის სწორად განვითარებისთვისაა აუცილებელი. ნუ, რაღა თქმა უნდა, ბავშვის ხანგრძლივი ძილი მშობლების ნერვებსაც მოუფრთხილდება.
ბავშვის ღამის ძილი
ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, რომლებიც ახალგაზრდა მშობლებს დაეხმარება ბავშვის ღამის ძილის დალაგებაში. თუმცა, არსებობს აქტუალური წესები, რომლებიც შერჩეული ტექნიკისგან დამოუკიდებლად უნდა დაიცვათ.
პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ საუკეთესო პერიოდი ბავშვის ძილისთვის მისაჩვევად 4-6 თვის ასაკია. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო რთულია მისთვის ჩვეული ძილის რეჟიმის დარრვევა. მეორეც, თუ ბავშვს ღამით მარტო ტოვებთ, დარწმუნდით, რომ თბილად და კომფორტულად წევს. მასთან არ უნდა იდოს რამე ისეთი, რაც ძილში შეუშლის ხელს.
გარდა ამისა, მზად იყავით იმისთვის, რომ ბავშვს თქვენი წამოწყება არ მოეწონება. თუ ტირის, ასე გამოხატავს მიმდინარე მოვლენებისადმი დამოკიდებულებას. საჭირო შედეგის მისაღებად დროა საჭირო, თითოეული ბავშვისთვის კი ეს ინდივიდუალურია.
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ძილს
პირველი მეთოდი მიმართულია იმაზე, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად ჩაძინება ისწავლოს. ე.წ. “Cry it out” ტექნიკა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი საწოლში ჩააწვინოთ და მარტო დატოვოთ. იდეალში, ბავშვს უკვე ძალიან უნდა ეძინებოდეს. ამისთვის, ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას დღის განმავლობაში და დააკვირდით ნიშნებს, რომლებიც ბავშვის ძილიანობაზე მეტყველებს. მაგალითად, დაიწყებს მთქნარებას ან ხელის ცერა თითის წოვას.
ბავშვის მარტო დატოვების შემდეგ, მშობელი ოთახში აღარ უნდა შევიდეს. აი, აქ იწყება მეთოდიკის მთავარი ნაწილიც. დიახ, ბავშვი ტირილს დაიწყებს. თუმცა, ბავშვის დასამშვიდებლად ოთახში არც დედა უნდა შევიდეს და არც მამა. იგი დამოუკიდებლად უნდა დამშვიდდეს და მიეჩვიოს, რომ საწოლში მშობლის თანხლების გარეშე უნდა დაიძინოს.
შემდეგი მეთოდი ფერბერიზაციაა. ეს მეთოდიკა შეიმუშავა რიჩარდ ფერბერმა, ცნობილმა ექიმმა, რომელიც ძილსა და მის დარღვევებს ბავშვებში 30 წლის განმავლობაში სწავლობს. თავისი არსით, ეს ტექნიკა წინას ჰგავს. თუმცა, ექიმი მშობლებს ურჩევს, შევიდნენ ხოლმე ოთახში ბავშვის დასამშვიდებლად. განსხვავება მხოლოდ დროში მდგომარეობს.
თუ ტირილი გესმით, ჯერ 3 წუთით დაელოდეთ, შემდეგ კი დაამშვიდეთ პატარა. თანდათან გაზარდეთ დროის მონაკვეთი ოთახში შესვლამდე. გარდა ამისა, აკრძალულია ბავშვის ხელში აყვანა, მისი გამოკვება ან ოთახში სინათლის ჩართვა. აგრეთვე, ნუ დარჩებით ბავშვთან ძალიან დიდხანს.
მეთოდები მშობლებისთვის
შემდეგ მეთოდს The Chair Method ეწოდება. დასახელება სიტყვა-სიტყვით სკამის ან სავარძლის მეთოდს ნიშნავს. რას მოიაზრებს იგი? დააწვინეთ ბავშვი დასაძინებლად და მაშინვე გადით ოთახიდან. ტირილი რომ მოგესმებათ, დაბრუნდით და დაჯექით ბავშვის საწოლთან ახლოს, სკამზე. მეტი არაფერი გააკეთოთ. მოიქეცით მაქსიმალურად მოსაწყენად, პატარას თქვენგან აქტივობისა და თამაშის იმედი რომ არ გაუჩნდეს.
ყოველ ჯერზე, გაწიეთ სკამი საწოლიდან სულ უფრო შორს. ბავშვი მიეჩვევა იმას, რომ ოთახში თქვენი ყოფნა არავითარ გავლენას არ ახდენს მის სურვილზე, არ დაიძინოს. ადრე თუ გვიან, იგი შეეგუება დამოუკიდებლად დაძინებას და შეწყვეტს ტირილს. თქვენ კი ოთახში შესვლა აღარ მოგიხდებათ.
მეორე მეთოდის მიხედვით, ბავშვი დასაძინებლად უნდა დააწვინოთ და დაელოდოთ მის რეაქციას. თუ იგი მშვიდადაა, გადით ოთახიდან.
როცა ბავშვი ტირილს დაიწყებს, რამდენიმე წამი დაელოდეთ და ნახეთ, დამშვიდდება თუ არა, შემდეგ მიდით და აიყვანეთ ხელში დასამშვიდებლად. როგორც კი დამშვიდდება, უკან ჩააწვინეთ (არ აქვს მნიშვნელობა, ღვიძავს თუ არა) და მიეცით საშუალება, დამოუკიდებლად დაიძინოს.
ეს ტექნიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით დააძინოთ. თუმცა, ამავდროულად, ყოველ ჯერზე უნდა შეამციროთ დრო, რომელიც ბავშვის დასაწვენად გჭირდებათ. მიჩვევაა და სხვა არაფერი.
ბოლო მეთოდი კი ეყრდნობა პატარას მოთხოვნილებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი მანამ არ დაიძინებს, სანამ ძილი ძალიან არ მოუნდება. ამიტომ, თქვენ უბრალოდ უნდა განსაზღვროთ დრო, როცა ბავშვი რეალურად იძინებს.
მაგალითად, ჩვეულებრივ, ბავშვს 20 საათზე აწვენთ, ის კი მხოლოდ 21-ზე იძინებს. მთელი საათი ტვინს ბურღავს ტირილით, არადა ამის თავიდან აცილებაც შეიძლება. დაიწყეთ ბავშვის დაწვენა 21 საათზე, შემდეგ კი თანდათან დაიყვანეთ დრო თქვენთვის საჭირო საათამდე. ასე ბავშვი შეძლებს გადაწყობას ისე, რომ თავადაც ვერაფერს მიხვდება.
რა არ უნდა გააკეთოთ
პირველ რიგში, ოთახში, რომელშიც ბავშვს სძინავს, ღამით უნდა ბნელოდეს. მხოლოდ ასე შეძლებს პატარა დამშვიდებას და გამოიმუშავებს მელატონინს – ჰორმონს, რომელიც ძილს არეგულირებს. მეორეც, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ბავშვის მდგომარეობას. თუ ძილიანობის პირველ ნიშნებს ხედავთ, ძილის დროა.
ბავშვის დღის ძილი, რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა, დამეთანხმდებით, რომ ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ დღის ძილის ხანგრძლივობა ჯამში 3 საათს არ აჭარბებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძილის მთელი რეჟიმი დაირღვევა. გარდა ამისა, გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვს სჭირდება დღის მკვეთრი წესრიგი. იცოდეს, რომელი პროცედურები ელის ძილის წინ, რათა შეძლოს მოდუნება და ძილისთვის მომზადება.