თუ ღუმელი 180 გრადუსამდეა გახურებული, სახლში კი ისეთი არომატი დგას, რომ ოჯახის წევრები სამზარეულოში შემორბიან, ესე იგი, ფორთოხლის ორცხობილებს ვაცხობ! ეს რეცეპტი ინტერნეტში 2 წლის წინ ვიპოვე. მას შემდეგ, ზამთარში, რამდენჯერმე მაინც, აუცილებლად ვაცხობ მათ.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ არომატული, ნაზი და მართლა ძალიან გემრიელი ფორთოხლის ორცხობილების რეცეპტს. ჭამას ვერ შეწყვეტთ!
ორცხობილა ფორთოხლით
ინგრედიენტები:
- 1 ფორთოხალი
- 120 გ შაქარი
- 100 გ დარბილებული კარაქი
- 1 კვერცხი
- 2 ს.კ. ფორთხოლის წვენი
- 250 გ ფქვილი
- 0.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- შაქარი ამოსავლებად
- შაქრის პუდრა
მომზადება
1. დახეხეთ 1 ფორთოხლის ცედრა. ნახევარი ფორთოხალი დაწურეთ.
2. შეურიეთ ცედრა შაქარს, მთელი არომატი რომ შეიწოვოს. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ათქვიფეთ ყველაფერი მიქსერით. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და 2 ს.კ. ფორთოხლის წვენი. კარგად ათქვიფეთ ყველაფერი.
3. შეურიეთ ფქვილს გამაფხვიერებელი და მარილი, დაუმატეთ ეს ყველაფერი თხევად მასას. მოურიეთ მიქსერით ან სადღვებით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღებთ მკვრივ და წებოვან ცომს. დაამრგვალეთ იგი და შედგით მაცივარში 1 საათით.
4. კოვზის გამოყენებით გამოძერწეთ ცომით კაკლისხელა ბურთულა. ამოავლეთ ჯერ შაქარში, შემდეგ შაქრის პუდრაში.
5. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
6. სულ ესაა, ნახეთქებიანი ორცხობილა მზადაა. გემრიელად მიირთვით!