წითელი წერტილები, ბორდოსფერი ლაქები, გაუგებარი ბუშტუკები… მალამო წავუსვათ თუ დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს?
სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ადამიანის კანი მრავალ ურთულეს ფუნქციას ასრულებს: ახორციელებს ბარიერულ ფუნქციას, მონაწილეობას იღებს იმუნურ რეაქციებში, ნივთიერებათა ცვლასა და თერმორეგულაციაში. ამასთან, ბავშვის, განსაკუთრებით კი ახალშობილის კანი, ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვნად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის კანისგან. იგი გაცილებით უფრო თხელი, შეღწევადია გარემოში არსებული ნივთიერებებისთვის, შესაბამისად, უფრო მოწყვლადია კანის ინფექციების მიმართაც. ნაწილობრივ, სწორედ ამიტომ ვაწყდებით ასე ხშირად ბავშვებში გამონაყარის პრობლემას.
საბავშვო კლინიკის დერმატოლოგი ანა ტრუშინა გვიყვება ბავშვებში გავრცელებული ყველაზე ხშირი დაავადებების შესახებ, რომლებიც გამონაყარს იწვევს.
1. ახალშობილების ტოქსიკური ერითემა
ჩვეულებრივ, სიცოცხლის პირველი სამი დღის განმავლობაში ჩნდება, თუმცა, შესაძლებელია დაიგვიანოს კიდევაც. თავს იჩენს წითელი ლაქებითა და ბუშტუკებით, ხანდახან, მათ ცენტრში ჩირქგროვებიც კი შეინიშნება, რომლებიც თავისით გადადის. გვხვდება ახალშობილთა 30-35%-ში. მისი გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ გამონაყარი მომწიფებადი იმუნური სისტემის რეაქციაა კანზე სხვადასხვა მიკროორგანიზმის დაბუდებაზე. ერითემა არ მოითხოვს მკურნალობას და ქრება ჩაურევლად.
2. ახალშობილების აკნე ან კეთილთვისებიანი ნეონატალური ცეფალური პუსტულოზი
ეს გამონაყარი ჰგავს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის სახეზე არსებულ გამონაყარს – წითელი გამონაყარი, კომედონები და ჩირქგროვებიც კი, “თავიანი” მუწუკები. ჩნდება კანზე Malassezia-ს სახეობის სოკოების დაბუდების შედეგად. გამონაყარი, ჩვეულოებრივ, სახესა და თავზე ჩნდება ცხოვრების მესამე კვირაში. ხშირ შემთხვევაში, მისი მკურნალობა საჭირო არაა, აკნე დამოუკიდებლად გადადის.
3. ნაოფლარი
შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს, ჭარბი ოფლიანობის საპასუხოდ. ხშირად, ბავშვებში გადახურების შედეგად ჩნდება, როცა მშობლები ზედმეტად ახვევენ და აცვამენ ბავშვს. გამონაყარის ყველაზე დიდი ნაწილი მოდის მკერდზე, მხრებსა და კისერზე, თუმცა არაა გამორიცხული სხეულის სხვა ნაწილებშიც. იგი წვრილი ბუშტუკებით, წერტილოვანი წითელი გამონაყარით ან წვრილი ჩირქგროვებითაა გამორჩეული. გადადის თავისით, რამდენიმე დღეში, თუ გამღიზიანებელი ფაქტორი აღმოიფხვრება.
4. ატოფური დერმატიტი (ატდ)
ესაა ქრონიკული ანთება, კანის ქავილიანი დაავადება. ხშირად, ადრეულ ასაკში, 5 წლამდე ჩნდება. ატდ-ს გამომწვევი მიზეზი მრავალი ფაქტორის ერთდროული მოქმედება შეიძლება იყოს: ესაა როგორ მემკვიდრული წინასწარგანწყობილება, ისე გარემო-ფაქტორები და ცხოვრების წესიც.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა: ატოფიით დაავადებულებს გენეტიკურ დონეზე აქვთ დარღვეული კანის იმ ზოგიერთი ცილის სინთეზის ფუნქცია, რომლებიც კანის იმუნურ თვისებებს განაპირობებს. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ კანი კარგავს ტენს და შრება, შესაბამისად, ხდება უფრო მოწყვლადი გარე გამღიზიანებლების, ალერგენებისა და ინფექციების მიმართ.
ატდ-ს კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია ასაკზე, დაავადების სიძველესა და სტადიაზე, თუმცა, ყველა პაციენტს აქვს ქავილი და კანის სიმშრალე. რაც უფრო უფროსია ბავშვი, მით უფრო დიდი ალბათობაა გამონაყარის გაჩენა მუცელსა და კიდურებზე.
ატოფური დერმატიტით დაავადების შემთხვევაში 30%-ში, პაციენტებს თანმხლები ალერგიული რეაქციები აქვს. ეს დაავადება მოითხოვს პედიატრის, დერმატოლოგისა და ალერგოლოგის ჩარევას და დანიშნულებას.
5. ჭინჭრის ციება
თუ ერთხელ მაინც დაუსუსხავხართ ჭინჭარს, მაშინ მიხვდებით, როგორ გამოიყურება გამონაყარი ჭინჭრის ციების დროს: შეშუპებული, მოცულობითი ვარდისფერი გამონაყარი, სხვადასხვა ფორმით, რომელიც იწვევს ქავილს, ხანდახან კი ერთ დიდ ბორცვად იკვრება. ამ დაავადების განმასხვავებელი ნიშანია სხვადასხვა ელემენტის მერყეობა: ისინი 24 საათის განმავლობაში უკვალოდ ქრება(თუმცა შეიძლება ახალი გაჩნდეს). ჭინჭრის ციების მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეულ ალერგენთან ან წამალთან კონტაქტი. ხშირად, მისი მიზეზი ვირუსული ინფექციებია. ამასთან, რეაქცია საკმაოდ სწრაფად ვითარდება: რამდენიმე წუთში ან საათში.
6. საკვები ალერგია
როგორც წესი, თავს იჩენს ჭინჭრის ციების, არსებული ატოფური დერმატიტის გამწვავების ან ანგიოშეშუპების(კვინკეს შეშუპება) სახით. საკვები ალერგიის არსებობის შემთხვევაში, კანის მდგომარეობის გაუარესება საკვები პროდუქტის მოხმარებიდან რამდენიმე წუთში ან საათში ჩნდება. შენელებული ტიპის რეაქციის შემთხვევაში – 48 საათამდე, არაუმეტეს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ გარკვეული სპეციფიკური გამონაყარის დროს, რომლის დროსაც დარწმუნებით იტყვით, რომ “რაღაც ცუდი შევჭამეთ”, არ არსებობს.
7. საბავშვო ვირუსული ინფექციები
ბევრ “საბავშვო” ვირუსულ ინფექციას თან ახლავს კანზე გამონაყარი. ამასთან, გამონაყარს შეიძლება საერთო შეუძლოობა, სხეულის ტემპერატურის მომატება ან სხვა სიმპტომები(ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, მუცლის ტკივილი, განავლის დარღვევები და ა.შ.) ახლდეს თან, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, ინფექცია ამოიცნოთ.
8. ჩუტყვავილა
ტიპური ქავილიანი გამონაყარი, ბუშტუკებიანად, ჩნდება varizella-zoster-ის ვირუსით პირველადი დაინფიცირების დროს. გამონაყარს თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება და საერთო შეუძლოობა. გამონაყარს ახასიათებს წითელი ლაქები, ცენტრში პატარა, გამჭვირვალე ბუშტუებით. შემდეგ, ბუშტუკების ნაცვლად ჩნდება ფუფხები. ახალი გამონაყარი დაინფიცირებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს.
9. როზეოლა (მოულოდნელი ეკზანთემა)
ჩნდება 6 ან 7 ტიპის ჰერპეს-ვირუსით პირველადი დაინფიცირების დროს. როზეოლას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის მატება(39℃-მდე) 3-7 დღის განმავლობაში, რომლის ნორმალიზაციის შემდეგაც ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი(ლაქები და მცირე ბორცვები, ბუშტუკების გარეშე), რომელიც რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით ჩერდება კანზე.
10. წითურა
ვირუსული ინფექცია, რომელსაც არც ისე მაღალი ტემპერატურა, ლიმფოკვანძების გადიდება და გამონაყარი ახასიათებს. წითურას გამონაყარი წვრილია, წითელი ფერის, ლაქოვანი. გამონაყარი ჯერ სახეზე ჩნდება და 24 საათის განმავლობაში ვრცელდება მთელ სხეულზე. როგორც წესი, არ გადადის 3 დღის განმავლობაში.
11. ინფექციური ერითემა(პარვოვირუსი B19)
როგორც წესი, წინასწარ სხეულის ტემპერატურის მომატებისა და საერთო შეუძლოობის შემდეგ, ჩნდება ძალიან თავისებური გამონაყარი: ჯერ აღინიშნება სახის გაწითლება, ხოლო შემდეგ ტორსზე ჩნდება ერთგვარი სიმეტრიული, მაქმაბისებრი, წითელ-ვარდისფერი გამონაყარი, რომელიც თანდათან კიდურებზეც ვრცელდება. იგი საკმაოდ დიდი ხნით ჩერდება კანზე: რამდენიმე თვითაც კი.
12. წითელა
წითელას სიმპტომები მეტ-ნაკლებად ჰგავს მრვი-ის(მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის) სიმპტომებს: ტემპერატურის მომატება, სურდო, ხველა, ცრემლდენა და თვალების სიწითლე. გამონაყარი ჩნდება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, ჯერ სახესა და კისრის ზედა ნაწილში, ხოლო შმდეგ მთელ სხეულზე, სულ ბოლოს – ხელებსა და ფეხებზე. იგი შედგება მცირე ზომის ბუშტუკებისგან, რომლებიც წითელი ლაქებითაა გარშემორტყმული.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ბავშვს კანზე გამონაყარი აქვს:
- გამონაყარი არ გადადის რამდენიმე დღის განმავლობაში და აგრძელებს გავრცელებას;
- თან ახლავს ტკივილი; კანი ცხელი, წითელი და შეშუპებულია გამონაყარის ადგილას;
- თან ახლავს ჩირქი;
- დიდდება ლიმფური კვანძები;
- იმატებს ტემპერატურა, სახეზეა ციება;
- ბავშვი თავს ცუდად გრძნობს;
- თან ახლავს მუცლის ტკივილი, განავლის ცვლილებები, ღებინება;
- გამონაყარი არ ქრება შუშის ჭიქის დაჭერის დროს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!