ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ თვალის კონტაქტურ ლინზებზე გადავიდე. პირველ რიგში, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში მუდმივად დაორთქლილ სათვალეებზე ზრუნვა მომბეზრდა. მეორეც, უკვე რამდენიმე წელი ვიტანჯები, როცა გარეთ მზიანი ამინდია. ფოტოქრომული ლინზები, რომლებიც მზეზე ბნელდება, არ მომწონს. რატომ არ ვცადო რაღაც ახალი?
დარწმუნებული ვარ, სათვალის და დამცავი ნიღბის ერთად ტარება მხოლოდ მე არ მომბეზრდა, არადა ახლა ამის გარეშე შეუძლებელია. თუ ლინზების შეძენას თქვენც აპირებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ უნდა იცოდეთ. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ინფორმაციას, რომელსაც თვალის კონტაქტური ლინზების შეძენამდე უნდა გაეცნოთ.
კონტაქტური ლინზები
ბევრი ლინზებზე უარს ამბობს, რადგან მათზე ბევრი ცუდი რამ სმენიათ ან უბრალოდ თვალში უცხო საგნის ტარება აშინებთ. თამამები აცხადებენ, რომ ლინზებმა მათი ცხოვრება გაყეს „მანამდე“ და „შემდეგ“.
სანამ კონტაქტურ ლინზებს შეიძენთ, ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხი უნდა გაიგოთ. ამ საშუალების ირგვლივ არაერთი მითია შეთხზული. თან მარტივი უსაფრთხოების ზომები არავის გაუუქმებია. გაფრთხილებული შეიარაღებულია!
ლინზები ხელს შემიშლის?
თქვენი №1 პირველი ამოცანა – სწორი ლინზის შერჩევა. ის რქოვანაზე ფიქსირდება და თვალზე საერთოდ არ იგრძნობა. ლინზა თვალის გარსის ამობურცულ ნაწილზე გარე დაძაბვის წყალობით ფიქსირდება. საცრემლე სითხის თხელ ფენაზე წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ, არ ინერვიულოთ, რომ ლინზა შეიძლება სადღაც გაიქცეს. ფიზიოლოგიურად შეუძლებელია.
ლინზის გამოყენების ვადა
რამდენჯერ მოვისმინე, რომ ლინზებს ვადის გასვლის შემდეგაც იყენებენ. მაგალითად, ერთდღიან ლინზებს მინიმუმ 1 კვირა იყენებენ. დიახ, ასე ფულს დაზოგავთ, მაგრამ გამართლებულია?
საქმე იმაშია, რომ ვადაგასული ლინზები ფორმას იცვლიან. სულ უფრო პატარა და ვიწრო ხდება, რამაც შეიძლება რქოვანას დაზიანება გამოიწვიოს. საუკეთესო პერსპექტივა არაა, ასეა? გამოდის, ადამიანები მხედველობის გაუარესებას ხელს უწყობენ.
თავად ლინზის თვისებაც უარესდება. თუ ლინზას ვადაზე მეტხანს გამოიყენებთ, მხედველობის 100%–ით კორექტირებას შეწყვეტენ. გარდა ამისა, ლინზების დროული გამოცვლით შესაძლო დაინფიცირებას თავიდან აიცილებთ. ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია!
დღესდღეობით არსებობს ლინზები, რომლებიც მთელი 3 თვე შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. თუ სპეციალური ხსნარის გამოყენება არ გსურთ, „ერთდღიანები“ იდეალური ვარიანტია. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ლინზები ძვირი ღირს.
ლინზების გაწმენდა
მაშინაც კი, თუ ლინზებს ყოველდღიურად არ იყენებთ, ფუტლიარში ხსნარი ყოველდღე უნდა გამოცვალოთ. ლინზები თვისებებს შეინარჩუნებენ, თუ თბილ, სველ და ბნელ გარემოში შეინახავთ. ეს სამეული მიკრობებს და ბაქტერიებს იზიდავს. ხსნარი კი მათ განადგურებას ვერ შეძლებს, თუ ლინზებს მათში „უფრო დიდხანს“ გააჩერებთ. ჰიგიენის ელემენტარული წესები არ უგულებელყოთ და ხსნარი რეგულარულად გამოცვალეთ.
ონკანის წყალი – თქვენი მთავარი მტერი. ლინზები და ფუტლიარი ონკანის წყალში არასდროს გარეცხოთ, ასე შესაძლო დაინფიცირების რისკს შეიცავს. სპეციალისტები გირჩევენ, შხაპის ან აბაზანის მიღების დროს ლინზები არ გაიკეთოთ. ზღვაზე დასვენებისას ერთდღიანი ლინზები გამოიყენეთ. თუ წყლის სპორტით გატაცებული ხართ, სპეციალური საცურაო სათვალე არ დაგავიწყდეთ.
ლინზის შენახვა
დაიმახსოვრეთ: ფუტლიარი და ხსნარი ყოველთვის თან უნდა გქონდეთ. არავინ იცის, როდის დაგჭირდებათ ლინზის ამოღება, სჯობს თავი დაიზღვიოთ.
რა თქმა უნდა, სპეციალური ხსნარი შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ. თუ რაიმე მიზეზით ვერ იშოვეთ, უბრალო სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ასეთი ხსნარი ლინზებს ვერ გაწმენდს, უბრალოდ გაშრობის საშუალებას არ მისცემს.
ლინზებით დაძინება არ გაბედოთ. დახურული ქუთუთოს გამო თვალებში ჟანგბადი სათანადოდ ვერ აღწევს. თუ ლინზებიც გიკეთიათ, ხომ საერთოდ. ძილისას თვალებს არ ვახამხამებთ, რაც საცრემლე სითხის გამოყოფას ამცირებს, რომელიც თვალის ბუნებრივი გზით გასაწმენდად გვჭირდება.
რჩევები დამწყებთათვის
არაფრის შეგეშინდეთ, რადგან კონტაქტური ლინზები ჩვევის საქმეა. თვალებს გაუფრთხილდით, რადგან ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. თუ ხედავთ, რომ თვალი გაწითლდა ან ანთება გაჩნდა, ლინზა იმწამსვე ამოიღეთ. ხელები კარგად დაიბანეთ, გაიმშრალეთ და შემდეგ თვალიდან ლინზა ამოიღეთ.
თუ სათადარიგო ლინზების ტარება არ გსურთ, სათვალის ჩადება ზედმეტი არ იქნება. ის დიდ ადგილს არ იკავებს, მაგრამ გადაუდებელ სიტუაციაში დაგეხმარებათ. ლინზების მუდმივად ტარებამ შეიძლება მშრალი თვალის სინდრომი განავითაროს. თუ კომპიუტერთან დიდ დროს ატარებთ, თავს დასვენების უფლება ხშირად მიეცით. ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ რქოვანას დასატენიანებლად სპეციალური წვეთები გამოიყენოთ.
მოკლედ, კარგი ოფთალმოლოგის გარეშე ლინზებთან დამეგობრებას ვერ შეძლებთ. თუ სათვალის ლინზებით ჩანაცვლება გსურთ, პირველ რიგში, მხედველობა შეამოწმეთ და ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. ექიმი ლინზების სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ. უმთავრესი – არ შეგეშინდეთ და გამოცადეთ. სამყარო იმად ღირს, რომ ახლებურად შეხედოთ!