ბავშვს რაღაც სტკივა? შუბლი ცხელი აქვს? სანთლები, სიროფები და აბები, სიცხისა და ტკივილის საწინააღმდეგოდ, ყველა საშინაო აფთიაქშია.
ყოველთვის უსაფრთხოა თუ არა ეს ნაცნობი და პოპულარული საშუალებები?
იქნებ, თვითონ გაუმკლავდებით
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როცა საუბარი ბავშვის სხეულის მაღალ ტემპერატურასა და მწვავე ტკივილზეა: სჯობს ბავშვი ექიმთან წაიყვანოთ, ვიდრე თვითმკურნალობით დაკავდეთ. მშობლებს შეიძლება რაღაც გაეპაროთ, ვერ შეამჩნიონ, სხვა მშობლებისგან არასწორი რჩევა მიიღონ. ეს შეიძლება სერიოზული შედეგებით დასრულდეს. თუ ეჭვი გეპარებათ ან გრძნობთ, რომ ვერ უმკლავდებით, მიმართეთ პედიატრს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების სერვისი.
არის თუ არა ტემპერატურის დაწევის დრო
ბავშვებში მაღალი ტემპერატურის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მრვი(მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია). გახსოვდეთ: 38,5⁰-მდე ტემპერატურის დაწევა არაა აუცილებელი. ეს ორგანიზმის დამცავი რეაქციაა, რომელიც დაავადებას ებრძვის. უფრო მაღალი ტემპერატურა აუცილებლად უნდა შეამციროთ. სიცხე პატარა ბავშვებში ფებრილური კრუნჩხვების, ხოლო უფრო მოზრდილ ბავშვებში – ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. ბავშვს სიცხის დამწევი, ჩვეულებრივ, სიროფის ან რექტალური სანთლის სახით უნდა მიეცეს.
პრეპარატები რამდენიმე ჯგუფად იყოფა, ძირითადი მოქმედი ნივთიერების მიხედვით: პარაცეტამოლის, იბუპროფენის, ანალგინისა და სტეროიდების შემცველი მედიკამენტები.
მიღების პრინციპი შემდეგნაირია: ჯერ ბავშვს ეძლევა ერთი ჯგუფის პრეპარატი, ველოდებით 40-60 წუთის განმავლობაში მის მოქმედებას. თუ ცვლა არ აღინიშნება, ტემპერატურა არ იკლებს, ვაძლევთ მეორე ჯგუფის მედიკამენტს. ისევ 40+ წუთი ველოდებით. თუ ცვლილებები ისევ არ აღინიშნება, კიდევ ერთ ახალ წამალს ვიღებთ სხვა ჯგუფიდან. თუმცა, ეს სიტუაცია უკვე იმაზე მეტყველებს, რომ დედა დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდება და ექიმის ჩარევის დროა.
გამოყენებამდე აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, გამოთვალეთ დოზები ბავშვის ასაკისა და წონის მიხედვით.
ნუ ჩავარდებით პანიკაში წინასწარ, დაელოდეთ წამლის მოქმედებას. ყურადღებით შეისწავლეთ დანაყოფი “დოზის გადაჭარბება”. არსებობს ისეთი სიცხის დამწევი მედიკამენტები, რომლებიც იწვევს ნეიტროპენიას(დაავადებას, რომელსაც სისხლში ნეიტროფილური ლეიკოციტების შემცირება ახასიათებს).
არსებობს იშვიათი შემთხვევები, როცა ბავშვზე არ მოქმედებს გარკვეული ტიპის პრეპარატები. ეს გამოცდილი გზით გამოვლინდება. თუ მსგავსი ეჭვი გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს. იგი ალტერნატიულ, მათ შორის, ფიზიკურ(დაზელა, კომპრესები და ა.შ.) მეთოდს შემოგთავაზებთ.
ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს ალერგიასაც(კანზე გამონაყარი, გაღიზიანება) მედიკამენტებზე. ხშირად, ასეთი რეაქცია ორგანიზმს პრეპარატში არსებულ ძირითად მოქმედ ნივთიერებაზე კი არა, არამედ კონსერვანტებზე, არომატიზატორებსა და საღებავებზე აქვს – იმ ყველაფერზე, რაც წამალს სასიამოვნოს ხდის ენისა და ცხვირისთვის.
რა მოვიმოქმედოთ ტკივილის წინააღმდეგ
არასტეროიდულ პრეპარატებს(პარაცეტამოლი, ანალგინი, იბუპროფენი) 4 ეფექტი აქვს: ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, შეშუპების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი. ნუ მისცემთ ბავშვს სიცხის დამწევს და, დამატებით, ტკივილგამაყუჩებელს. წამლები ერთბაშად ორი მიმართულებით მოქმედებს. არასდროს მისცეთ ბავშვს ტკივილგამაყუჩებელი, თუ მას მუცლის ტკივილი აწუხებს.
თუ ბავშვს ისეთი დაავადება აქვს, რომელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, წამალი მხოლოდ მალავს საერთო სურათს. თუ ბავშვს თავი ან კბილი სტკივა, შეგიძლიათ მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი. თუმცა, პრინციპი შემდეგნაირია: ვაძლევთ პრეპარატს და, თუ 1 საათის შემდეგ შესამჩნევი ცვლილება არ აღინიშნება, მივმართავთ ექიმს. საჭიროა სწორედ ცვლილება, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ტკივილი შემცირდა.
თუ ცვლილება საერთოდ არ აღინიშნება, რეკავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერზე!
თუ ბავშვს რეციდიული ტკივილი აქვს, ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციასა და დამატებით გამოკვლევებზე.
უამრავ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს მუდმივი თავის ტკივილები, ამიტომ აუცილებელია მათი საფუძვლიანი გამორიცხვა. თუმცა, არსებობენ ემოციური, ლაბილური ბავშვებიც, რომლებიც ტკივილითა და ტემპერატურით მხოლოდ მშობლების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.