ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ, სწორედ ინსულტი იწირავს ყველაზე მეტ სიცოცხლეს. ამასთან, შრომისუნარიანობის ხანგრძლივი შეზღუდვის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ტვინის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის დარღვევაა.
დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ყოველთვის ვერ ცნობენ ტვინში სისხლის მიწოდების დარღვევას და არ ესმით, თუ როგორ უნდა დაეხმარონ დაშავებულს. ამიტომ, დღეს ამ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის სისტემატიზებას გთავაზობთ.
ტვინში სისხლის მიწოდება
ინსულტის შესახებ ყველას გაუგია, თუმცა ბოლომდე მაინც არ ესმით, თუ რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს ამ მომენტში. პრობლემა სისხლძარღვებშია, რომლებიც თავის ტვინს ჟანგბადითა და მნიშვნელოვანი მკვებავი ელემენტებით ასაზრდოებს.
ინსულტი ორი გზით შეიძლება განვითარდეს: პირველს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “კარგი”, როცა სისხლძარღვში გაჩნდა თრომბი, რომელიც ტვინის გარკვეული მონაკვეთისთვის სისხლის მიწოდებას აფერხებს. კარგი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი თრომბი, როგორც წესი, მედიკამენტოზური მეთოდით მოშორებადია და სერიოზული ჩარევა არ სჭირდება.
მეორე დადებითი მომენტი ისაა, რომ ასეთი ინსულტი ინსულტის საერთო შემთხვევათა 87%-ს შეადგენს. სხვა სიტყვებით, 10-იდან 9 ადამიანს, ინსულტის დიაგნოზით, გადარჩენის უდიდესი შანსი აქვს. თუმცა, გადასარჩენად სულ 3-4.5 საათი აქვთ. თუ ვერ მოასწრებენ, შესაძლებელია გართულებებისა და ლეტალური შედეგის დადგომაც.
ინსულტის მეორე სახეობა კი მაშინ იჩენს თავს, როცა სისხლძარღვი იხევა. ამ შემთხვევაში, სისხლძარღვიდან სისხლი, წნევის გავლენით, პირდაპირ ტვინის ქსოვილებში ხვდება, ჟღენთს მას, როგორც ღრუბელს. ასეთი ქსოვილი, სამწუხაროდ, აღდგენას აღარ ექვემდებარება.
ამ სახეობის მკურნალობა მდგომარეობს ტვინის იმ ნაწილების გადარჩენაში, რომლებსაც სისხლი არ შეხებია. და თუ ადამიანი, ასეთი ინსულტის შემდეგ, ვეღარ ახერხებს ხელის გამოძრავებას ან ნორმალურად საუბარს, ეს უკვე სამუდამოა. სამაგიეროდ, ორგანიზმის სხვა ფუნქციების აღდგენა შესაძლებელია.
ამასთან, ინსულტიანი ადამიანის გადარჩენის დროს, გარშემომყოფების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაშავებულთა უმეტესობა სიცოცხლეს იმ მიზეზით ელევა, რომ დახმარება ძალიან გვიან აღმოუჩინეს, ხოლო გარშემომყოფებმა დროულად ვერ შენიშნეს უბედურება. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ისწავლოთ ინსულტის ამოცნობა შემდეგი ნიშნებით:
1. მეტყველების დარღვევა
უეცრად, ადამიანის საუბარი გაუგებარი ხდება. ან იგივე ადამიანი სწორად ამბობს სიტყვებს, თუმცა განურჩევლად, დაუკავშირებლად, თითქოს უბრალოდ ნაცნობ სიტყვებს შემთხვევით ისვრის. ასევე, შესაძლებელია მეტყველების სრული დაკარგვა.
2. სახის პარალიზება
სახის ერთი ნაწილი პარალიზდება, სწორდება ნაოჭებიც კი, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს პარალიზებული ნაწილი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. თვალისა და ტუჩის კუთხეები, პარალიზებულ ნაწილში, ქვემოთ ჩამოიწევა. გაღიმების ან საუბრის მცდელობისას, პარალიზებული ნაწილი უცვლელი რჩება, მეორე ნაწილი კი აგრძელებს ფუნქციონირებას.
3. ხელებისა და ფეხების პარალიზება
დაშავებულს ერთი ხელის წამოწევა შეუძლია, თუმცა მეორე უმოძრაოდ ჰკიდია ან ოდნავ მოძრაობს. მსგავსი რამ მოსდის ფეხებსაც.
ნუ დაიცდით, სანამ სამივე ნიშანი იქნება სახეზე, ერთიც საკმარისია 112-ზე დასარეკავად. სტატისტიკის მიხედვით, ერთ-ერთი ნიშნის არსებობს უკვე 72%-ით მეტყველებს ინსულტზე.
მთავარი მოქმედებაა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რამდენადაც მსგავს პრობლემას მხოლოდ სტაციონარში მკურნალობენ. დარჩა მხოლოდ პაციენტისთვის პირველადი დახმარების გაწევა, დახმარების ბრიგადის მოსვლამდე.
არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ადამიანს რაიმე აბი. ისიც კი, რომელსაც ადამიანი მანამდეც იღება. ეს იმიტომ, რომ წამალს შეუძლია მდგომარეობის გაუარესება ან ინსულტის შედეგების მკურნალობის გართულება.
უბრალოდ კომფორტულად მოათავსეთ ადამიანი, რატა ნაწილობრივი პარალიზების გამო არ დაეცეს. სხეულის მდგომარეობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ადამიანი სუნთქვას ახერხებდეს. თუ დაშავებული ვერ ჯდება, დააწვინეთ გვერდზე და დაელოდეთ სასწრაფოს. ამასთან, ექიმებს ზუსტად და გულწრფელად უნდა უთხრათ ყველაფერი, გახსოვდეთ ინსულტის დროც, რადგან ამაზე სამომავლო მკურნალობა და ადამიანის მდგომარეობა იქნება დამოკიდებული.
თუ მანქანა გყავთ ან ქუჩაში ხართ, თავად გადაიყვანეთ ადამიანი კლინიკაში, არც ერთი წუთი არ დაკარგოთ!