ფორუმზე ბებიკოებმა სააღდგომო ორცხობილების საუკეთესო რეცეპტი გამოავლინეს

0
153

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ყოველთვის ვყიდულობდი ორცხობილებს, წელს კი გადავწყვიტე, თვითონ გამომეცხო. კარაქის ფხვიერი ორცხობილა ლიმონის გულსართით ჩემს სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. რეცეპტი ერთი კულინარიული ბლოგერის გვერდზე ვიპოვე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი.

ამ სააღდგომო ორცხობილებმა დამიპყრო არომატით, რომ აღარაფერი ვთქვა გემოვნურ თვისებებზე. წუხელ გამოვაცხე, დღესასწაულამდე რეპეტიცია რომ გამევლო. თუმცა, ოჯახის წევრებს ისე მოეწონათ, რომ უქმეებზე კვლავ გამოვაცხობ.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ დიდებული სააღდგომო ორცხობილების რეცეპტს. მისი მყიფე, ფხვიერი ცომი და ლიმონის მკვეთრი, მომჟავო ნოტი პირში გემოვნურ აფეთქებას გამოიწვევს!

Photo credit: Depositphotos

ფხვიერი ორცხობილა კარაქზე

ცომის ინგრედიენტები:

  • 200 გ კარაქი
  • 250 გ ფქვილი
  • 50 გ შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • 50 გ შაქრის პუდრა
  • მწიკვი მარილი

ლიმონის გულსართის ინგრედიენტები:

  • 110 მლ ლიმონის წვენი
  • 45 გ კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 15 გ სიმინდის სახამებელი
  • 1 ლიმონის ცედრა

მომზადება

1. ჩაყარეთ თასში ფქვილი, საშუალო ზომაზე დახეხეთ კარაქი და ხელებით შეაზილეთ ერთმანეთს. დაუმატეთ შაქარი, პუდრა და მწიკვი მარილი. მოურიეთ.

2. დაუმატეთ ცომს კვერცხის გულები და მოზილეთ ცომი. მზა მასა დაამრგვალეთ, გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათით.

3. ლიმონის გულსართის მოსამზადებლად, სარძევე ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, გულები და ცედრა. კარგად მოურიეთ სათქვეფით და დაუმატეთ კარაქიც.

დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღების შემდეგ, შეამცირეთ ცეცხლი. ხარშეთ კიდევ 5 წუთით ნელ ცეცხლზე, ურიეთ გაუჩერებლად.

4. ფქვილმოყრილ ზედაპირზე დაყავით ცომი ორ ნაწილად. გააბრტყელეთ ერთი ნაწილი 2-3 სმ სისქის ფირფიტად. წინასწარ გამოჭერით მუყაოსგან კვერცხის ფორმა. ახლა ამ ფორმით გამოჭერით ცომის ნაჭრებიც. მაშინვე გადადეთ კვერები პერგამენტდაფენილ საცხობ ლანგარზე.

5. აცხვეთ ორცხობილები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. გააგრილეთ. მანამდე კი გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილიც. ეს ფორმებიც დაალაგეთ საცხობ ლანგარზე და ამოჭერით რამე წვრილი მრგვალი ფორმით წრეები. აცხვეთ 10 წუთით, 180 გრადუსზე.

6. ახლა დახვრეტილ ორცხობილებს მოაყარით შაქრის პუდრა, საღებს კი წაუსვით ლიმონის გულსართი. ამოავსეთ ხვრელიც.

7. როგორც ხედავთ, რთული არაფერია. ამასთან, ორცხობილები ძალიან ეფექტურად გამოიყურება. გემრიელად მიირთვით!