Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ გემრიელი ჩიაბატა, სახლის პირობებში. ჩიაბატა იტალიური ნასვრეტებიანი პურია, ხრაშუნა ქერქით, რომელიც, ხშირად, სენდვიჩების მოსამზადებლად გამოიყენება.
ჩიაბატას რეცეპტი
მითითებული ინგრედიენტებით, სულ 4 ჩიაბატა გამოგივათ. ახლავე უნდა აღვნიშნოთ, რომ ცომის დაყენებას დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ, დაგეგმეთ ამ პურის გამოცხობა იმ დღეს, როცა სახლში ხართ და არსად აპირებთ გასვლას.
ინგრედიენტები:
- 320 მლ წყალი;
- 2 გ მშრალი სწრაფმოქმედი საფუარი;
- 30 მლ ზეითუნის ზეთი;
- 400 გ უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი;
- 8 გ მარილი (1 ჩ.კ. ბორცვით)
მომზადება
1. ჩაყარეთ წყალში საფუარი და მოურიეთ. ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ ფქვილი და მარილი.
2. ნიჩბით მოურიეთ კარგად. წებოვანი ცომი უნდა მიიღოთ. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ან ცელოფანი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 40 წუთით.
3. ახლა დაისველეთ ხელები წყლით და დაიწყეთ ცომის ჩაბრუნება ცენტრისკენ. გააკეთეთ ასე ყველა მხრიდან რამდენჯერმე და ისევ დააყენეთ ცომი 40 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა კიდევ ორჯერ: ცომი სულ 4-ჯერ, 40 წუთით უნდა დაასვენოთ.
4. მეოთხე დასვენების შემდეგ, მოაყარეთ ცომს ფქვილი და მოამზადეთ მყარი ზედაპირი. მოათავსეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე, თასის ჩაბრუნების გზით. კიდევ ერთხელ მოაყარეთ ფქვილი.
5. ახლა გამოძერწეთ კვადრატი და დაყავით 4 ნაწილად. ნივთი, რომლითაც ცომს დაჭრით, ფქვილმოყრილი უნდა იყოს.
მოათავსეთ ცომი პერგამენტფაგენილ საცხობ ლანგარზე. ქაღალდითვე გააკეთეთ ტიხრები, პურები ერთმანეთს რომ არ შეეწებოს. დაახურეთ ცომს ხელსახოცი და ბოლოჯერ დაასვენეთ 40 წუთით.
7. მანამდე 220 გრადუსამდე გაახურეთ ღუმელი და შედგით დასვენებული ცომი 20-25 წუთით.
მზა ჩიაბატა გამოდის ჰაეროვანი, ნასვრეტებიანი და ხრაშუნა. შეგიძლიათ, მოამზადოთ სენდვიჩები ან უბრალოდ ჯემთან ერთად მიირთვათ. ამასთან, რეცეპტის გამრავალფეროვნებაც შეგიძლიათ – მაგალითად, დაუმატებთ შემწვარ ხახვს, ზეთისხილის, ყველის ნაჭრებს ან ხმელ ბალახეულს.