ავოკადო ერთ-ერთია იმ ეკზოტიკურ პროდუქტთაგან, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს. ადამიანი, რომელიც სწორი კვებისგან ძალიან შორსაა, მას უგემურ, ბალახოვან ლორწოს უწოდებს. თუმცა, ეს ხილი სასარგებლო ნივთიერებათა საწყობია. ზოგიერთ სხვა პროდუქტთან კომბინაციაში კი დახვეწილ კერძად იქცევა ხოლმე. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა შეინახოთ ავოკადო და რითაა იგი ასეთი სასარგებლო. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ ვისთვის არ შეიძლება ამ ხილის მიღება.
როგორ შევინახოთ ავოკადო?
ამ ხილის ჭამა მაშინ დავიწყე, როცა საკუთარი რაციონის ძირ-ფესვიანად შეცვლა გადავწყვიტე. ცხოველირ პროდუქტზე უარის თქმის შემდეგ, ისე უნდა გამომეკვება ორგანიზმი, რომ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მიკროელემენტების საჭირო რაოდენობა მიმეღო.
ავოკადო სასარგებლო, უჯერი ცხიმების შესანიშნავი წყაროა. 100 გ ხილი 14.7 გ ცხიმს შეიცავს. ეს ჩემი დღიური ნორმის 1/3-ს შეადგენს. ამავდროულად, ავოკადო მდიდარია ცილებითა და უჯრედისით, რომლებიც აუმჯობესებს კნტ-ს მუშაობას. აგრეთვე, ხელს უწყობს ორგანიზმის მოწესრიგებას.
გარდა ამისა, ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით კალიუმსაც შეიცავს. იგი ორგანიზმს წყლის ბალანსის შენარჩუნებისთვის სჭირდება. ავოკადოს 1 ნაყოფი უფრო მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ბანანი. თუმცა, რატომღაც, სწორედ ამ უკანასკნელზე საუბრობენ ყველაზე მეტს.
გადამთიელი ხილი ამცირებს “ცუდი” ქოლესტერინის დონეს და ზრდის “კარგის” რაოდენობას. ავოკადო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ამცირებს უსიამოვნო დაავადებების განვითარების რისკს. საოცარი პროდუქტი შეიცავს ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინასა და A, C, K, PP, E, B ვიტამინებს.
თანაც, ავოკადოს ზოგიერთ სხვა პროდუქტთან შეხამება ერთდროულად მეტი სარგებლის ათვისებაში დაგვეხმარება. როგორ ხდება ეს? მაგალითად, ცხიმხსნად А, Е, D და K ვიტამინებს ცხიმები სჭირდება დასაშლელად და სრულყოფილად ასათვისებლად.
ამიტომაც, სტაფილოს, ბულგარული წიწაკის, პომიდვრისა და მწვანილის სალათის ავოკადოს ზეთით შეზავება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მე მომწონს ხილის კუბებად დაჭრა და დანარჩენ ბოსტენულთან მოთავსება. გარდა ამისა, ავოკადოს იდეალური ტექსტურის წყალობით, მისგან უნივერსალური სოუსის დამზადებაცაა შესაძლებელი. უბრალოდ ათქვიფეთ რბილობი ბლენდერში და დაუმატეთ სუნელები და ლიმონის წვენი გემოვნებით.
ავოკადოს უარყოფითი მხარეები
რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია. სამწუხაროდ, ავოკადოზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მწარმოებლებს უწევთ მისი მოსაყვანი ტერიტორიების გაზრდა, ტყის გაჩეხვის ხარჯზე. თანაც, ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად, აუცილებელია უზომოდ ბევრი წყალი.მაგალითად, ფირმა Camet Trading-ი დღეში 290 ათას ლიტრ წყალს მოიხმარს, 28 ათასი ზრდასრული ხის მოსარწყავად.
გარდა ამისა, ტყეების გაჩეხვის გამო, იცვლება მიკროკლიმატი, ადგილობრივი მოსახლეობა ექსტრემალურ გვალვებს ექვემდებარება. ავოკადოს მასობრივი წარმოება, ხშირად, არალეგალურ საქმიანობასაც ეყრდნობა. ამბობენ, რომ მოსარწყავ წყალს, ხშირად, ახლომდებარე წყალსატევებიდან იპარავენ. იმას თვითონაც მიხვდებოდით, რომ ხეების მოჭრა ტყის ცხოველების გადაშენებას უწყობს ხელს.
პრობლემა მართლა არსებობს. თუმცა, ეს არახალია, აქამდე ბევრს ულაპარაკია მასზე. სწორედ ასეთი ეკოლოგიური ზიანი მოაქვს ბანანს, ანანასს, ყავას, სოიოს პროდუქტებს, ბრინჯს. ცხოველური პროდუქტისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
რა თქმა უნდა, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, მიირთვათ თუ არა ავოკადო და სხვა ეკზოტიკური პროდუქტი. თუმცა, უმჯობესია, თავიდანვე გაეცნოთ მის უკუჩვენებებს.
ავოკადოს უკუჩვენებები
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ალერგიულ ხალხზე ვისაუბრებთ. მოერიდეთ ავოკადოს, თუ ალერგია გაქვთ ციტრუსზე. შეიტანეთ ხილი რაციონში თანდათან, დააკვირდით ორგანიზმის რეაქციას. ან, პირდაპირ ჩააბარეთ ტესტი იმის გასაგებად, შეიძლება თუ არა თქვენთვის ავოკადო.
მის მოხმარებას არ ვურჩევთ ფეხმძიმე ან მეძუძურ დედებს. თუმცა, სიფრთხილე მხოლოდ იმ შემთხვევაში გმართებთ, თუ მანამდე ეს ხილი საერთოდ არ მიგირთმევიათ. თუ მას ფეხმძიმობამდეც ჭამდით, საშიში არაფერია.
თუ რაციონში ავოკადოს ჩართვას გეგმავთ, საჭიროა იცოდეთ მისი შენახვის სწორი გზებიც. ჩვეულებრივ, მე ერთბაშად ბევრს ვყიდულობ და თითო-თითო ვიყენებ. ხილი მშვენივრად აგრძელებს დამწიფებას ბნელ ადგილას. გირჩევთ, იგი მაცივარში შეინახოთ. თუმცა, თუ დამწიფების პროცესის აჩქარება გსურთ, მოათავსეთ ავოკადო მუყაოს კოლოფში, ვაშლთან ან მსხალთან ერთად.
თქვენ როგორ იყენებთ ავოკადოს?