ზაფრანა ლანდშაფტის დიზაინში ძალიან ცნობილი ყვავილია. უპრეტენზიობა და ხანგრძლივი ყვავილობა მებაღეებს მუდმივად იზიდავს. Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს გეტყვით ყველაფერს, რაც ზაფრანას ნაკვეთზე დარგვას ეხება.
გარდა იმისა, რომ ზაფრანა საკმაოდ დიდხანს ახარებს თვალს უხვი ყვავილობით, ამ მცენარეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. რთულყვავილიანთა ოჯახის წარმომადგენელი ბუნებრივი ინსექტიციდია, რის გამოც იგი საკვები კულტურებისთვის ძალიან სასარგებლოა.
სად დავრგოთ ზაფრანა
- ზაფრანას არომატი ეფექტურია ხახვისა და სტაფილოს ბუზების წინააღმდეგ. მოსავლის დასაცავად, გამოცდილი მიწათმოქმედები გვირჩევენ ხახვის ან სტაფილოს რიგების ამ ერთწლიანი მცენარის რიგებთან მონაცვლეობით დარგვას.
- ზაფრანა, აგრეთვე, ეფექტურად აშინებს კომბოსტოს მავნებლებს. მოსავალი ღორმუცელა მუხლუხოებისგან რომ დაიცვათ, გირჩევთ, სტაფილოს მსგავსად, ყვავილები კომბოსტოს რიგებს შორისაც დარგოთ.
- ზაფრანას დარგვა ნაკვეთზე ჯვაროსან ხოჭოსთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ. კომბოსტოს, ბოლოკის, თალგმისა და დაიკონის მოსავალი ხელშეუხებელი დარჩება.
- რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელი, აგრეთვე, იცავს კარტოფილს კოლორადოს ხოჭოსგანაც. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ მონაცვლეობითი დარგვის მეთოდი გამოიყენოთ.
- ზაფრანა ეფექტურია ბაღის მარწყვის გრძელცხვირასგან დასაცავადაც. მავნებლის მოსაშორებლად, ადრეულ გაზაფხულზე, ყვავილების ჩითილები მარწყვის ბუჩქებს შორის ჩარგეთ.
- ხურტკმლისა და მოცვის ბუჩქებს შორის დარგული ზაფრანა დაიცავს მცენარეებს ცეცხლისფერი პეპლებისგან.
ზაფრანას გავლენა ნიადაგზე
მავნებლებთან ბრძოლის გარდა, ზაფრანა ცნობილია, როგორც ეფექტური სიდერატი (მწვანე სასუქი). მცენარე გამოირჩევა თავისი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით, გამოიყენება ნემატოდების წინააღმდეგ, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. ზაფრანას ღეროები კომპოსტადაც გამოდგება. იგი გაავსებს ნიადაგს მკვებავი ნივთიერებებით და ანადგურებს პათოგენურ ორგანიზმებს.
ამრიგად, უპრეტენზიო მკვეთრი ფერის მცენარე არამხოლოდ ნებისმიერ ნაკვეთს დაამშვენებს, არამედ ყველა აუცილებელ პირობას ქმნის უხვი და ჯანმრთელი მოსავლისთვის.