როგორ დავრგოთ პომიდორი, მოსავლის მიღების გარანტიით

0
2625

პომიდვრის ღია ნიადაგში გადარგვას თავისი ნიუანსები აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რათა მიღებულმა მოსავალმა მთელი ჩადებული ძალისხმევა გაამართლოს. დღეს ჩითილების მომზადების კიდევ ერთ წესს გავიხსენებთ და ვისაუბრებთ მეთოდზე, რომელიც ზედმეტად გაზრდილი ჩითილების დარგვაში, ფესვებისა და ღეროს გაძლიერებაში და უფრო უხვი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

პომიდვრის ჩითილების გადარგვა

პომიდვრის ნიადაგში გადასარგავად საუკეთესო დროა მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისი, როცა დღისით ტემპერატურა 22-25 გრადუსს აღწევს, ღამით კი 15 გრადუსზე ნაკლებს არ უდრის.

პომიდვრისთვის განკუთვნილი ადგილი კარგად განათებული უნდა იყოს. არასასურველია მისი დარგვა იქ, სადაც წინა წელს იზრდებოდა კარტოფილი, წიწაკა ან ბადრიჯანი. ამ მცენარეებს პომიდორთან საერთო დაავადებები და მწერ-მავნებლები აკავშირებს.

პროცესის გასამარტივებლად, 2 დღით ადრე შეწყვიტეთ ჩითილების მორწყვა. გადარგვამდე 2 საათით ადრე კი უხვად მორწყეთ, მიწა რომ დასველდეს. შედეგად, იგი არ დაიფშვნება და მცენარის ფესვებიც არ დაზიანდება.

ჩითილების დასარგავად ნერგის მიწის მოცულობაზე ოდნავ დიდი თხრილები უნდა მოამზადოთ. თხრილებში მოათავსეთ კომპოსტი, ხის ფერფლი და სასუქი. შემდეგ დააყენეთ ნერგი ვერტიკალურად და მიაყარეთ მიწა.

ჰორიზონტალურად დარგვა

ზემოთ აღწერილი თანმიმდევრობა 30 სმ-მდე სიმაღლის, 8-10-ფოთლიანი ნერგისთვისაა შესაფერისი. გრძელი, ზემდეტად გაზრდილი ჩითილისთვის ალგორითმი ოდნავ განსხვავდება.

ამოთხარეთ მცირე ზომის ტრანშეა, მოაჭერით მცენარეს ქვედა ფოთლები (რომ არ დაულპეს), დააწვინეთ ნერგები ტრანშეაში ჰორიზონტალურად, ფესვებით სამხრეთისკენ, კენწეროთი – ჩრდილოეთისკენ. მოაყარეთ მიწა ისე, რომ ღეროს ნაწილი, სადაც ფოთლები მოჭერით, მიწაში აღმოჩნდეს, ხოლო კენწერო – ჰაერში.

თავიდან, პომიდორი მიწაში წევს, შემდეგ თვითონ წამოიწევა. ღერო დამოკლდება და გაძლიერდება, მცენარე კი უკეთ გამოიკვებება, დამატებითი ფესვების ჩამოყალიბების წყალობით, რაც უხვ მოსავალს განაპირობებს.