არომატული კამა სამზარეულოში შეუცვლელი დამხმარეა, რომელიც მრავალ კერძს უხდება. მას თითქმის ყველა მიწათმოქმედი რგავს, თუმცა, უხვ მოსავალს ყველა ვერ იღებს.ე ამ გავრცელებულ კულტურასაც აქვს თავისი საიდუმლოები. როგორ მოვიყვანოთ კამა ისე, რომ ფუმფულა და სასარგებლო შედეგი მივიღოთ – ამას Paparazzi.ge-ის რედაქცია გიამბობთ.
როგორ მოვიყვანოთ კამა
კამის ნერგები ზურმუხტისფერი მხოლოდ წინასწარ მომზადებულ ნიადაგზე გამოვა. იდეალურ სასუქად, გამოცდილი მიწათმოქმედები მიიჩნევენ ნეშომპალას (1/3 სათლი 1 კვ.მ.). ორგანულ სასუქთან ერთად შეგიძლიათ 1 ს.კ. ნიტროფოსკის (აზოტი, ფოსფორი და კალიუმი) გამოყენებაც.
ნუ გამოიყენებთ ხის ფერფლსა და კირს, თორემ კამის ღეროებს მოწითალო ფერი ექნება. შეცდომაა კამის დარგვა ჩრდილიან ადგილასაც. უკმარისი განათებისას, მცენარე უაზროდ გაიწელება და გაფერმკრთალდება.
კამის დათესვამდე, თესლი თბილი წყლით უნდა გარეცხოთ. ეს იმ ეთერზეთების გარსს ჩამორეცხავს, რომლებიც ხელს უშლის გაღვივებას. თესლის ვარგისიანობის შესამოწმებლად, 2-3 დღე სველ ხელსახოცზე დაალაგეთ. თესლი, რომელიც არ გაიხსნება, უვარგისია. შეგიძლიათ, იგი სუნელად ან სასარგებლო ნაყენების მოსამზადებლად გამოიყენოთ.
მოამზადეთ 2 სმ სიღრმისა და 5 სმ სიგანის თხრილები. რიგებს შორის დაშორება 20 სმ-ს უნდა უდრიდეს. გირჩევთ, თხრილებში თესლი ზიგზაგურად ჩაყაროთ. ასე მათი გამოხშირვა გაგიმარტივდებათ.
დაახურეთ თესლს ფხვიერი ნიადაგი ან ნეშომპალა. დათესვისთანავე მორწყვა საჭირო არაა. მოგვიანებით, კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისი იქნება, თუმცა, მშრალ ამინდში ორჯერაც გახდება საჭირო. თუმცა, პირველი სიმწვანის გაჩენისას მნიშვნელოვანია, რომ თხრილები ძალიან უხვად არ მორწყოთ – ეს მიწის ქერქის გამაგრებას გამოიწვევს და მცენარეს გადარჩენას გაურთულებთ.
2-3 ნამდვილი ფოთლის გაჩენის შემდეგ, მცენარე გამოხშირეთ და დატოვეთ მათ შორის 8-10 სმ მანძილი. კამა, ჩვეულებრივ, გაღვივებიდან 3-4 კვირაში მწიფდება. თუ კარგი მოსავლის აღება მთელი სეზონის განმავლობაში გინდათ, დათესეთ კამა ყოველ 2-3 კვირაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი – მწვანე მასის მიღების ვადის გასახანგრძლივებლად, უპირატესობა მიანიჭეთ გვიან დამწიფებად სახეობებს, რომლებსაც ყვავილედები ნელა უვითარდება. ასეთია “დუკატი”, “დილი” და სხვა. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას თესლის შეფუთვაზე ან კონსულტანტისგან მიიღებთ.