ბაღში ბუგრებთან ბრძოლა ერთი დიდი განსაცდელია. თუ მებაღეს გამოცდილება აკლია, ამ პრობლემას სწორი მითითებების გარეშე გზას ვერ მოუჭრის. ჩვენს რედაქციას სწორედ ასეთი მებაღეებისთვის აქვს რამდენიმე რჩევა, რომლებიც ღორმუცელა მავნებლებს ბაღიდან ერთხელ და სამუდამოდ გააქრობს!
ბუგრებთან ბრძოლა
ბუგრები მცენარეს უზარმაზარ ზიანს აყენებენ. ჯერ ერთი, ისინი დაუჯერებელი სისწრაფით მრავლდებიან. მეორეც, მწერი არამხოლოდ მცენარის ქსოვილებით იკვებება, არამედ მისი ფოთლებისა და ტოტების დეფორმაციასაც იწვევს. მათი დამსახურებაა ყვავილსაჯდომებისა და კვირტების, ხშირ შემთხვევაში კი ნაყოფის დაკარგვა.
რამდენადაც მავნებელი გამოყოფს განსაკუთრებულ ნივთიერებას, მაღალია მცენარის სოკოთი დაინფიცირების რისკი. გარდა ამისა, ხშირად, ეს ვირუსული დაავადებების გაჩენასაც იწვევს. მოკლედ, ბუგრების მიერ მოყენებული ზარალის უსასრულოდ ჩამოთვლა შეიძლება. რა მოვუხერხოთ ამ ეშმაკის ფეხს?
ბუგრებთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდის შესახებ ადრეც გვისაუბრია. ჩვენ დავწერეთ არყის კუპრის, სარეცხი საპნისა და ჩვეულებრივი მცენარეული ნაყენების შესახებ. მათ შორის იყო ხახვის, ნივრის, გვირილისა და წიწაკის ნაყენები. შეგიძლიათ მოკავშირე მცენარეების დარგვა ან სხვა, სასარგებლო მწერების მოზიდვაც. ახლა კი გადავიდეთ კიდევ რამდენიმე ეფექტურ ხალხურ მეთოდზე.
როგორ დამავარცხოთ ბუგრები?
ალბათ, ამის გასაკეთებლად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი ხრიკი კოკა-კოლას გამოყენებაა. ჩაასხით სასმელი პულვერიზატორში და მოასხურეთ ბუგრების კოლონიებს. ამბობენ, რომ ეს საშუალება პროფილაქტიკისთვისაც გამოდგება. უბრალოდ დაამუშავეთ გაზიანი სასმლით ხეხილის ტოტების დაბოლოებები.
ნიშადურის სპირტი ნებისმიერი მებაღისთვის ჯადოსნური ელექსირია. მას უამრავი მიზნით იყენებენ, ბუგრების წინააღმდეგ ბრძოლა კი ერთ-ერთი მათგანია. გააზავეთ 1 ს.კ. სპირტი 10 ლ წყალში, მიღებული სითხე შეაშხეფეთ “დაზარალებულ” მცენარეს.
ბუგრების მოშორებისა და მომავალი მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საკვებ სოდასაც იყენებენ. ჩვეულებრივ, სოდის ხსნარს სხვა კომპონენტების, მაგალითაც, სარეცხი საპნის, იოდის, ნივრის ან ზეთის დამატებით ამზადებენ. ჩვენ პირველ ვარიანტს ვანიჭებთ უპირატესობას.
მაშ ასე, აიღეთ 300 გ საპონი, 100 გ სოდა და 10 ლ წყალი. დახეხეთ საპონი მსხვილად და გახსენით 1 ლ თბილ წყალში. დაუმატეთ ხსნარს სოდა და კარგად მოურიეთ. შემდეგ გახსენით ხსნარი დანარჩენ 9 ლ წყალში. მიღებული სითხე მოასხურეთ მცენარეებს კვირაში ერთხელ. ეს ან დილით ადრე, ან გვიან საღამოს უნდა გაკეთდეს.
მნიშვნელოვანი ნიუანსი: მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ. ამიტომ, მომზადების დროს გაითვალისწინეთ დასამუშავებელი მცენარეების რაოდენობა. ინგრედიენტთა რაოდენობა შეგიძლიათ გაყოთ ორზე და დოზა ასე შეამციროთ.
თუ ეს ვარიანტი არ გეპრაქტიკულებათ, ინებეთ ისეთი საშუალების რეცეპტი, რომლის შენახვა შესაძლებელია. 1 კგ ცხარე წიწაკა მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 10 ლ წყალი და ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, 48 საათით დააყენეთ ნახარში. 2 დღეში გადაწურეთ და ჩაასხით ქილებში, მოხუფეთ და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ (შხეფებით).
სხვა ხალხური საშუალებები
ბუგრები პირშუშხასაც ერიდებიან. დააქუცმაცეთ იმდენი ფოთოლი, რამდენიც ნახევარი სათლის გასავსებად დაგჭირდებათ. დაასხით თბილი წყალი და 2-3 საათით დააყენეთ. გადაწურეთ ნაყენი და შეაშხეფეთ დაზიანებულ ფოთლებს.
ამავე პრინციპით მზადდება ჭინჭრის ნაყენიც. თუმცა, თანაფარდობა იქნება განსხვავებული. 1 ლ წყალზე 100-200 გ მცენარე იქნება საჭირო. ნაყენი 24 საათით ისვენებს, შემდეგ უნდა გადაწუროთ და დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ.
ბუგრების პრობლემას ქრისტესისხლას დახმარებითაც გადაჭრით. აგრეთვე, ნაყენის მოსამზადებლად კარტოფილის ღეროების გამოყენებაც შეიძლება. დაასხით 300 გ დაჭრილ მწვანილს 5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 24 საათით, დაუმატეთ 20 გ თხევადი საპონი და შეაშხეფეთ მცენარეებს.
ან გახსენით 10 ლ წყალში 200 გ მდოგვის ფხვნილი. ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ხსნარია ბუგრების წინააღმდეგ. მავნებლებთან ბრძოლისთვის ყველა მეთოდი გამართლებულია. რას იტყვით თამბაქოს ფერფლის ნაყენზე? 10 ლ მდუღარე წყალში მთელი 1 კგ ფერფლი დაგჭირდებათ. ხსნარი 1 დღით უნდა დააყენოთ, გადაწუროთ და შეაშხეფოთ.