ბოსტანში პირშუშხას მოსვლისთანავე ვკრეფ, მის გარეშე სუფრაზე არ ვსხდებით

0
471

სახლის სამზარეულო მოიაზრებს ახალი რეცეპტების ძებნას, რომლებიც როგორც მზარეულს, ისე მისი ოჯახის წევრებსაც მოეწონებათ. დასაყოლებლები, ცხელი და ცივი კერძები, სოუსები… დღეს, მაგალითად, Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ პირშუშხას სოუსი სულ რამდენიმე წუთში, ყველაზე უბრალო ინგრედიენტებით.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ჩვენ ამ მცენარესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებაც გვინდა. რატომ ჭამენ მას სლავურ ქვეყნებში ასეთი მონდომებით? რით და რისთვისაა იგი სასარგებლო? იცოდით, რომ პირშუშხას ფოთლებიც სასარგებლოა ადამიანისთვის? ამ ყველაფერზე ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ.

როგორ მოვამზადოთ პირშუშხა

თავისი ძლიერი არომატისა და გემოს გამო, პურშუშხას, ძირითადად, სანელებლად იყენებენ. ლაბასხმული (იგივე ხალადეცი), ბოსტნეულის მწნილები, ზოგიერთი სალატი… მდოგვთან ერთად, ამ ბოსტნეულს სიამოვნებით მიირთმევენ რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთსა და სხვა სლავურ ქვეყნებში. თუ ამ პროდუქტს კარგად ჩავუღრმავდებით, მის რამდენიმე უნიკალურ თვისებას აღმოვაჩენთ.

პირშუშხას სასარგებლო თვისებები

მცენარე ფესვისა და გარეგნულად არაფრით გამორჩეული ფოთლებისგან შედგება. ეს ფოთლები შეიცავს მდოგვის ზეთს, რომელიც ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და დადებითად მოქმედებს მადაზე. ამ ზეთის შემადგენლობაში არსებული მიკროელემენტები ორგანიზმიდან ტოქსინებს დევნის, აგრეთვე, ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს.

გარდა ამისა, მდოგვის ზეთი ასტიმულირებს ლეიკოციტების გამომუშავებას, მის შემადგენლობაში არსებული C ვიტამინი კი დადებით გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნიტეტს.

მის ფესვს ნაღველ- და შარდმდენი ეფექტი აქვს. აუმჯობესებს მადას, სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმს ეხმარება მიკრობებთან, ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში. ხოლო თუ დახეხილი პირშუშხას საფენებს დაიდებთ, ჭრილობები შეხორცდება და სახსრების ტკივილიც კი შემცირდება. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მას გამახურებელი ეფექტი აქვს.

უჯრედისი, რომელსაც პირშუშხას ფესვი შეიცავს, შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს, შესაბამისად, გახდომაში დაგეხმარებათ. კალიუმი არეგულირებს არტერიულ წნევას. შარდმდენ თვისებას კი ორგანიზმიდან ჭარბი წყალი გამოაქვს და თირკმლების მუშაობას უწყობს ხელს. მისი მძაფრი სუნი წმენდს ცხვირის ლორწოვან გარსს, რაც ზამთარში ძალიან გვჭირდება ხოლმე.

პირშუშხას წვენი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, იგი ეფექტურად ებრძვის მუდმივ დაღლილობასა და ძილიანობას. განსაკუთრებული მიკროელემენტები კი, რომლებსაც იგი შეიცავს, ადამიანს ახალგაზრდობასა და სილამაზეს უნარჩუნებს. იგი უფრთხილდება კანის სიმკვრივეს და აგლუვებს თვალის გარშემო უწვრილეს ნაოჭებსაც კი.

თუმცა, პირშუშხას თავისი უკუჩვენებებიც აქვს: ღვიძლთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემები, ფარისებრი ჯირკვლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები. ფეხმძიმობა და ლაქტაცია. პირშუშხას მოხმარება ნეგატიურად აისახება კუჭისა და სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებზე.

პირშუშხას სოუსის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 100-150 გ პირშუშხას ფესვი
  • პატარა ზომის ჭარხალი
  • 4 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 200 გ გრილი ადუღებული წყალი
  • ლიმონის წვენი

მომზადება

  1. მოათავსეთ პირშუშხას ფესვი საყინულეში 30 წუთით. ასე იგი უფრო მყარი იქნება და მარტივად დაიხეხება წვრილ სახეხზე. პირშუშხას პიურე მოათავსეთ ნახევარლიტრიან ქილაში. ჭარხალიც დახეხეთ წვრილად და მარლაში წვენი დაწურეთ. ამ რეცეპტში მხოლოდ წვენი გვჭირდება.
  2. დაუმატეთ მასას წყალი, 3-4 ს.კ. ჭარხლის წვენი, მარილი, შაქარი და ლიმონის წვენი. მოურიეთ და გასინჯეთ. რეცეპტში შეგიძლიათ მეორეხარისხოვანი ინგრედიენტების რაოდენობა გემოვნებისამებრ ცვალოთ. ასეთი სოუსი მოუხდება ხორცს, თევზსა და ბოსტნეულის მწნილს.

ახლა ცოტა უფრო მეტი იცით ამ ძალიან სასარგებლო და გამამხნევებელი პირშუშხას შესახებ. იმედია, ეს სასარგებლო მცენარე თქვენს სამზარეულოშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს. ჯანმრთელობასა და გემრიელად მირთმევას გისურვებთ.