ზამთრის შემდეგ და, ზოგადად, მთელი წლის განმავლობაში, იორდასალამის განოყიერება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც მცენარის სილამაზეს ბოლომდე გამოაჩენს. ძლიერი კვირტები, ნაჯერი მკვეთრი ფერი მეზობლების შურს დაიმსახურებს, მეპატრონეს კი დიდ სიამოვნებასა და პირად სიამაყეს მოუტანს.
ბუნებრივია, ყველაფერი სწორად და გონივრულად უნდა გააკეთოთ, თორემ რისკი იმ ყვავილის დაღუპვისა, რომელმაც ისედაც ვერ შეძლო ნორმალურად გაშლა, ძალიან დიდია. Paparazzi.ge-ის რედაქციის რჩევები დაგეხმარებათ, ძალისხმევის გარეშე მოაწესრიგოთ საყვავილეები. ამისთვის ძვირადღირებული პრეპარატები ან მიწასთან დიდხანს მუშაობა არ დაგჭირდებათ. ახლა ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით.
იორდასალამის სასუქი ზამთრის შემდეგ
სასუქი წელიწადში რამდენჯერმე უნდა გამოიყენოთ და ყოველი პროცესი ერთმანეთისგან ცოტათი განსხვავდება.
დაკვირტვის პერიოდი
ეს ფაზა ყვავილს ძალების მოკრებაში ეხმარება, მის უშუალო გაშლამდე. უმნიშვნელოვანესი პერიოდია, თუ ფურცლების მაქსიმალური ზომის მიღწევა და ხანგრძლივი, უხვი ყვავილობის მიღება გსურთ.
მეყვავილეების სტანდარტული რეცეპტი ამ შემთხვევისთვის ასეთია: 10-ლიტრიან წყალზე აიღეთ 1 ლ ნაკელის ნაყენი და 2 ს.კ. ნიტროფოსკა. 2 ს.კ. ეს საშუალება 10 ლ წყალში უნდა გახსნათ. მზა ხსნარი გამოიყენეთ ფესვის სასუქად. ხარჯი 7 ლ ნარევს უდრის, 1 ზრდასრულ ბუჩქზე.
გარდა ამისა, მაღაზიის ანალოგებიდან გამოდგება საკმაოდ ცნობილი პრეპარატი “ბუტონი”. მისი თანაფარდობა ძალიან მარტივია: 1 გ საშუალება 1 ლ წყალთან.
ყვავილობის პერიოდი
ყვავილი გაიშალა და ყვავის. რაღა გვინდა სრული ბედნიერებისთვის? არაფერიც, კიდევ ცოტაც უნდა იმუშაოთ. ამ ფაზაში იორდასალამს სჭირდება ფოსფორ-კალიუმის სასუქი. ასეთი საკვები ყვავილობის პროცესს ხანგრძლივად და ვიზუალურად თვალშისაცემად აქცევს.
სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ამიაკის გვარჯილა, გოგირდმჟავას კალიუმი და სუპერფოსფატი. 20-20 გ თითოეული ინგრედიენტი გახსენით 10 ლ წყალში. ასეთი ხსნარი თითქმის 3 ბუჩქს ეყოფა.
თუ ძალიან გინდათ
… შეგიძლიათ უფრო “ძლიერ” პრეპარატს მიმართოთ. მაგალითად, იორდასალამის სიცოცხლის პირველ წლებში, მაისში, ახალგაზრდა და ნაზ წანაზარდებს აზოტის სასუქი უნდა შეაშხეფოთ. მაგალითად, შარდოვანას ხსნარი: 40 გ 10 ლ წყალზე.
ამ პროცედურიდან რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი სასუქია საჭირო: 5 გ ნატრიუმის გუმატი 10 ლ წყალზე გახსენით და ფესვთან ახლოს მორწყოთ. ფოთლების შესაშხეფებლად, 40 გ შარდოვანა გახსენით 10 ლ წყალში + 1 აბი მიკროელემენტები, რომლებსაც ყვავილების მაღაზიაში იპოვით.
და მესამე სასუქი, რომელიც კიდევ 15 დღის შემდეგ ტარდება. ჰეტეროუქსინის ხსნარი, 2 აბი 10 ლ წყალზე. ფოთლებისთვის კი 2 აბი მიკროელემენტები და 10 ლ წყალია საჭირო. პირველი 2 წლის განმავლობაში, იორდასალამი ივითარებს ფესვებს, ამიტომ ამ პერიოდში განაკუთრებულ ყვავილობას ვერ მიიღებთ. სამაგიეროდ, მცენარის მთელ ორგანიზმს გააძლიერებთ.
რამდენიმე რჩევა
იორდასალამის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის, მებაღემ მას ყველა აუცილებელი პირობა უნდა შეუქმნათ. მაგალითად, დროდადრო ვიზუალურად შეისწავლეთ მცენარის ზედაპირი, მოაშორეთ დამჭკანრი ფოთლები და სათესლე კოლოფები. ამრიგად, მისი ორგანიზმი ენერგიას უსარგებლო პროცედურებზე აღარ დახარჯავს და მნიშვნელოვანზე ორიენტირდება: ზრდასა და ყვავილობაზე. იგივე ეხება დამჭკნარ კვირტებს. მოაშორეთ ისინი, როგორც კი შენიშნავთ.
რეალურად, იორდასალამი საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა. სასუქის გარეშეც შეუძლია გადარჩენა და ყვავილობა. რა თქმა უნდა, თუ ტემპერატურული რეჟიმი და ნიადაგის მაღალი ხარისხი დაცულია. თუმცა, ეს რამდენიმე სასუქი წელიწადში მცენარეს თქვენი ბაღის ან საყვავილის ვარსკვლავად აქცევს. გამოიყენებთ თუ არა მათ, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.