ეს ოთახის მცენარე ხშირად ალოეში ერევათ და მის სახეობად თვლიან, თუმცა სულ სხვა ოჯახს ეკუთვნის. აგავა სატაცურისებთა ოჯახს, ხოლო ალოე ქსანტორეასებთა ოჯახს მიეკუთვნება. მათ სხვადასხვა სამშობლო აქვთ: აგავა – სამხრეთ ამერიკა, ალოე – სამხრეთ აფრიკა.
ალოესგან განსხვავებით აგავას ხის მსგავსი ღეროები არ აქვს. წვნიანი, მომწვანო ფერის ფოთლები პირდაპირ ფესვთა სისტემიდან იშლება. თუმცა ხალხში ამ მცენარეებს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევენ და ხშირად ერთი და იმავე თერაპიული მიზნით იყენებენ, რადგან მათ ქიმიური და ფარმაკოლოგიური თვისებები თითქმის ერთნაირი აქვთ.
აგავა ცნობილია იმით, რომ მექსიკაში მისგან ცნობილ ეროვნულ არაყს, ტეკილას ამზადებენ. აი, ალოე ამ მიზნით არ გამოდგება. ამასთან, რიგი დაავადებების დროს რეცეპტებში გარკვეული განსხვავები არსებობს. მცენარის სამკურნალო თვისებებიც ცნობილია. აგავას ფოთლები შეიცავს ფისს, მჟაუნმჟავას, შაქარს, საპონინს, საპოგენინს, ჰეკოგენინს.
გამოყენება სხვადასხვა დაავადების დროს
ყველაზე ხშირად აგავას ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები რადიკულიტის და იშიასის სამკურნალოდ გამოიყენება. გარდა ამისა, აგავა რიგი შინაგანი ორგანოების (ფილტვები, ღვიძლი, კუჭი და ა.შ.) დაავადების დროსაც გვეხმარება. მას ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ საშუალებად იყენებენ.
აღმოსავლური მედიცინის პრაქტიკაში მცენარის წვენს იყენებენ, როგორც შარდმდენი და საფაღარათო საშუალება, ხოლო ფესვების ნაყენით ვენერიულ დაავადებებს მკურნალობენ.
განვიხილოთ აგავას სამკურნალო საშუალების ყველაზე ცნობილი რეცეპტები, რომლებიც რიგი დაავადებების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.
სპონდილოზი (კისრის მალთაშუა სივრცეში მარილების დაგროვება). 1 საშუალო ზომის ფოთოლი (50 გრ) დააქუცმაცეთ, 200 მლ არაყი დაასხით და ბნელ ადგილას 8-10 დღე დააყენეთ. ყოველდღე შეანჟღრიეთ. გაწურვის შემდეგ 10-15 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ მიიღეთ. უფრო დიდი ეფექტი ექნება, თუ ამ კურსთან ერთად წითელი ანწლის კენკრის ან წყლის მარწყვა-ბალახის ფესვების ნაყენს კისერში ყოველდღე შეიზილეთ.
ასციტი. 1 ჩ/კ ფოთოლიდან გაწურული წვენი 0,5 ლ მდუღარე წყალში გახსენით. 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. აგავა მინიმუმ 3 წლის უნდა იყოს.
სიყვითლე, ღვიძლის დაავადება. აგავას ფოთლები ჰაერზე გამოაშრეთ, ფხვნილის სახით დაფშვენით და 0,2-0,5 გრ დღეში 3-ჯერ მიიღეთ. ჩვეულებრივი ანადუღარი წყალი დააყოლეთ. ეფექტის გაძლიერებას ბირკავას ბალახის ან ასკილის ნაყოფის ნაყენით შეძლებთ.
იშიასი (საჯდომი ნერვის ანთება). მსხვილი ფოთოლი შუაზე გაჭერით და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. კანის მომატებული მგრძნობელობის დროს შეიძლება ძლიერი წვა და ტკივილი იგრძნოთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, გართულებებს არ გამოიწვევს. კანის გაღიზიანების შემცირებას მტკივნეულ ადგილას ახალი ხაჭოს წასმით შეძლებთ. ეს იშიასის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე კარგ და საიმედო მეთოდად ითვლება.
რადიკულიტი
რადიკულიტი (ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთება). დაავადების მთავარ სიმპტომს ნერვული ფესვების დაზიანების დროს ძლიერი ტკივილია. მკურნალობა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. რადიკულიტის სამკურნალოდ აგავას ფოთლებს გარე საშუალებად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ აგავას წვენმა შეიძლება კანის სიწითლე და გაღიზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
რეცეპტი 1
100 გრ აგავას ფოთლები გარეცხეთ. კანი მოაშორეთ და რბილობი წვრილ სახეხზე გახეხეთ. მიღებული ფაფა ღამით წელზე შეიზილეთ. პროცედურა ყოველ 2-3 დღეში გაიმეორეთ (ინდივიდუალური აუტანლობის მიხედვით). თუ საშუალების გამოყენების შემდეგ ქავილი და სიწითლე გაჩნდა, მკურნალობა უნდა შეაჩეროთ.
რეცეპტი 2
20 გრ აგავას ფოთლების რბილობი დააქუცმაცეთ, მუქი ფერის ბოთლში მოათავსეთ და 200 მლ არაყი ან 40%-იანი სპირტი დაასხით. ბოთლს თავზე დაახურეთ და ბნელ ადგილას 1 კვირით შეინახეთ. ვადის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და შესაზელად გამოიყენეთ.
რეცეპტი 3
200 გრ თაფლი, 200 გრ მცენარეული ზეთი და 2 ს/კ აგავას ფოთლების ნაყენი აურიეთ. ნარევი 5 დღე გააჩერეთ.
მარლის სალფეთქს მიღებული მალამო სქლად წაუსვით და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. ბინტით კარგად დააფიქსირეთ. 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ სველი ტამპონით მალამოს ნარჩენები მოიშორეთ. მკურნალობის კურსი – 5 დღე.
ბრონქიტი
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების სახით აგავას პრეპარატებს იყენებენ.
რეცეპტი 1
20 გრ აგავას ფოთლების რბილობი დააქუცმაცეთ და წვენი გაწურეთ. 10-15 წვეთი 1 ს/კ წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ დალიეთ. ბევრი ანადუღარი წყალი დააყოლეთ.
რეცეპტი 2
0,5 ჩ/კ აგავას წვენი და 1 ჩ/კ ალოეს წვენი აურიეთ. 15 წვეთი 100 მლ ანადუღარ წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ დალიეთ.
დისპეპსია
დისპეპსიას ხშირად ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, მუცლის შებერილობა, გულძმარვა და ა.შ. უსიამოვნო სიმპტომებს აგავას ფოთლების ნაყენით გაუმკლავდებით.
რეცეპტი 1
50 გრ აგავას ფოთლების რბილობი დააქუცმაცეთ და ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით ისე, რომ მცენარეული ნედლი ბოლომდე დაიფაროს. 6 საათით დააყენეთ, მარლით გადაწურეთ და 100 მლ მდუღარე წყალი დაუმატეთ. 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ დალიეთ და წყალი დააყოლეთ.
რეცეპტი 2
50 გრ აგავას ფოთლების რბილობს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 10 ს/კ მიღებული ნაყენი 2 ს/კ აბზინდას ნაყენს აურიეთ. 1 ს/კ მიღებული ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ და მდუღარე წყალი დააყოლეთ.
ნაჟეჟი და ჰემატომა
სამკურნალოდ ახალ დაწურული აგავას წვენი გამოიყენება.
რეცეპტი 1
50 გრ აგავას ფოთლების რბილობი დააქუცმაცეთ და წვენი გაწურეთ. 1 ს/კ წვენი 3 ს/კ მდუღარე წყალში გახსენით. მიღებულ ხსნარში მარლის სალფეთქი ან ბამბის ტამპონი დაასველეთ და დაჟეჟილ ადგილას 10-15 წუთით გაიჩერეთ. თუ პროცედურის შემდეგ კანზე გაღიზიანება გაჩნდება, დამატენიანებელი კრემი წაისვით და მკურნალობა შეწყვიტეთ.
რეცეპტი 2
1 ჩ/კ აგავას წვენი და 2 ს/კ ალოეს წვენი აურიეთ. მიღებულ ნარევში ბამბის ტამპონი დაასველეთ და მტკივნეულ ადგილას 10-15 წუთით გაიჩერეთ.
რეცეპტი 3
2-3 კალიზიას ფოთოლი დააქუცმაცეთ, 1 ჩ/კ აგავას წვენი დაუმატეთ და აურიეთ. მიღებული საშუალება დაზიანებულ ადგილას 10-15 წუთით გაიჩერეთ.
უკუჩვენება
აგავას გამოყენებას ისეთივე უკუჩვენება აქვს, როგორც ალოეს. მას კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ახასიათებს. აგავა უკუჩვენებულია მათთვის, ვინც ბავშვების ყოლას აპირებს. საქმე იმაშია, რომ მცენარე ანოდრინსა და დინოდრინს შეიცავს, რომლებიც ნაყოფიერებას ამცირებენ (სამაგიეროდ შესანიშნავი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება შეიძლება იყოს).