“ქორწინება სხვადასხვანაირი არსებობს. მე ეს სანამ გავთხოვდებოდი, მანამდეც მქონდა გააზრებული. ბევრი რამის მოთმენა და მიღება მომიწია, უფრო მეტიც – უკვე მეოთხე წელია ქმარს მე ვარჩენ. როგორ? მე თითონაც მიკვირს. მიყვარს ალბათ?.. ცოტა ხნის წინ ვეღარ შევიკავე თავი და ვკითხე, როდის შემეშველებოდა გადასახადებში მაინც?
ვარჩენ ქმარს
როდესაც გავიცანი, ის პირველ ცოლთან გაშორებული იყო და მშობლებთან ცხოვრობდა. ასაკით ჩემზე 9 წლით დიდია და ხასიათითაც დიდად ვერ ვეწყობით.მას ძალიან დაძაბული სამუშაო აქვს, სულ გაღიზიანებულია და სახლშიც ნებისმიერ წვრილმანზე შეუძლია იჩხუბოს. ამიტომ გავერიდები ხოლმე და მარტო ვტოვებ, რომ შემთხვევით მისი პროვოცირება არ მომიხდეს.
ცხოვრება ცოლის სახლში – ამჟამად ვცხოვრობთ ჩემს სახლში და ისე გამოდის, რომ ჩემი ფულით უკვე მეოთხე წელია. კომუნალურების, პროდუქტების და სხვა წვრილმანების ფულს მე ვიხდი. ქმარი კი აქამდე მარწმუნებდა, რომ აგროვებდა ფულს სახლისთვის მთაში. არ ვიცი, რამდენად მართალს ამბობდა, მაგრამ დიდად არ მჯერა მსგავსი ბიზნეს მოდელის.ამის გარდა, არასდროს არ ხარჯავს ოჯახისთვის ფულს და დახმარების თხოვნასაც იგნორს უკეთებს. როდესაც გასულ წელს, ზამთარში, გათბობის თანხა საკმაოდ დიდი მოვიდა, ვერ შევძელი მარტომ გადახდა, ქმარი დამპირდა ფულის მოცემას, მაგრამ არაფერიც არ მოუცია. ვისესხე და ისე გადავიხადე…
წყენა და შერიგება – როდესაც გარშემო ბევრი სტრესია, მეწყება უხასიათობა და მჭირდება ახლობელი ადამიანის თანადგომა. ქმარი კი ამ დროს არაფერს აკეთებს. მისთვის უფრო მარტივია, ჩაალაგოს ნივთები და წავიდეს დედასთან, რასაც აკეთებს ხოლმე. მერე ისევ მე მეწყება დანაშაულის შეგრძნება და ვთხოვ დაბრუნდეს. ისიც ბრუნდება და ცოტა ხანი ბედნიერი ვარ. მერე ისევ თავიდან…
ფაქტი კი ფაქტად რჩება: ოჯახზე ვზრუნავ მხოლოდ მე. ეს ძალიან საწყენია და მომაბეზრებელი. ასე როგორ შეიძლება, როცა ორივე ვმუშაობთ და ყველაფერს მე ვიხდი? ერთი კვირის წინ კი კატეგორიულად ვკითხე ქმარს: როდემდე აპირებდა ასე? მან მაშინვე დაიჭირა დაჩაგრულის პოზიცია და გამომიცხადა, რომ მე მას ვზღუდავ. ისევ დაიწყო ბიზნესისთვის შესაგროვებელ ფულზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მე გადასახადებისთვის სხვებს უნდა ვთხოვო ფული? დაიწყო ნივთების ჩალაგება და წავიდა. მე ამჯერად საერთოდ არ მინერვიულია. ალბათ იმუნიტეტი გამომიმუშავდა. საწყენი კი ნამდვილად არის. განა რა დავუშავე ისეთი, რომ ასე მომექცა? ზრდასრული ადამიანი პატარა გოგოსავით ყველაფერზე ბრაზდება და დედასთან მირბის. ნუთუ არ დავიმსახურე სულ ცოტა პატივისცემა და ყურადღება?
რედაქციისგან: ნებისმიერი ურთიერთობა პატივისცემას ითხოვს. უმჯობესია პარტნიორები თანაბარ პოზიციებზე იყვნენ ერთმანეთში. ეს ხდის კავშირს უფრო ჰარმონიულს და მყარს. თუ ერთ-ერთი პარტნიორი საერთო სახლში განმარტოებას და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრებას ამჯობინებს, ეს ურთიერთობა გადახედვას საჭიროებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?