რომელი კულინარიული მიზნით შეიძლება ისეთი ყვავილის გამოყენება, როგორიც ხავერდა, ანუ ყვითელი ყვავილია? დავუშვათ შეიძლება დავაყენოთ ჩაი, პრინციპში, ნებისმიერ მცენარე შეგიძლია დაასხა ცხელი წყალი და ჩაი მიირთვა. მაშინ რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა? ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა, რომ ეს მცენარე გამოიყენება სხვადასხვა კერძებში სანელებლის და სრულფასოვანი ინგრედიენტის სახით. მისგან მზადდება სალათები და სხვადასხვა კონსერვები.მიჩნეულია, რომ ეს მცენარე პოზიტიურად მოქმედებს მხედველობაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ამიტომ პაპარაცის რედაქცია შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს და სცადეთ თქვენც.სანამ რეცეპტზე გადავალთ, გავერკვეთ, თუ რა უკუჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ ყვავილმა.ხავერდას დამატება საკვებში არ შეიძლება ორსულებისთვის და ალერგიული ადამიანებისთვის. აგრეთვე უნდა მოერიდონ მეძუძური დედები და ბავშვები 14 წლამდე.
აჯიკა ხავერდას ყვავილით
ინგრედიენტები
- 70 ცალი ხავერდას ყვავილი
- 250 გრ. ნიგოზი
- 500 გრ. წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 ს/ კ მარილი
- 250 გრ. ნიორი
- 200 გრ. მწარე წიწაკა
- 15 გრ ხმელი სუნელი
მომზადების წესი
- პირველ რიგში გარეცხეთ, გაასუფთავეთ და გააშრეთ ბოსტნეული და ყვავილები.
- შემდეგ ბულგარული წიწაკა, ნიორი, ნიგოზი და ხავერდას ყვავილები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი და სუნელები. ამის შემდეგ კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მშრალ ქილებში, შეინახეთ მაცივარში. დეგუსტაცია კი მაშინვე შეგიძლიათ დაიწყოთ.
სანელებელი ხავერდას ფოთლებისგან
სუნელის მოსამზადებლად, დაგვჭირდება მხოლოდ ყვავილის ფოთლები და კარგი საფქვავი.
- ჯერ კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ და გააშრეთ ყვავილები. შემდეგ დააწყვეთ გაშლილ სინზე და კიდევ გააშრეთ 1-2 დღე. თუ გაქვთ ელექრტო საშრობი, მასში გააშრეთ და დროსაც დაზოგავთ.
- გამხმარი ფოთლები დაფქვით საფქვავში. შემდეგ გაიმეორეთ ეს პროცედურა კიდევ მეორედ, რათა მიიღოთ სუნელის კონსიტენცია.
- ბოლოს დაფქული ფოთლები გაცერით წვრილ საცერზე და შეინახეთ სუფთა, მშრალ ქილებში.
სუნელი შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე რაოდენობით, რადგან მწარე გემო აქვს და კერძს გაგიმწარებთ.ჩვენ კი გისურვებთ წარმატებულ დღეს და ველოდებით თქვენს შეფასებებს კომენტარებში.