კრაზანის ზეთში ძვირფასი სამკურნალო ძალები იყრის თავს. ჩვეულებრივ რეცეპტებში, რეკომენდებულია ნედლი ბალახის(100 გ ბალახი 600 მლ მცენარეულ ზეთზე) დუღილი 30 წუთის განმავლობაში.
მე უფრო მარტივად ვამზადებ ამ ზეთს: კრაზანის ყვავილოვან ნედლ თავთავებს ვყრი შუშის ქილის პირთამდე და ვასხამ ზეითუნის ზეთს. ბალახს ვჭყლეტ – იგი არ უნდა ამოდიოდეს ზეთის ზედაპირზე, თორემ ობი მოედება, რაც არ უნდა დაუშვათ. გამოყენება უკვე 3-4 კვირის შემდეგ შეიძლება, თუმცა, ჩვეულებრივ, 2-3 თვის შემდეგ ვწურავ.
დღეს ბევრს აწუხებს ხერხემლის ტკივილები. მის სამკურნალოდ, შემდეგნაირად მოიქეცით: როცა კრაზანა აყვავდება, გაავსეთ ქილა მისი ყვავილებით და იქვე, მინდორზევე, დაასხით მას ზეითუნის ზეთი. გააჩერეთ 1 თვით ბნელ ადგილზე. ამის შემდეგ, გადაწურეთ და შედგით მზა ზეთი მაცივარში. საღამოს, ძილის წინ, მუცლით დაწექით მყარ საწოლზე, და ვინმემ შეგაზილოთ ხერხემალში ეს ზეთი. შეასრულეთ პროცედურა კვირაში სამჯერ, 5-7 წუთის განმავლობაში. ზეთი დაიტანეთ თხელ ფენად. შეზელის შემდეგ, მოიშორეთ ზედმეტი ცხიმი ქსოვილით. არ ადგეთ საწოლიდან დილამდე. დილით სასურველია, დაიფიქსიროთ ხერხემალი წელის არეში. მალე ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.
დამწვრობის, რთულად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალო რადიკალური საშუალებაა კრაზანის ზეთი. 20 გ ნედლ ყვავილებს დაასხით 20 მლ ზეითუნის ზეთი, დააყენეთ 40 დღით, შემდეგ წაისვით პრობლემურ ადგილებზე. დამწვრობები და ჭრილობები სწრაფად შეხორცდება და არც ნაწიბურები, არც შრამები არ დარჩება.
კრაზანის ზეთს სტომატიტისა და პაროდონტოზის დროსაც იყენებენ. მას იზელენ ღრძილებსა და პირის ღრუში.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ფარინგიტის, სანაღვლე გზების ანთების, თირკმელკენჭოვანი დაავადებებისა და პარაზიტების სამკურნალოდმ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 1-2 ჩ.კ. კრაზანის ზეთი.
ზეთის კომპრესები და სავლებები კურნავს ტროფიკულ წყლულებსა და ჭრილობებს.
კბილის ტკივილი გაქრება, თუ მტკივან კბილზე 20-30 წუთით დაიდებთ ბამბის ტამპონს, ჩალბობილს ზეთში. ასეთი აპლიკაციის ღრძილზე დადებით, პაროდონტოზს განკურნავთ.
კუჭის წყლულის დროს დაგეხმარებათ კრაზანის ზეთი და ლაშქარას ფესვის კისელი. მიიღეთ 1 ს.კ. ზეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი – 1 თვე. შეისვენეთ 1 კვირით, შემდეგ დალიეთ კისელი, მომზადებული ლაშქარასგან. მცენარის მშრალი ფესვები დააფქვიეთ, შემდეგ 1 ჩ.კ. მომზადებულ ფხვნილს დაასხით ცოტაოდენი თბილი გადადუღებული წყალი, კარგად მოურიეთ ერთგვაროვან მასამდე, ნელა დაახით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ურიეთ და დააყენეთ 30 წუთით. დალიეთ 1 თვის განმავლობაში, 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე. მკურნალობის დროს არ მოწიოთ, არ მოიხმაროთ ალკოჰოლი და დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დიეტა.
საშვილოსნოს ფიბრომის დროს იმკურნალეთ ასე: ფხვიერად გაავსეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი კრაზანის ყვავილებით, დაასხით პირთამდე მზესუმზირის ზეთი, დაახურეთ და გააჩერეთ 1 თვით ბნელ ადგილზე. კვირაში ორჯერ შეანჯღრიეთ შიგთავსი. დაყენების შემდეგ, ოთლიდან ცოტაოდენი ზეთი გადაასხით მუქი შუშის ბოთლში, გაჟღინთეთ მასით ტამპონები და შეიდეთ საშოში. პროცედურა ყოველდღე, ღამით გააკეთეთ.
კრაზანის ზეთის გამოყენება მწვავე ჰაიმორიტის დროსაც შეგიძლიათ. ნესტოებში ჩაიწვეთეთ 6-7 წვეთი წამალი. ცხვირიდან მალევე უკან გამოვა მთელი სითხე, ჩირქთან ერთად.
ხდება ხოლმე, რომ ახალშობილს თავიდან ქერქი დიდი ხნის განმავლობაში არ სცილდება. ამ პრობლემასაც კრაზანის ზეთი გაუმკლავდება. 100 გ გამომშრალი ყვავილები დააფქვიეთ, დაასხით 1 ლ მზესუმზირის, ზეითუნის ან სელის ზეთი და დააყენეთ თბილ ადგილას. გადაწურეთ და წაუსვით ბავშვს თავზე ბანაობამდე 8-10 საათით ადრე და ბანაობისთანავე. ამავე ზეთით დაზილეთ ბავშვი ნაოფლარის, ჭინჭრის ციებისა და ექსუდატიური დიათეზის დროს.
უკუჩვენებები
მასაჟისთვის ამ ზეთის გამოყენება არ შეიძლება, რამდენადაც იგი ასქელებს სისხლს და ზრდის არტერიულ წნევას. თავისი პოპულარობის მიუხედავად, კრაზანა უვნებელი არაა. მისი ხანგრძლივი გამოყენება მავნეა ჰიპერტონიის დროს. ფეხმძიმობაც მისი უკუჩვენებაა. ამირდოვლათი მიუთითებდა, რომ კრაზანა მავნეა თირკმლებისთვის, მის მავნე მოქმედებას კი პიტნა ახშობს. კრაზანას თესლი იწვევს აბორტს.
ჯანმრთელ ადამიანებშიც კი, კრაზანას მაგარმა ჩაიმ შეიძლება მწვავე გასტრიტის სიმპტომები გამოიწვიოს, ხოლო ჰიპერაციდული გასტრიტით ან კუჭის წყლულით დაავადებულ ადამიანებში დოზის გადაჭარბება ძლიერ სპაზმებსა და ტკივილს იწვევს ნაწლავებში.
კრაზანის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება თავის ტკივილი – კეფის რიგიდულობა, გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.
კრაზანასთან ერთად, არ შეიძლება ამინომჟავების, ტრიქტოფანისა და თიროზინის, ამფეტამინების მიღება, ასთმატიკებისთვის კი – ინჰალატორის გამოყენება.
არ შეიძლება მცენარის შეთავსება ლუდთან, ყავასთან, ღვინოსთან, შოკოლადთან, შებოლილ ან დამარილებულ პროდუქტთან, რძემჟავას პროდუქტთან.
კრაზანის პრეპარატების მიღება არ შეიძლება მაღალი ტემპერატურის დროს. ხანგრძლივი გამოყენება ამცირებს სექსუალურ პოტენციას, შეუძლია ჭინჭრის ციების გამოწვევა.
კრაზანა ზრდის კანის მოწყვლადობას ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ამიტომ მისი ჩაის ან ნაყენის მიღებისას, თავი შეიკავეთ გარუჯვისგან, მზეზე დიდხანს გაჩერებისგან.