რეცეპტები წინაპრებისგან: ბაბუაწვერას ფესვები ფასდაუდებელი მკურნალია

1837

ბაბუაწვერას ფესების პრეპარატი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ნაღველმდენ საშუალებებთან ერთად ქოლეცისტიტის, ჰეპატოქოლეცისტიტის, ანაციდური გასტრიტის, ნაღვლის ბუშტის გამწვავებული პათოლოგიებისა და ქრონიკული ყაბზობის დროს.

ბაბუაწვერას ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს აქვს ნაღველმდენი, დიურეტიკული, სპაზმოლიტური, საფაღარათო, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი, საძილე, შარდმდენი, ოფლმდენი თვისებები.

გარდა ამისა, ბაბუაწვერას აქტივობის შესწავლის პროცესში, აღმოჩენილია მისი ანტივირუსული, ანტიტუბერკულოზური, ფუნგიციდური, ანტიჰელმენტური და ანტიკანცეროგენული თვისებები.

ბაბუაწვერას ფესვებით მკურნალობა

ხალხურ მედიცინაში ამზადებენ

  • ნაყენს: მუცლის ტკივილის, ეკზემის, ვენერიული დაავადებების დროს;
  • ნახარშს: ჰიპაციდური გასტრიტის, ქრონიკული ყაბზობის, ფილტვების ტუბერკულოზის, ბუასილის, კანის დაავადებების დროს;
  • სავლებს: თვალის დაავადებების დროს.

ფესვების ნაყენს იყენებენ ათეროსკლეროზის; გასტრიტის; ანემიის; ნაღვლის ბუშტის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების; პოდაგრის; ალერგიის; კანის გამონაყარის დროს, მეძუძურ დედებში რძის გამოყოფის სტიმულირებისთვის; ფხვნილს – ათეროსკლერების დროს.

გარეგანად, იგივე ნაყენს იყენებენ დამწვრობის, მოყინვის, წყლულების, ნაწოლებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

ბაბუაწვერას ფესვები შედის მადისაღმძვრელ(ანუ ის, რაც მადას გმატებთ), შარდმდენ და ნაღველმდენ ნაკრებებში. გერმანიაში იგი გამოიყენება თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.

ნახარში

ნახარში 1: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით, დააყენეთ 45 წუთით და გადაწურეთ.

მიიღეთ 1/3-1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, საყვითლოს, დაბალი მჟავიანობის გასტრიტის, კოლიტის, ყაბზობის, ბუასილის დროს, როგორც სისხლის ცირკულაციის გამაუმჯობესებელი და მადისაღმძვრელი საშუალება.

ნახარში 2: 1 ს.კ. გამომშრალ ბაბუაწვერებს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 1 წუთით, დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნაყენი

ნაყენი 1: 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ფესვები დააყენეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში, გადაწურეთ გაგრილების შემდეგ. დალიეთ 1/4 ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მადის დაქვეითების დროს, როგორც სისხლში ქოლესტერინის დამწევი საშუალება.

ნაყენი 2: 2 ჩ.კ. ბაბუაწვერას ფესვებს დაასხით 1 ჭიქა ცივი, გადადუღებული წყალი, დააყენეთ 8 საათით და გადაწურეთ.

ბულგარელი სპეციალისტები გვთავაზობენ, 2 ჩ.კ. გამომშრალ, დაქუცმაცებულ ფესვებს დავასხათ 200 მლ ცივი წყალი და დავაყენოთ 8 საათით, შემდეგ ვხარშოთ 5-8 წუთით, გადავწუროთ და დავლიოთ ყლუპებად, რამდენიმე მიღებაზე.

ნაყენი 1/4 ჭიქით დღეში ოთხჯერ უნდა მიიღოთ, ჭამამდე, მადის დაქვეითების დროს და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

ნაყენი 3: 10 გ მშრალ ფესვებს ემალირებულ ქვაბში დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და გაათბეთ მდუღარე წყლის თავზე, 15 წუთის განმავლობაში, ურიეთ ხშირად. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა კი დაწურეთ. მიღებულ ნახარშს დაუმატეთ მდუღარე წყალი ისე, რომ სასმელი საწყის მოცულობას(200 მლ) დაუბრუნდეს. შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 დღით. მიიღეთ თბილი სასმელი დღეში 3-4-ჯერ, 1/3 ჭიქა ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ფხვნილი

რამდენადაც დადგენილია ბაბუაწვერას ფხვნილის დადებითი გავლენა ორგანიზმზე ათეროსკლეროზის დროს, სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირების ხარჯზე, მას ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის იყენებენ. მშრალი ფესვები დააფქვიეთ ყავის საფქვავში, მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ. გემოთი იგი მწარეა, ამიტომ ნედლეულს არ ღეჭავენ – ნელა ალბობენ ნერწყვში და ყლაპავენ. ფხვნილი უნდა მიიღოთ თაფლთან ან ნებისმიერ სიროფთან ერთად.

ნაყენი წყალზე

ბაბუაწვერას წყლიანი ნაყენი ფესვებითა და ფოთლებით, აღაგზნებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ატონიზებს ორგანიზმს, აძლიერებს რძის გამოყოფას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას კანის დაავადებების დროს და მოქმედებს, როგორც მსუბუქი საფაღარათო და ამოსახველებელი საშუალება. მცენარის ყველა ნაწილს აქვს სიცხისდამწევი, ოფლმდენი, ნაღველმდენი და ანტიპარაზიტული მოქმედება. ითვლება, რომ ფოთლების ნაყენის შინაგანი მიღება ხსნის ინტოქსიკაციას, გამოწვეულს გველის ნაკბენით. ბაბუაწვერას დამამშვიდებელი და მსუბუქი საძილე თვისება აქვს.

მომზადება: 1 ჩ.კ. ფესვებსა და ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე.

ან მიიღეთ ბაბუაწვერას ფხვნილი(დანის წვერით) წყალთან ერთად, დღეში სამჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე.

უკუჩვენებები

ბაბუაწვერას პრეპარატების უკუჩვენებაა კუჭის წყლულოვანი დაავადება, ჰიპერაციდული გასტრიტი, 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით. ასევე, მცენარე არ შეიძლება დიარეის მიმართ მიდრეკილების დროს.

არ შეიძლება ბაბუაწვერას მიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების(დიდი დოზებით) პერიოდში, ასევე, ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

თერაპევტულ დოზებში, მცენარის წვენი და ჩაი გვერდით მოვლენებს არ იძლევა. ბაბუაწვერას უმ ღეროებს შეუძლია მოწამლვის სიმპტომების გამოწვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს