ყველა სადღესასწაულო სუფრის ლოგიკური დასასრული გემრიელი დესერტია, თუმცა მსუყე სადილის შემდეგ პატარა ნაჭერი ტკბილეულიც კი ზედმეტად გვეჩვენება, მითუმეტეს, თუ ეს არის ტორტი კარაქის კრემით. ამიტომ უმჯობესია, ფორთოხლის მსუბუქ დესერტს თუ შესთავაზებთ სტუმრებს.ის ძალიან ჰგავს ჟელეს, მაგრამ ჟელატინს საერთოდ არ შეიცავს. შესადედებლად გამოყენებულია სიმინდის სახამებელი. მზადდება ფორთოხლის ფრეშით. თუ მზა წვენით გსურთ მისი მომზადება, კარგად წაიკითხეთ შემადგენლობა, რომ უხარისხო პროდუქტმა გემო არ გაუფუჭოს. ეს დესერტი დიეტურია და ვეგანებისთვისაც მისაღები იქნება.
ინგრედიენტები:
- ფორთოხალი – 5-6 ცალი
- თაფლი – 2-3 ს/კ
- სიმინდის სახამებელი – 65 გრ.
- ქოქოსის ფანტელი – სჭიროებისამებრ
მომზადების წესი:
- გაწურეთ ფორთოხალი. დაგჭირდებათ დაახლოებით 600 მლ. ან გამოიყენეთ მზა წვენი მაღაზიიდან დანამატების გარეშე.
- გაწურეთ წვენი წვრილ საწურზე, რათა არ შეგყვეთ რბილობი, შემდეგ დაამატეთ თაფლი. მისი რაოდენობა დამოკიდებულია წვენის სიტკბოსა და თქვენს გემოვნებაზე.
- ჩაყარეთ სახამებელი და აურიეთ კარგად, შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ შესქელებამდე.
- წაუსვით ოთხკუთხედ ფორმას ზომით 25X15 მცენარეული ზეთი ან ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი. ჩაასხით ხილის მასა და გაასწორეთ ზედაპირი ნიჩბით.
- გადააფარეთ დესერტს სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 2-3 საათით. ამოიღეთ გაცივებული მასა ფორმიდან და დაჭერით პორციებად. ამოსვარეთ თითოეული ნაჭერი ქოქოსის ფანტელში.
შეგიძლიათ ხილის დესერტი გააფორმოთ პიტნის ფოთლებით და კენკრით. ტკბილეული გამოდის საოცრად ჰაეროვანი და მსუბუქი. მსუყე ვახშმის შემდეგაც არ მოგეჩვენებათ ზედმეტად მისი დაგემოვნება. პირში დაგრჩებათ სასიამოვნო, მაცოცხლებელი არომატი და ოდნავ შესამჩნევი თაფლის ნოტები. დარწმუნებული ვართ ძალიან მოგეწონებათ!