მებაღისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ვარდის გამრავლება კალმებით შეიძლება. ნაჩუქარი თაიგულიდან ახალი სახეობის გამოყვანა რამდენჯერმე ვცადე. ზოგიერთი მცდელობა წარმატებული იყო, ზოგი – არც ისე. ვფიქრობდი, რომ საქმე ჰიბრიდულ მცენარეში იყო. ახლახანს მეზობელმა, რომელსაც ვარდების საოცარი ბაღი აქვს, მიამბო, როგორ გავაფესვიანო ვარდის კალამი ახალი მეთოდით.ესაა მეთოდი „ბურიტო“, რომელიც ამერიკელებმა გამოიგონეს. ჩვენთან ნაკლებად ცნობილია, მაგრამ დიდი ეფექტურობით გამოირჩევა. ნებისმიერი სახეობის ვარდი ფესვიანდება, რაც საშუალებას გაძლევთ მოწონებული ვარდი კოლექციას შემატოთ. დაგაინტერესათ?
როგორ გავაფესვიანოთ ვარდის კალამი სწრაფად – მეთოდი „ბურიტოს“ არსი იმაშია, რომ მზა კალმები სველ ქაღალდში გავახვიოთ. ხვეულას შიგნით განსაკუთრებული პირობების შექმნით ფესვების სისტემის განვითარება იწყება. პირველ რიგში, ჩნდება კალუსი – მცენარეული ქსოვილი, რომელიც გადანაჭრის ზედაპირზე უახლოესი ცოცხალი უჯრედების დაყოფის შედეგად ჩნდება. შემდეგ ახალგაზრდა ფესვები ზრდას იწყებს.
კალმების მომზადება – თუ უკვე მზარდი ვარდის გამრავლება გსურთ, კალმები სჯობს გაზაფხულზე მოამზადოთ. ტოტის სიგრძე 15-20 სმ უნდა იყოს. დარწმუნდით, რომ თითოეულ კალამზე 3-4 კვირტია. ძალიან თხელი კალამი არ გამოგადგებათ, რადგან ახალი ფესვების გასავითარებლად ძალა არ ეყოფა. იდეალური სისქე – 5-7 მმ.
კალმების მომზადება ქაღალდში გასახვევად – კალმები დეტალურად დაათვალიერეთ. თუ გამუქებული ან დაავადებული ტოტები შენიშნეთ, დაუყონებლივ მოიშორეთ. დარჩენილი კალმები ზრდის სტიმულატორით დაამუშავეთ. მის შეძენას ნებისმიერ სპეციალურ მაღაზიაში შეძლებთ.
კალმების შეფუთვა – გაზეთი ან სხვა ქაღალდი (ქაღალდის სალფეთქი გამოგადგებათ) წყლით დაასველეთ. შემდეგ 5–5 კალამი რამდენიმე ფენა შერჩეულ მასალაში გაახვიეთ.ხვეულები პარკში ჩააწყვეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. შენობაში +16 გრადუსის ფარგლებში სტაბილური ტემპერატურა შეინარჩუნეთ. ტემპერატურის გაზრდისას ფესვები გახმება და დაცვივა, ხოლო ტემპერატურის შემცირებისას ზრდას შეწყვეტს.ერთ თვეში კალმები შეამოწმეთ. პარკი ფრთხილად გახსენით და ობის არსებობა შეამოწმეთ, დაზიანებული კალმები მოაშორეთ. ქაღალდის ტენიანობა შეამოწმეთ. თუ საჭიროა, გაზეთი პულვერიზატორით დანამეთ. ამის შემდეგ კვლავ გაახვიეთ და თავის ადგილას დააბრუნეთ.
გაღვივებული კალმების დარგვა – სასურველია, რომ გაღვივებული კალმები ღია გრუნტში დარგოთ. ნერგები ისე ჩარგეთ, რომ მიწის ზემოთ მხოლოდ 1 კვირტი დარჩეს. მინის ქილა დააფარეთ, რომ ხელსაყრელი პირობები შექმნათ. ზაფხულის დასაწყისში შეგიძლიათ ქილა მოხსნათ. დასარგავად მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული ადგილი შეარჩიეთ. მცენარე რეგულარულად მორწყეთ. ვარდი ახალ პირობებს რომ შეეგუოს, პირველივე ფოთლების გამოჩენისთანავე მისი მომზადება დაიწყეთ. ამისთვის, ქილა დღეში ერთი საათით მოხსენით, შემდეგ 2 საათით და ა.შ.
მეთოდი „ბურიტო“ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ნებისმიერი ვარდის კალმის გაფესვიანებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ გადარჩენილი კალმების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე სხვა მეთოდის შემთხვევაში.