ბევრი მებოსტნე ზამთრის დასასრულს მოუთმენლად ელის, რომ კვლებში მუშაობა მალე დაიწყოს. ისინი ახალი სააგარაკო სეზონის მოლოდინში ცოცხალი და გამძლე ნერგების გაზრდაზე ოცნებობენ. თუმცა ნერგების გაზრდა იანვარ–თებერვალში უნდა დაიწყოთ, როცა მზის სინათლე სამხრეთ მხარესაც დეფიციტურია. როგორც არ უნდა იტრიალოთ, ნერგებს განათება სჭირდებათ. Paparazzi გიამბობთ, რით ჩაანაცვლოთ ძვირადღირებული ფიტონათურები, რომ ნერგებმა ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის ყველა აუცილებელი რამ მიიღოს.
განათება ნერგებისთვის
მოთხოვნები განათების მიმართ – სწორი განათების მოსაწყობად მისი ხანგრძლივობა, ინტენსივობა და სინათლის სპექტრული შემადგენლობა უნდა გაითვალისწინოთ. განათების ხანგრძლივობა მცენარის სახეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, პომიდორს დღეში 15-17 საათი სჭირდება. წიწაკას და ბადრიჯანს 11-13 საათი ყოფნის.ბევრი მცენარისთვის განათების ოპტიმალური ინტენსივობა დაახლოებით 8000 ლუქსია. ჯანსაღი ნერგისთვის 6000 ლუქსი საკმარისია, რომლის მიღება იაფი მოწყობილობიდან შეიძლება.ამა თუ იმ სპექტრის სინათლის ნაკადი ნერგებზე სხვადასხვა გავლენას ახდენს. მთავარია, მცენარისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტები შეარჩიოთ. როგორც წესი, წითელ და ლურჯ სინათლეს ირჩევენ. სინათლის წითელი სპექტრი თესლის გაღვივებას აჩქარებას და ნერგის ვერტიკალურ ზრდას ხელს უწყობს. ლურჯი და იისფერი სინათლე ფოტოსინთეზის პროცესს სტიმულირებს, უჯრედების გაყოფის სიჩქარეს ზრდის.
ნათურის ტიპები – დაუყონებლივ უნდა ითქვას, მზის სრულად ჩანაცვლება არც ერთ ნათურას არ შეუძლია. თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. თქვენ უნდა შეარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი ეფექტურობის, ეკონომიურობის და გამოყენების სიმარტივის გათვალისწინებით.
ფლურესცენციული ნათურა – ეს არის მინის მილი, რომელიც შიგნიდან ლუმინოფორის ფენით არის დაფარული, ავსებულია ინერტული გაზით და ვერცხლისწყლის წვეთებით. სითბოს არ გამოყოფს, გამძლეა და გარკვეული რაოდენობის წითელ სპექტრს შეიცავს.ასეთი ნათურის ნაკლოვანებაა არასაკმარისი სიმძლავრე. პატარა ქოთანსაც 3-4 ნათურა დასჭირდება, რაც ელექტროენერგიის დიდ ხარჯს გამოიწვევს. ვერცხლისწყლის შემცველობაც აღსანიშნავია, რის გამოც მისი განადგურება მაღალ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული.
ფიტონათურა – ასევე ფლურესცენციული ნათურის კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ სპეციალურად მცენარეებისთვის არის შექმნილი. ნერგებს სინათლის იდეალურ სპექტრს სთავაზობს. მთავარი ნაკლოვანება მაღალი ფასია. დაბალ ტემპერატურაზე ნაკლებად იწვის, ამიტომ მისი გამოყენება რთულია სათბურებში, სადაც ყინვაგამძლე კულტურებს ზრდით.
ლედ ნათურა – თანამედროვე და პერსპექტიული მეთოდი განათების შესაქმნელად. ლედ ნათურას ხანგრძლივად გამოყენება შეგიძლიათ (50 000 საათამდე). ეკოლოგიურია და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მთავარი ღირსება: სინათლის ინტენსივობის რეგულირების შესაძლებლობა და ელემენტების კომბინაცია, რომ თითქმის ნებისმიერი სპექტრის თანაბარი სინათლე მიიღოთ.
დიოდური ნათურის საკუთარი ხელით მომზადება – ლედ ნათურის ასაწყობად დაგჭირდებათ: შესაბამისი სპექტრის ლედ–ები, კორპუსი ამრეკლით (ძველი ფლურესცენციული ნათურის ამრეკლი გამოგადგებათ), გაგრილების რადიატორი, კვების წყარო, კაბელი შტეპსელით და ჩამრთველით.დავიწყოთ ლედ–ებით. დღეს გაყიდვაში შეგიძლიათ იპოვოთ დიოდები უნივერსალური მოლურჯო–მოწითალო განათებით მცენარეებისთვის. ჯერჯერობით ასეთი შედარებით ძვირია. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტური განათებისთვის მარტივი ლედ ლენტები შეარჩიეთ. საჭირო რაოდენობის განათებას 120 ლედ (2 მ ლენტი) უზრუნველყოფს. სწორი სპექტრისთვის ლურჯი და წითელი სინათლის წყაროები 1:3 თანაფარდობით გამოიყენეთ.
თხელი ალუმინის ფირფიტა შეგიძლიათ რადიატორად გამოიყენოთ. ნათურის კარკასს მიამაგრეთ და ზემოდან დაჭრილი ლედ ლენტები დააწებეთ. ახლა ლენტის ყველა ნაწილი სადენებით შეაერთეთ და კვების წყაროს დაუკავშირეთ. ყველა სადენი საიმედოდ დააფიქსირეთ და მისი მოქმედება შეამოწმეთ.როგორც ხედავთ, ტექნიკური განათლების მქონე ადამიანებს ან ელექტრიკოსებს მცენარისთვის ლედ განათების საკუთარი ხელით აწყობა არ გაუჭირდებათ. ვიმეორებთ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ისეთი განათება უნდა შეარჩიოთ, რომელიც მცენარეს ყველაზე უკეთ შეეფერება. ძლიერ, ჯანსაღ ნერგს და უხვ მოსავალს გისურვებთ!