გრძელი და პირქუში ზამთრის შემდეგ ტიტის ყვავილობა გაზაფხულის პირველი ნათელი მოვლენაა. ყველა ელოდება ტიტების გაშლას და მისი სილამაზით ტკბობას. ყველა მებაღემ არ იცის, რა უყოს ტიტებს ყვავილობის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ამ ყვავილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. Paparazzi გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ტიტაზე ყვავილობის შემდეგ და შეინახოთ მომავალ გაზაფხულამდე.
პირველი ლოგიკური კითხვა: სჭირდება თუ არა ტიტებს გასხვლა? თუ გსურთ კოკრების ზომის შენარჩუნება, მაშინ ტიტები ყოველი ყვავილობის შემდეგ უნდა გასხლათ. ასე მომავალი ბოლქვი უკეთ მომწიფდება და ყველა აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს. არა მხოლოდ კოკორი, არამედ მთელი ღერო პირდაპირ ბოლქვთან უნდა გადაჭრათ. რამდენიმე დეტალი გაითვალისწინეთ. პირველ რიგში, დაელოდეთ ფურცლების გახმობას და ღეროდან მარტივად დაცვენას. მეორეც, მიწაში ბოლქვის მდებარეობა წინასწარ მონიშნეთ, რომ შემდეგ მისი ამოთხრა გაგიადვილდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გასხვლის ხელსაწყო სადეზინფექციო საშუალებით უნდა დაამუშავოთ. ანტისეპტიკით ან მარგანცოვკით გაწმინდეთ. შემდეგ კარგად გაამშრალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ყვავილი გადაჭერით.
ტიტების ცხოვრება ყვავილობის შემდეგ – მნიშვნელოვანია, ბოლქვს განვითარების სრული ციკლის დასრულება აცადოთ. ამისთვის მცენარის ზომიერად მორწყვა გააგრძელეთ. ბოლო მორწყვის შემდეგ ფოსფორის სასუქით გამოკვებეთ. გამოგადგებათ მინერალური სასუქიც, რომელშიც შედის მანგანუმი, თუთია და ბორი. ნაკელით არ გამოკვებოთ, რადგან ბოლქვები შეიძლება დალპეს. ქლორის სასუქისგანაც თავი შეიკავეთ. თუ ტიტის ფოთლები გაყვითლდა, მაგრამ არ დაჭკნა, გადაჭრა არ იჩქაროთ. დაე, გახმობის პროცესი ბუნებრივად დასრულდეს. ეს მნიშვნელოვანია, რომ ბოლქვები მომავალ გაზაფხულამდე შეინარჩუნოთ.
რომელი ტიტა უნდა ამოთხაროთ – გამოცდილი მებოსტნეები გირჩევენ, რომ ტიტები ყოველწლიურად ამოთხაროთ, თუ სახეობის შენარჩუნება გსურთ. ეს ეხება მწვანე, ფოჩიან და თუთიყუშა ჯიშებს. წინააღდეგ შემთხვევაში ჯიშის თვისებები დაიკარგება. ტიტების ნაადრევი და გვიანდელი ჯიშები 3 ან 6 წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ ამოთხაროთ. ასეთი სახეობებია: კაუფმანი, ფოსტერი, გრეიგი, ტრიუმფი და დარვინოვის ჰიბრიდები.
როდის ამოვთხაროთ ტიტა – ზოგიერთი მებაღე ტიტებს ყვავილობის შემდეგ დაუყონებლივ თხრის, მაგრამ ეს სწორი მიდგომა არაა. თუ მაშინვე ამოთხრით, ბოლქვის დაყოფას გამოიწვევთ. ამის გამო მომავალ წელს ნაკლებად იყვავილებს და მსხვილი ყვავილები არ ექნება. გირჩევთ, რომ ტიტების ამოთხრა ფოთლების სრული გახმობის შემდეგ დაიწყოთ. თავდაპირველად, ნაადრევი ჯიშები ამოთხარეთ, შემდეგ ჭკნობის მიხედვით საშუალო და გვიანდელი ჯიშები. ხშირად ტიტების ამოთხრა ივნისის მეორე ნახევარში ან ივლისის დასაწყისში ხდება. ფრთხილად ამოთხარეთ, რომ ბოლქვები არ დააზიანოთ. ეს მზიან ამინდში გააკეთეთ. თითოეული ბოლქვი ობსა და ლპობაზე შეამოწმეთ. გაფუჭებული ბოლქვები გადაყარეთ. ჯანმრთელი ბოლქვები მარგანცოვკის ხსნარით დაამუშავეთ და ღია ცის ქვეშ კარგად გააშრეთ. მზის პირდაპირ სხივებს აუცილებლად მოარიდეთ. ასეთი ბოლქვები შესანახად მზადაა.
როგორ შევინახოთ ბოლქვები – დამუშავებული და გამხმარი ბოლქვები გაიტანეთ გრილ, მშრალ ოთახში, სადაც კარგი ვენტილაციაა. 1 თვის განმავლობაში 23-25 გრადუსი ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოთ. შემდეგ თანდათან შეამცირეთ. ოპტიმალური ტემპერატურია სექტემბრამდე – 15-17 გრადუსი. დათესვამდე ტემპერატურა კვლავ გაზარდეთ. ბოლქვები სწორი შენახვისას შემოდგომის დარგვამდე თავს კარგად გრძნობს. უკვე იცით, როგორ იზრუნოთ ტიტებზე ყვავილობის შემდეგ. ახლა შეცდომებს არ დაუშვებთ და თქვენი ტიტა მომავალ გაზაფხულზე დიდებულად აყვავილდება.